Home » ეკონომიკა » მთავრობამ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
მთავრობამ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

მთავრობამ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

 დღევანდელი მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ დაამტკიცა კანონის პროექტი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლის თანახმად, 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანება 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ჩამოეწერებათ იმ კომპანიებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ.

საუბარია 30 ათასამდე კომპანიაზე, რომლებსაც ჯამურად 550 მლნ ლარამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულება ,,საქართველოს  სახალხო დამცველის აპარატისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ”, რომლის თანახმად, სახალხო დამცველს შენობის იჯარისთვის 514 845 ლარი გამოეყო.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნეს შერჩეული. პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი ეტაპის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

Share