Home » ბიზნესი » მთავრობამ ადგილობრივი წარმოების თუთუნსაც “დაარტყა”
მთავრობამ ადგილობრივი წარმოების თუთუნსაც "დაარტყა"

მთავრობამ ადგილობრივი წარმოების თუთუნსაც “დაარტყა”

მიმდინარე თვეში მთავრობამ თამბაქოს ბაზარზე კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა და, ამჯერად, აქციზის გადასახადით თუთუნიც დაბეგრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე, ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება. აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს “თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გადასახვევი თამბაქო, პრაქტიკულად, ერთადერთი პროდუქტი იყო, რომელსაც თამბაქოს ბაზრის მასშტაბური რეგულაციები, პრაქტიკულად, არ შეხებია. სწორედ აქედან გამომდინარე, მწეველთა დიდი ნაწილი, სწორედ ამ პროდუქტზე გადავიდა და მთავრობამაც, აღნიშნული სეგმენტის დარეგულირებაც ყველაზე მარტივი და უკვე, მისთვის კარგად ჩვეული მეთოდით ცადა.
თავის მხრივ, აღნიშნულ რეგულაციას მწეველების უკმაყოფილების გარდა, საპროტესტო ტალღა მოჰყვა ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც თამბაქოს მოყვანა-კულტივაცია აქტიურად მიმდინარეობს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაუფასოებელი თუთუნის დიდი წილი, სწორედ ადგილობრივი წარმოებისაა.

ოფიციალური ვერსიით, მთავრობა ამ ქმედებით, ისევ მწეველთა ჯანმრთელობის დაცვას ცდილობს, როგორც ეს იყო ყველა სხვა რეგულაციის დროს, რომელიც ბოლო წლებში თამბაქოს ბაზარზე განხორციელდა. სინამდვილეში კი მთავრობა ამ ქმედებით ცდილობს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან დატოვებული დეფიციტი შევსოს, რომელიც აგერ უკვე ბოლო რამდენიმე წელია, გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აქციზების ნაწილში გეგმა მხოლოდ 83%-ით შესრულდა და მაჩვენებელი 544 მლნ ლარს არ აღემატებოდა. მაშინ, როდესაც ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, აქციზიდან მთავრობა წლის პირველ ნახევარში 653 მლნ ლარს ელოდებოდა. აქციზიდან მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება 8 თვის მონაცემებითაც. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 8 თვეში, აქციზიდან 9%-იანი კლება ფიქსირდება. თუმცა, ეს მხოლოდ მიმდინარე წლის სტატისტიკა არ არის და მთავრობას თამბაქოს ნაწილში დანაკლისი მას შემდეგ აქვს, რაც აქციზის განაკვეთის ზრდა დაიწყო.

მაგალითად, თუკი 2017 წელს აქციზიდან შემოსული გადასახადები საშემოსავლო ნაწილის 16,1%-ს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 15,1%-ით განისაზღვრა. ამ მდგომარეობას მთავრობამ მხოლოდ ის დაუპირისპირა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს 82 მილიონი ლარით შეამცირა.

თუმცა, როგორც მონაცემები ცხადყოფს, ქვეყნის ბიუჯეტს თანხები მხოლოდ ადგილობრივი წარმოების თუთუნის გამო არ აკლდება. კვლევითი ორგანიზაცია ACT IMPACT-ის კვლევის მიხედვით, სიგარეტის არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან – წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 211% -ით არის მომატებული, ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა კი 148%-ით გაიზარდა.

კონტრაბანდის მნიშვნელოვან მატებას ადასტურებს ოფიციალური მონაცემებიც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.

თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის 3 კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი უკვე 48-მდე იყო გაზარდილი. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით კი 494 320 კოლოფი. 2018 წლის ივლის-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98 000 ლარს გადააჭარბა. მეტი თვალსაჩინოებისთვის – 2014 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა 48-ჯერ გაიზარდა და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. თუ მიმდინარე წლის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის თაობაზე.

სპეციალისტები შეფასებით, მთავრობა იმ გაუაზრებელი კანონის შედეგებს იმკის, რომელიც ”თამბაქოს შესახებ კანონი”-ის სახით მიიღო. ეკონომისტი და ”აფბა”-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ “თამბაქოს შესახებ კანონის” ამოქმედების შემდეგ, მთავრობას პოსტ-ფაქტუმ უწევს რეგულაციების მიღება, რათა გადაფაროს ის შედეგები, რომელიც ამ კანონმა მოიტანა.

“ზოგადად, ეს კანონი ეკონომიკურად იყო ძალიან გაუმართავი, თუმცა ვინც კანონს იცნობს დამეთანხმება, რომ კანონი განსაკუთრებით, მნიშვნელოვან პრობლემებს მცირე ბიზნესს უქმნიდა.

მოდით გავიხსენოთ რამდენიმე რეგულაცია, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა. მაგალითად, როდესაც მთავრობამ ფასების ზრდით გადაწყვიტა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მეც და ჩემი კოლეგებიც ვაფრთხილებდით, რომ ეს მოსახლეობის უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე გადასვლას გამოიწვევდა.

ეს ასეც მოხდა – საზოგადოება უფილტრო სიგარეტზე გადავიდა. ამას მთავრობამ ისევ უცვლელი მეთოდი დაუპირისპირა და აღნიშნულ პროდუქტზეც გაზარდა ფასები, ადვალური გადასახადით და აქციზების გათანაბრების გამოყენებით ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე.

ამის შემდეგ საზოგადოება კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე, გადასახვევ თამბაქოზე გადავიდა.
აღნიშნულის დარეგულირებაც, მთავრობამ ჩვეული მეთოდით სცადა და ისიც დაბეგრა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაიჩაგრნენ ის ადამიანები, ვინც ამ პროდუქტის მოყვანასა და კულტივაციას ეწევიან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ანუ, აქაც კანონმა ისევ ყველაზე გაჭირვებულ ფენას, ქართველ გლეხს დაარტყა.

ეს იმ პრობლემების სრული ჩამონათვალი არ არის, რომელიც ამ კანონპროექტმა მოგვიტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს უაზრო რეგულაციები კიდევ უფრო ცუდ შედეგებს უქადის ქვეყნის ეკონომიკას”, – ამბობს ბაირახტარი.

მთავრობის არაეფექტიან რეგულაციებზე საუბრობს ”ეისითი იმპაქტის” ანალიტიკოსი, ლიკა გოდერძიშვილი.

“ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ არამწეველების 67%-მა მოწევას თავი 2 წლის წინ დაანება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქცევაზე ახალ რეგულაციებს გავლენა არ მოუხდენია. თითქმის ყველა ამბობს, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რელიგია, ან შვილიშვილების თხოვნა იყო. რაც შეეხება აქტიურ მწეველს, მათი მესამედი აქტიურად აგრძელებს გასახვევი თამბაქოს მოხმარებას და ის, ვინც ჯერაც არ ეწევა გასახვევ თამბაქოს, მათი 16% ფიქრობს, რომ მომავალში თუთუნზე გადავა.

გარდა ამისა, საქართველოში თამბაქოს არალეგალური შემოდინება დღეს დიდი პრობლემაა, რადგან მეზობელ ქვეყნებში სიგარეტის ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე – ჩვენთან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მწეველი გამოსავლს, შედარებით იაფ და კონტრაბანდული თამბაქოს შეძენაში ხედავს”, – განაცხადა ლიკა გოდერძიშვილმა.

პაატა თურქია

Share