Home » ეკონომიკა » მთავრობამ ბანკების წინააღმდეგ პირველად გაილაშქრა
მთავრობამ ბანკების წინააღმდეგ პირველად გაილაშქრა

მთავრობამ ბანკების წინააღმდეგ პირველად გაილაშქრა

ფინანსთა მინისტრის განცხადების შემდეგ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში დიდ ცვლილებებს ელოდებიან

რეალური სექტორისა და, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკისადმი ბანკების ნეგატიური დამოკიდებულება ბოლოს და ბოლოს მთავრობამაც დაადასტურა. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირდაპირ დაადანაშაულა საბანკო სისტემა ეკონომიკის დამუხრუჭებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფინანსო სექტორმა მთავრობისგან მწვავე დარტყმა იგემა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ეკონომიკაზე ბანკების გავლენა შემცირდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება.

“მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა.

“დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება დაახლოებით 300 კომპანიის მიერ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საფინანსო სექტორშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა.

საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. მას ეწოდება “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა”, რაც გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას”, – განაცხადა ბახტაძემ.

“რეზონანსი” შეეცადა, ამასთან დაკავშირებით ბანკების ასოციაციის პოზიცია გაეგო, თუმცა ორგანიზაციაში გგვითხრეს, რომ ფინანსთა მინისტრის მორიგ განცხადებას ელოდებიან. ასოციაციაში ეჭვობენ, რომ მამუკა ბახტაძის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს პოზიციას, უწყებისგან დამატებითი კომენტარი ვერ მივიღეთ.

საფინანსო და საბანკო სფეროს სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ეკონომიკისთვის პრობლემად ქცეულ ბანკებს ამიერიდან მაინც მოუწევთ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა და რეალური სექტორის დაკრედიტებაზე დათანხმება, რასაც წლების განმავლობაში ბლოკავდნენ.

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ბერძენაძე ელოდება, რომ ბანკები ბიზნესის განვითარების მიმართულებით რაღაც ძვრას მოახდენენ.

“რასაც დიდი ხნის წინ ვამბობდით, მთავრობამ მხოლოდ ახლა დაადასტურა, რაც ძალიან კარგია. ფინანსთა მინისტრმა სწორი პოზიცია დაიჭირა, როცა განაცხადა, რომ ბანკები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ამუხრუჭებენ.

რაღაც ახალი ერა იწყება ქვეყანაში, როცა ბანკების ხელში აღარ უნდა იყოს მთელი დოვლათი. საჭიროა, შემუშავდეს მექანიზმი, რაც ეკონომიკას განავითარებს. დღესდღეობით ყველაფერი ბანკების ხელშია მოქცეული, მოსახლეობის უმრავლესობა სასესხო ვალდებულებებში ჩაეფლო, მცირე და საშუალო ბიზნესი ჩაკვდა და აღარ არის ფიქრი განვითარებაზე. ამ დროს ბანკებს ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი აქვთ.

მინისტრის განცხადება პირდაპირ არის სიგნალი, რომ იქნება რაღაც ძვრა ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საპროცენტო განაკვეთების კუთხით რაც ხდება, გაუგონარია. მოხარული ვარ, თუკი მთავრობა ეკონომიკაზე ბანკების გავლენას შეამცირებს. ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და მონაპოვარი იქნება.

ბანკები უკვე იმდენად გაიზარდნენ, რომ პრობლემად გადაიქცნენ მთელი ეკონომიკისთვის. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ველოდები, რომ მათ მოუწევთ ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა და რეალური სექტორის დაკრედიტება, სხვანაირად ქვეყანა ჭაობიდან ვერ ამოვა”, – განუცხადა “რეზონანსს” ირაკლი ბერძენაძემ.

ანალოგიურ პოზიციაზეა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ჭარაია. მისი შეფასებით, თვითონ საბანკო სექტორი არ არის პრობლემა, მაგრამ მისი თამაშის წესები გაუმართავი და მიუღებელია.

