Home » საზოგადოება » ,,მზარდია იმ ფიზიკური პირების წილი, რომელთაც შემოსავალთან მიმართებაში ვალის არაპროპორციულად მაღალი ტვირთი აქვთ”
,,მზარდია იმ ფიზიკური პირების წილი, რომელთაც შემოსავალთან მიმართებაში ვალის არაპროპორციულად მაღალი ტვირთი აქვთ"

,,მზარდია იმ ფიზიკური პირების წილი, რომელთაც შემოსავალთან მიმართებაში ვალის არაპროპორციულად მაღალი ტვირთი აქვთ”

ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენებზე, ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივებზე,  საფინანსო-საბანკო სფეროს პრობლემატიკაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  ,,ბანკები და ფინანსებს”  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ექსკლუზიურად ესაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

– საუბარი დავიწყოთ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, რაც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას გულისხმობს და, ამასთან, მოსახლეობის ნაწილს სესხის აღებას უზღუდავს. რამდენად აუცილებელი იყო ახალი რეგულაციების ამოქმედება და რეალურად არის თუ არა ქვეყნისთვის ჭარბვალიანობა ის პრობლემა, რომელიც ასეთ ხისტ ჩარევას საჭიროებდა?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჭარბვალიანად ითვლება შინამეურნეობა, თუ მისი შემოსავალი არ არის საკმარისი, რომ მოემსახუროს ვალს ფინანსური პრობლემების ან/და ცხოვრების პირობების მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე. იმ შემთხვევაში, როდესაც შინამეურნეობების ჭარბვალიანობა სისტემურ ხასიათს იძენს, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, წარმოიშვება ფინანსური პრობლემები. ერთი მხრივ, შინამეურნეობების ჭარბვალიანობის ზრდა უფრო მოწყვლადს ხდის ფინანსურ სისტემას საგარეო შოკების მიმართ. ხოლო, მეორე მხრივ, ჭარბვალიანობის გამო საგრძნობლად გაუარესებული ცხოვრების სტანდარტები წინაპირობას ქმნის პოლიტიკური არასტაბილურობისთვის. ამას ადასტურებს საერთაშორისო გამოცდილება მაგ. ლიტვის, ესტონეთის, ესპანეთის, ბრიტანეთის და სხვათა ისტორიული გამოცდილება.

საქართველოს შემთხვევაში, შინამეურნეობების ჯამური დაკრედიტება მშპ-ს 35%-ის ფარგლებშია და იგი მცირედით აღემატება შესადარი ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს.

ასევე, გასათვალისწინებელია ორი გარემოება: შინამეურნეობების დავალიანება ბოლო წლებში საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება; და, რაც კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების წილი, რომელთაც შემოსავალთან მიმართებაში ვალის არაპროპორციულად მაღალი ტვირთი აქვთ.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის საკრედიტო რესურსი ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა ისე, რომ დაცული იყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტიც.

ამდენად, ღონისძიებების მიზანია, რომ სესხის აღება მოქალაქისთვის არ იწვევდეს მისი კეთილდღეობის გაუარესებას და ჯამურად არ ქმნიდეს სისტემურ რისკებს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ღონისძიებები.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანების” #530-ე ნომერში

Share