Home » საზოგადოება » „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გაუაზრებელი და არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გაუაზრებელი და არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გაუაზრებელი და არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა ადამიას განცადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს და არაკვალიფიციურ განცხადებას აკეთებს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, შინაარსობრივად გაუაზრებელი და არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნა მიწოდებული საჯარო ინფორმაცია, რომელიც ასახავს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის და ბათუმის პორტის საზღვრის კვეთის მონაცემებს. აღნიშნული სტატისტიკის წარმოებაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს არათუ 140 000 ლარი, არამედ ერთ თეთრიც არ გადაუხდია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოყვანილ მონაცემებს, ვფიქრობთ, ტერმინებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემა, ვინაიდან საუბარია არა ტურისტზე, არამედ, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრებიდან შემოსულ ვიზიტორებზე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2017 წლის განმავლობაში აჭარის ადმინისტრაციული საზღვრები (ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სარფის საბაჟო, ბათუმის პორტი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, გადმოკვეთა 1 513 533 საერთაშორისო ვიზიტორმა რაც 6.9% მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის მონაცემების გათვალისწინებით, რეგიონში 2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების ზრდა არის 61%. რაც შეეხება, სხვადასხვა ტიპის კვლევებს, რომლებსაც უკვეთავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ის წარმოადგენს აუცილებლობას, მაგალითად: „ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა“ , „ტურისტთა განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევა“, „უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის შესწავლა“ და ა.შ აღნიშნული კვლევების გარეშე, შეუძლებელია რეგიონში სერვისის გაუმჯობესება, საერთაშორისო (სულ 16 ქვეყანა) და შიდა ბაზრებზე ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოება. მაშინ როცა ზაფხულის სეზონისთვის მზადებას იწყებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი,“ ნაციონალურ მოძრაობას“ ტრადიციად ექცა ისეთი განცხადებების კეთება, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები როგორც ადრე, ისე ახლაც შინაარსობრივად არ არის გააზრებული და მათთვის სასურველი არასწორი ინტერპრეტაციით არის გადმოცემული”,- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა ლაშა ადამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ჩამოსული ვიზიტორების შესახებ არასწორ სტატისტიკას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვიზიტორთა რაოდენობას ხელოვნურად ზრდის და მოსახლეობას ატყუებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აბსურდული სტატისტიკის წარმოებაში ყოველწლიურად 140 000 ლარს ხარჯავს.

Share