Home » ბიზნესი » MYVIDEO.GE-მ ექვსი ქართული არხი გათიშა
MYVIDEO.GE-მ ექვსი ქართული არხი გათიშა

MYVIDEO.GE-მ ექვსი ქართული არხი გათიშა

MYVIDEO.GE-მ ექვსი ქართული არხი – „რუსთავი 2-ი“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯი-დი-ეს-ი“, „კომედი არხი“ და „მარაო“ გათიშა. არხები უკვე მე-2 დღეა რაც გათიშულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსთან“  MYVIDEO.GE-ს ადმინისტრაციაში კომენტარი არ გააკეთეს,  თუმცა  აღნიშნეს, რომ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

სავარაუდოდ, ეს ქმედება უკავშირდება, ქართული სატელევიზიო სივრცის 6-ი ტელეარხის მოთხოვნას, რომ მათ ტრანსლირებაში MYVIDEO-ს თანხა გადაეხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში MYVIDEO.GE-მ ამ არხებსა და მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციასთან „მედია რაითს ჯორჯიასთან” სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ განაცხადა.

აღნიშულ ვარაუდს ამტკიცებს “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას “ფეისბუკ” პოსტიც, სადაც ის წერს: “მეგობრებო, საიტმა myvideo.ge, ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნის სანაცვლოდ, გადაეხადა ჩვენი კონტენტისთვის, ამოიღო რ2 არხების ნუსხიდან”.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან” წერილი მიიღო, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების – „იმედი”, „რუსთავი 2″, „ჯიდიესი”, „მარაო”, „კომედი არხი”, „მაესტრო” კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.

წერილში „მედია რაითს ჯორჯია” ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებს აღნიშნული ორგანიზაციისთვის უნდა მიემართათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებოდათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება.

Share