Home » ეკონომიკა » მთავრობა სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინებას უწყობს ხელს
მთავრობა სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინებას უწყობს ხელს

მთავრობა სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინებას უწყობს ხელს

“თუ ახალგაზრდა, რეპროდუქციული თაობა უცხოეთში გადაცხოვრდა, ქვეყანა როგორღა განვითარდება?”

საქართველოს მოსალეობის დიდი ნაწილი წლებია ემიგრაციაშია გადახვეწილი. მათი რაოდენობის ზრდას კი სახელმწიფო კიდევ უფრო ახალისებს, მას შემდეგ, რაც უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის სპეციალური ბაზის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. ამ პროცესის რეალურად განხორციელება ქვეყნიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას გამოიწვევს, ეს ეკონონიკაზე და დემოგრაფიულ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზის შესახებ საუბრობს.

“მუშაობა დაიწყება ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს საქართველოს მოქალაქე.

ჯერ მხოლოდ მესამე წელია ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტი დაიწყო. ქვეყანამ ჩამოაყალიბა მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც რამდენიმე უწყებას აერთიანებს. მაგალითად, შარშან გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა. ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში ადმინისტრატორისა და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნეებიც სჭირდებათ ზოგჯერ.

ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავაჩერებთ თუ ვინმეს სურს წასვლა და მერე იქ არალეგალად დარჩენა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია პოტენციური ემიგრანტებისა და უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ მათ გამგზავრებამდე წინასწარ მიიღონ ინფორმაცია.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამინისტროში წარმოადგინოს განაცხადი, გაიაროს კონსულტაცია და ჩვენ დავეხმარებით, რომ ეს ადამიანები არ აღმოჩდნენ კაბალურ პირობებში. ვმუშაობთ ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს”, – აღნიშნა “ბიპიენთან” საუბრისას ჯგერენაიამ.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შრომისუნარიანი, ჯანსაღი ეკონომიკური ძალის ქვეყანაში დატოვებაზე, მათ დასაქმებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სტატისკოსი სოსო არჩვაძე, მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას მიესალმება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების რეალობაშო მოყვანა საქართველოს ეკონომიკასა და დემოგრაფიას დააზარალებს.

გარდა ამისა, საჭიროა საზოგადოებას ზუსტად მიაწოდოს სახელმწიფომ ინფორმაცია ცირკულალურ შრომით მიგრაციაზე. ასეთ შემთხვევაში საზღვარგარეთ წავლენ ის ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს არ აქვთ ენის ბარიერი და შეძლებენ სასურველ ადგილზე დასაქმებას.

“საქართველოდან 1,8 მლნ ადამიანია გასული. აქედან უმეტესობა სამუშაოს საძებრად არის წასული. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, არსებობდა უფლება და კანონი მოქალაქების ლეგალური დასაქმებისა. გარკვეულწილად საჭიროა, სახელმწიფოს ჰქონდეს წარმოდგენა ეს ყველაფერი რა ფორმით ხდება და როგორ. ქვეყნებთან საჭიროა მუშაობა, სასურველი ხელშეკრულების მიღება. საქართველოდან ყველაზე მეტი შრომითი მიგრანტია წასული და ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის უფლებები.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს კომფორტულად და ჰქონდეთ სამუშაო ადგილები, თუმცა ეს უნდა მოხდეს ქვეყნის შიგნითაც. სამუშაო ძალის, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება, საქართველოს ეკონომიკურად და დემოგრაფიულ ჩიხში მოაქცევს. თუ ახალგაზრდა, რეპროდუქციული თაობა უცხოეთში გადაცხოვრდა, ქვეყანა როგორღა განვითარდება?” – განუცხადა “რეზონანსს” არჩვაძემ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო უვიზო რეჟიმის არსი და მას არალეგალური დასაქმებისთვის იყენებს. ამიტომ საჭიროა სახელმწიფომ მეტად იზრუნოს ხალხის ინფორმირებულობასა და ასევე ქვეყნის შიგნით დასაქმებაზე.

“მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა იფიქრა, რომ უვიზო რეჟიმი ნიშნავს უვიზო დასაქმებას და მიდიან იმ იმედით, რომ იქ სამსახურს იპოვიან და დარჩებიან. რეალურად ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა და პირი, რომელიც ამოწურული ვადის შემდეგ დარჩება უცხო ქვეყანაში, უნდა უზრუნველყოს მისი უკან დაბრუნება. დასაქმების პრობლემა თუ ლეგალური გზით მოგვარდება კარგი იქნება, ხოლო არალეგალების ზრდა ქვეყნის პრესტიჟზეც უარყოფითად მოქმედებს.

მეორე საკითხია ის, რომ მძიმე დემოგრაფიული ფონი და ემიგრაციის მაღალი დონე ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ქვეყანაში სოციალური პრობლემებია და ამის გამო ადამიანებს ურჩევნიათ უცხოეთში წავიდნენ. ცირკულარული მიგრაციის პროექტი შრომითი ძალის გადინებას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნის მომავალზე.

ეს არის ცუდსა და უარესს შორის არჩევნი. სახელმწიფოს ამ ეტაპზე ურჩევნია, რომ ის შეღავათები დააწესოს რასაც ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი გულისხმობს, ვიდრე უკანონოდ გასული ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდოს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას პაატა აროშიძემ.

წყარო: რეზონანსი

Share