Home » ეკონომიკა » ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია – ბაზრები დივერსიფიცირებულია – მოსავლის ხარისხი მაღალი
ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია - ბაზრები დივერსიფიცირებულია - მოსავლის ხარისხი მაღალი

ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია – ბაზრები დივერსიფიცირებულია – მოსავლის ხარისხი მაღალი

ქართული ციტრუსი ევროკავშირის ბაზრებზე გასვლას ვერც წელს ახერხებს

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ წელს მაღალი ხარისხის მოსავლის ტენდენციაა, რაც ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობებს ზრდის.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება. ტრადიციულ ბაზრებს წელს შეემატება ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი და სლოვენია.

მათივე ინფორმაციით, 25 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 2,662 ტონა შეადგინა. უწყების ინფორმაციით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა (387.1ტონა), რუსეთი (1.574 ტონა), სომხეთი (617.9 ტონა), ლატვია (40.6 ტონა), აზერბაიჯანი (22.0 ტონა), სინგაპური (0.1 ტონა).

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარე წელს სარეალიზაციო ფასები საკმაოდ მაღალია და საექსპორტო გასაღების ბაზრების რაოდენობაც გაზრდილია.

“ნარინჯისფერი რთველი აჭარაში აქტიურ ფაზაშია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროცესი ჩავატაროთ წარმატებით. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, ტრადიციულ ბაზრებთან ერთად გვაქვს რამდენიმე ახალი საექსპორტო მიმართულება, მათ შორის სინგაპური, სლოვენია და ყატარი. ფასები არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რათა თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავლები და ნარინჯისფერი რთველი წარმატებით წარიმართოს აჭარაში”
, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად, ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. მისივე თქმით, კარგი შედეგები ფიქსირდება გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხითაც.

“ციტრუსის ხარისხის გათვალისწინებით, 2019 წელი ფერმერებისთვის გამორჩეულად წარმატებული იქნება. მანდარინის კრეფის სეზონი ინტენსიურ ფაზაში შედის, ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული კულტურა, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული აჭარის და გურიის მოსახლეობის შემოსავლები და მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, აჭარაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს ხარისხიანი მოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ფასებთან. კარგი შედეგები გვაქვს ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა მოთხოვნა გაზრდილია შუა აზიაში, დაინტერესებაა ბელორუსიდანაც; ბაზრების გეოგრაფია იზრდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გათვალისწინებული აქვს სუბსიდირება იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. მისივე თქმით, ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მოსახლეობას ჩაბარების პრობლემა არ შეექმნას. საწარმოები სრულ მზადყოფნაშია, რომ მანდარინის დაბინავების პროცესმა რიგების გარეშე ჩაიაროს, რისთვისაც ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უკვე მოქმედებს ციტრუსის გადამამუშავებელი 25 საწარმო. მაგალითად, შპს ,,ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წელს გეგმავს 1000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსის მიღებას და 2000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებას, რომლისგანაც დამზადდება კონცენტრირებული წვენი.

დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 7 900 ტონა სტანდარტული მანდარინი. წელს ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა.

წარმატებული ტენდენციების პარარელურად, უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული ციტრუსისთვის ევროკავშირის მაღალგადახდისუნარიანი ბაზარი აუთვისებელია და იქ ქართული წარმოების ციტრუსი ექსპორტზე წელსაც არ გადის.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძს თქმით, ამ ეტაპზე ხელშეკრულებები ექსპორტიორებსა და რომელიმე ევროპულ კომპანიას შორის გაფორმებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი. იქ არის ესპანეთის და იტალიის ბაზრები, იქედან უფრო მარტივია გასვლა ევროპის ბაზრებზე, ასევე ლიდერობს ჩინეთი, მას შეუძლია მოამარაგოს ყველა ქვეყანა. ჩვენ გვინდა შევიდეთ კონკურენციაში, მაგრამ, ძირითადად, ტრადიციულ ბაზრებზე ვართ ორიენტირებული,” – აცხადებს ტიტე აროშიძემ.

წელს, აჭარის რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ფასს, წელს კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს. გარდა ამისა, არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიის სახით თანხას წელსაც გადაუხდის.

სანდრო პირველი

Share