“მინისტრი იზიარებს ექსპერტების პოზიციას, რომ საბანკო სექტორის არსებული სისტემა რეალურად ქართული ეკონომიკისთვის მუხრუჭია. საქმე არ გვაქვს კრიმინალთან, მაგრამ საბანკო სექტორის ქმედება ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამის შესახებ არაერთი კვლევა გვაქვს ჩატარებული, მათ შორის, თუ როგორია ბანკების მიერ გაცემული სესხების სტრუქტურა. ვხედავთ, რომ ფიზიკურ პირებზე გაცილებით მეტი სესხია გაცემული, ვიდრე ბიზნესზე. რეალურ წარმოებაზე კი კრედიტები, ფაქტობრივად, არ გაიცემა.

ბანკების დიდი მოგება მიღებულია ჯარიმებიდან და დარიცხული საურავებდან. ასეთი საბანკო სექტორი მხოლოდ თავის მოგებაზე ზრუნავს და ამით ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ერთი შეხედვით, არის ძლიერი ბანკები, მაგრამ ეს ხდება ეკონომიკის ხარჯზე და მათი განვითარების დონე დიდად უსწრებს ეკონომიკის განვითარებას. ასეთი რამ განვითარებულ ქვეყნებში წარმოუდგენელია.

საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად უნდა იზრდებოდეს და არა დამოუკიდებლად. თუკი ეკონომიკაში 3-4%-იანი ზრდაა, 5-ჯერ მეტია საბანკო სექტორის ზრდის მაჩვენებელი, რაც სრულიად ალოგიკურია”, – აცხადებს ჭარაია.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუაც ფინანსთა მინისტრის პოზიციას სავსებით იზიარებს. ამასთან დაკავშირებით მას არაერთხელ გამოუთქვამს აზრი.

“2018 წლის იანვარ-თებერვალში საბანკო სექტორის მიმართ შინამეურნეობების დავალიანება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 130 მილიონი ლარით, ხოლო იურიდიული პირების დაკრედიტება – მხოლოდ 16 მილიონით, ანუ ეროვნულ ვალუტაში შინამეურნეობების დავალიანების ზრდა იურიდიული პირების დაკრედიტების ზრდას 8-ჯერ აღემატება. აღნიშნულ პერიოდში უცხოურ ვალუტაში ფიზიკური და იურიდიული პირების დავალიანების ზრდა თითქმის თანაბარია, შესაბამისად, 19 და 20 მილიონი დოლარის ფარგლებში.

დაახლოებით 2010 წლიდან კომერციულმა ბანკებმა შემოიღეს სასესხო ხელშეკრულების ფორმულირების ისეთი პრაქტიკა, რომ ნებისმიერი იპოთეკური თუ არაიპოთეკური სესხის ამღები პირი კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი მისი ქონებით (და არამხოლოდ იმ ქონებით, რომელიც იპოთეკით არის დატვირთული). იქამდე ვითარება სხვაგვარი იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს კომერციულ ბანკებს უფრო თავისუფლად შეუძლიათ, გასცენ არაიპოთეკური მრავალათასიანი სესხები არაკვალიფიციურ მსესხებლებზე და მომსახურების შეფერხებისას დაეუფლონ მათ ქონებას”, – აღნიშნა დუნდუამ და არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. ერთ-ერთი გამოსავალი, მისი შეფასებით, უნდა იყოს ბანკებისთვის შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის აკრძალვა.

“სესხის მომსახურების ლიმიტი უცხოურ ვალუტაში, სასურველია, იყოს მსესხებლის შემოსავლის 20%, ეროვნულ ვალუტაში კი – 30%. რეგულაციის დამრღვევი ბანკი მკაცრად უნდა ჯარიმდებოდეს, ხოლო სესხის მომსახურების მნიშვნელოვანი შეფერხებისას მსესხებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებით და პირადი შემოსავლით. სხვაგვარი ფორმულირება სასესხო ხელშეკრულებაში უნდა აიკრძალოს. შესაბამისად, ბანკები გამოიჩენენ უფრო მეტ სიფრთხილეს ფიზიკური პირების დაკრედიტებისას”, – აღნიშნა დუნდუამ.

“რეზონანსი”
მარიკა გოგოხია

Share