Home » ბიზნესი » მთავრობამ ონლაინ აზარტული თამაშები საგულდაგულოდ მიივიწყა
მთავრობამ ონლაინ აზარტული თამაშები საგულდაგულოდ მიივიწყა

მთავრობამ ონლაინ აზარტული თამაშები საგულდაგულოდ მიივიწყა

ონლაინ აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთავრობამ უკან მეორედ დაიხია. “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე აზარტული თამაშების შეზღუდვის პირობა დადო, თუმცა ძლიერი ლობისტების წყალობით ამ დაპირების შესრულება ვერ მოახერხა. მოგვიანებით, პრემიერის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პარლამენტში მისულმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ინტერნეტკაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაცია დაწესდებოდა. “რეზონანსითვის” ცნობილი გახდა, რომ ორ კვირაში მზად იქნება შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.

დეპუტატების უმრავლესობა ონლაინ აზარტული თამაშების მკაცრ რეგულაციას ემხრობა თუმცა რამდენად მოახერხებენ საკითხის ბოლომდე გატანას, ეს ძნელი სათქმელია. აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და გავლენიანი ბიზნესია, რომლის ბრუნვა, გავლენასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციის ინფორმაციით, 2011 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა – 366 მილიონი ლარი იყო, 2012 წელი – 996 მილიონი ლარი, 2013 წელი – 1213 მილიარდი ლარი, 2014 წელი – 2.032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით – 1.353 მილიარდი ლარი. დღეს აზარტული თამაშები არის სენი, რომელსაც ყველა უფრთხის და ყველა ეტანება.

აფბა-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას შედეგი არ მოჰყოლია. მართალია ხელისუფლებაში ონლაინ თამაშებზე აღარ საუბრობენ, მაგრამ ასოციაცია სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ ბიზნესის ჩარჩოებში მოსაქცევად ამზადებს კანონპროექტს, რომელიც 2 კვირაში უნდა დასრულდეს. აფბა მოითხოვს 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების უფლებას, რათა პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი განიხილოს.

ზურაბ კუკულაძის განცხადებით, თუკი მთავრობა მოინდომებს ონლაინ თამაშების რეგულირებას, რთული იქნება და ამის კარგი მაგალითი არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში. “ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აზარტული თამაშები მეტ-ნაკლებად რეგულირებულია. ზოგ ქვეყანაში მკაცრი ნორმებია გამოყენებული, ზოგან შედარებით მსუბუქი, თუმცა რეგულირების გარეშე ეს ბიზნესი არსად არსებობს. თუკი მთავრობა მოისურვებს, ამ ბიზნესისთვის ახალი წესების განსაზღვრა არც საქართველოში იქნება რთული”, – ამბობს კუკულაძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მზად არის, რომ ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირების საკითხს მხარი დაუჭიროს.

“მე, როგორც მოქალაქე, ყველანაირ აზარტულ თამაშს ავკრძალავდი. ესაა ჩემი პირადი პოზიცია. თუ შემოვა კანონპროექტი, კომიტეტი ამ თემაზე იმსჯელებს. ჩვენ გვქონდა მცდელობა. აზარტული თამაშების ბიზნესისთვის გარკვეული რეგულაცია შეგვემუშავებინა, მაგრამ გამოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებთანაც პოზიციების შეჯერება ვერ მოვახერხეთ”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

დეპუტატის, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის აზრით, ონლაინ-თამაშების რეგულირება აუცილებლად უნდა მოხდეს, ვინაიდან თავისუფალი ინტერნეტაზარტული სამყარო ბევრ ადამიანს უქმნის პრობლემას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს.

“ონლაინ თამაშებმა ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი სერიოზულად დააზარალა. მართალია ასაკობრივი ზღვარი არსებობს, მაგრამ ინფორმაციის გაყალბებით არასრულწლოვან ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია დარეგისტრირება და თამაში. საბოლოოდ ვიღებთ სავალალო შედეგს. ამიტომ აუცილებელია, ამ სფეროში მთელი რიგი შეზღუდვის შემოღება, რათა მომავალ თაობებს ასეთი სერიოზული პრობლემა არ ჰქონდეთ. სიამოვნებით გავეცნობი კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შემოვა”, – აცხადებს აბაშიძე.

აფბა-ში ამბობენ, რომ ონლაინ-თამაშებზე მკაცრი შეზღუდვა რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს, ვინაიდან ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, იგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ასოციაციის მიერ ჩატარებული მოკვლევით, მხოლოდ ონლაინ თამაშებში ყოველდღიურად საქართველოს 400 000 მოქალაქეა ჩართული.

“ამჟამად საქართველოში არ ხდება მოთამაშის სრულყოფილი იდენტიფიცირება, მისი შემოსავლების, ასევე სათამაშო ბიზნესის ბრუნვის სრულყოფილი ანალიზი, დარგის განვითარების ეკონომიკური მიზანშეწონილობა, სოციალური სიმწვავის რეალური გააზრება. არ არსებობს ონლაინ სათამაშო ბიზნესის ბრუნვის დათვლის სრულყოფილი მექანიზმი”, – აცხადებს ზურაბ კუკულაძე და დასძენს, რომ ონლაინ თამაშების ფისკალური და ეკონომიკური ეფექტი არის ნული.

საქმე ისაა, რომ სათამაშო ბიზნესი სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, ანუ ეს სფერო ბიუჯეტში იხდის მხოლოდ მოსაკრებლებს (5 წელიწადში ერთხელ), ხოლო ონლაინ თამაშების ორგანიზებისთვის დამატებითი გადასახადი არ არსებობს.

“ეს ნიშნავს, რომ ამ ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს, ანუ მათგან ბიუჯეტში გადასახადი, პრაქტიკულად არ შედის. ვინაიდან აზარტული თამაშები ინტერნეტ სივრცეში მაქსიმალურად ადაპტირებული გახდა, გაიზარდა მისი ხელმისაწვდომობა. ამ სექტორში გადადის ისეთი ფინანსური რესურსი, რომელიც, ჩვეულებრივ შემთხვევაში, ბიზნესის სხვა სექტორებში წავიდოდა. შესაბამისად, ირღვევა ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი, ვინაიდან ეს ფული ვარდება ეკონომიკიდან და გაურკვეველი წარმოშობის ბიზნეს სუბიექტების ანგარიშებზე ილექება”, – აცხადებენ ასოციაციაში.

დღესდღეობით ინტერნეტ-კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას, რომ არასრულწლოვანი მომხმარებელი ყალბი ან სხვა პირის მონაცემებით დარეგისტრირდეს. ამასთანავე, ონლაინ-თამაშები სხვა დამატებითი რისკის მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებასა და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოყენებაზე.

წყარო: რეზონანსი

Share