Home » ფინანსები » ნავთობიმპორტიორები ქვეყანაში მაღალი ფასების “გაპრავებას” ცდილობენ
ნავთობიმპორტიორები ქვეყანაში მაღალი ფასების "გაპრავებას" ცდილობენ

ნავთობიმპორტიორები ქვეყანაში მაღალი ფასების “გაპრავებას” ცდილობენ

ქართულ საწვავის ბაზარზე არსებულ ხარვეზებზე უკვე წლებია საუბრობენ სხვადასხვა ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები. როგორც არაერთი კვალიფიციური ორგანიზაციის კვლევები აჩვენებს, ბაზარზე თითქმის მუდმივად ხდება, სხვადასხვა სახის დარღვევები და ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასი მუდმივად არის აცდენილი საერთაშორისო ტენდენციებს.

ამის საპირწონედ, გასულ კვირას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა, გამოაქვეყნა მონაცემები, რომელშიც ადგილობრივი საწვავის ფასი შედარებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ საწვავის ფასს. მაგალითად, სომხეთში ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი 2.20 ლარის ექვივალენტი ღირს, იგივე ტიპის საწვავის შეძენა უკრაინაში 2.63 ლარის ექვივალენტად არის შესაძლებელი, თურქეთში ერთი ლიტრი პრემიუმის ფასი 3.79 ლარს აღწევს. რაც შეეხება მომპოვებელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და რუსეთს იქ საწვავის ფასი გაცილებით დაბალია და აზერბაიჯანში ერთი ლიტრი რეგულარის შეძენა 1.30 ლარად შეიძლება. რუსეთში კი იგივე ტიპის საწვავი 1.68 ლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარის ფასი საშუალოდ 2.3 ლარი ღირს – აღნიშნულ სტატისტიკას არ ეთანხმებიან ეკონომისტები. როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი  განმარტავს, ეს არაფერია თუ არა უბრალოდ ციფრებით მანიპულაცია.  

“ბაზარზე წლებია დარღვევები არსებობს და ეს ახალი არავისთვისაა, ამ დარღვევების პარალელურად, მუდმივად ვისმენთ კომპანიებისა და მათი ლობისტების მხრიდან თავის მართლების მცდელობებს. აღნიშნული მონაცემებიც არაფერია, თუ არა ციფრებით მანიპულაცია, რომლითაც მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობენ. თუ თითოეული ქვეყნის მონაცემებს ჩავშლით, ნათლად დავინახავთ, რომ საქართველოში საწვავზე ფასი არა თუ დაბალი, არამედ ისევ მართული და საკმაოდ მაღალია. მაგალითად, არსებული მონაცემების მიხედვით, უკრაინაში არსებული საწვავის ფასი დაახლოებით 14%- ით აღემატება, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ფასს. მაგრამ, აქ გასათვალისწინებელია უკრაინაში არსებული ინფლაციის დონე 13.7, რომელიც 100%-ზე მეტით აღემატება ჩვენ ქვეყანაში არსებულ ინფლაციის მაჩვენებელს. კიდევ ერთი ქვეყანა რომელთანაც არის შედარებული საქართველო, გახლავთ თურქეთი სადაც, ასევე მნიშვნელოვნად არის ფასების საერთო დონე გაზრდილი.

დეკემბრის მონაცემებით თურქეთში თითქმის 12 %-ნი ინფლაცია ფიქსირდება, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ჩვენთან ინფლაციის მაჩვენებელი 6.7% არ აღემატებოდა. რაც შეეხება მომპოვებელ ქვეყნებს, მათი შედარება იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანასთან არ არის მართებული, ვინაიდან სრულიად განსხვავებული ფასწარმოქმნასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა ბაირახტარმა.  

ბაირახტარმა არსებულ ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღისთვის ყველა გარემო პირობა არსებობს, რათა კომპანიებმა ფასები შეამცირონ.

“სულ ცოტა ხნის წინ კომპანიები თავს იწონებდნენ იმით, რომ მსოფლიოში ნავთობზე ფასების მატების მიუხედავდ, ისინი ადგილობრივ ბაზარზე ფასებს არ ზრდიდნენ, თუმცა ამ პერიოდში ნავთობის გაძვირების პარალელურად, მკვეთრად მყარდებოდა ლარი და ბაზარზე არა თუ საწვავის გაძვირების, არამედ გაიაფების საშუალებასაც კი იძლეოდა, რომელიც მცირე კომპანიებმა გამოიყენეს კიდეც. დღეს მსოფლიო ბირჟებზე გვაქვს ნავთობის გაიაფების ტრენდი, დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ბარელის ფასი 6 დოლარით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტა კი ერთი თვის მანძილზე, თითქმის 15 თეთრით გამყარდა. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ეს ფაქტორები სავსებით საკმარისი იქნებოდა, რათა ფასები საწვავზე მნიშვნელოვნად დაკორექტირებულიყო. თუმცა, ჩვენთან როგორც ვხედავთ სხვადასხვა ციფრების მანიპულაციებით ცდილობენ მაღალი ფასების გამართლებას”, – აღნიშნა ბაირახტარმა.

საწვავის ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ ჭარაია.

“ჩემი აზრით, დღესაც და უკვე წლებია, რაც საქართველოში საწვავის ფასი ჯანსაღად არ ფორმირდება და ეს ფასები კონკურენტუნარიანი ნამდვილად არ არის. შედარება სომხეთთან და უკრაინასთან შესაძლებელია, თუმცა არც ეს ქვეყნები გამოირჩევიან, რაიმე დემოკრატიის მაღალი პრინციპებით, ბიზნესის კეთებით და სამართლიანობით, ამიტომ ძალიან გამიჭირდება უკრაინაზე და სომხეთზე დაყრდნობით ვიმსჯელო, იმაზე თუ რამდენად სამართლიანია ბენზინის ტარიფი საქართველოში.

ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ  ბაზარზე დაკვირვებიდან გამომდინარე, ფასები არ იცვლებოდა იმ პროპორციით როგორც მსოფლიო ბაზარზეა. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ფასები ზედმეტად არის გაბერილი.  სომხეთზე და უკრაინაზე კი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ გამოირჩევიან ეს ქვეყნები გამჭვირვალობით, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ა.შ.  კიდევ უფრო მეტი კორუფცია და კიდევ უფრო მეტი გაუმჭვირვალობაა ამ ქვეყნებში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენნაირი ფასები მოქმედებდეს ან ჩვენზე მეტი ღირდეს ამ ქვეყნებში ბენზინის ფასი”, – ამბობს ჭარაია.

შაკო კაპანაძე

Share