Home » საზოგადოება » “მთავრობა დამტკიცებულია – დაივიწყეთ!”
"მთავრობა დამტკიცებულია – დაივიწყეთ!"

“მთავრობა დამტკიცებულია – დაივიწყეთ!”

რას მოასწავებს ახალი კაბინეტის პერსონალური შემადგენლობა და მთავრობის დაკომპლექტების პრინციპები

ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან

– ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით მთავრობის ფორმირების პროცესს, რას მოასწავებს მისი შედეგები?

– უწინარეს ყოვლისა, კიდევ ერთ ექსპერიმენტს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც პრემიერ ბახტაძის ინიციატივით მცირე მთავრობის პრინციპებზე გადასვლას გულისხმობს. თუმცა, კლასიკური გაგებით, ეს არ არის მცირე მთავრობა და არ მოჰყვება შესაბამისი შედეგები. ჩვენ არ შეგვიძლია საბავშვო კალამბურის პრინციპით ფორმირებულ მთავრობას სერიოზულად შევხედოთ. კალამბურს როცა ვამბობ, ვგულისხმობ პრინციპს: რამდენი სამინისტროა საჭირო ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რამდენი მინისტრი მთავრობაში. ამაზე პასუხს კი გვაძლევენ კალამბურით და მარტივი ვორდინგით – რათა 14, მაშ რამდენი? – 10. ან, გნებავთ, 11. და რატომ არ მივდივართ წინ და არ ვამბობთ – რათა 11? – მაშ, რამდენი? – ვთქვათ, 7. სხვა დასაბუთება, არგუმენტირებული და მკაფიო, მე არ მომისმენია. თუნდაც რატომ ვაერთიანებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებს ერთად? რა, ამ მიმართულებებით არსებული პრობლემები, რამდენადმე მაინც, გადაიჭრა? თან, ჯერ ამოიღეს მეცნიერება ამ ჩამონათვალიდან, მერე მიხვდნენ, რომ ეს არ შეიძლებოდა (ცუდად იქნებოდა გაგებული საზოგადოების მიერ) და ჩაამატეს მეცნიერება დასახელებაში. მაგრამ “გამორჩათ” “ახალგაზრდობა”, რომელიც ადრე ერთ–ერთი მიმართულება იყო. რატომ? – ახალგაზრდობის პრობლემა ზოგადადაც და კონკრეტულადაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მაღალია ახალგაზრდობაში უმუშევრობის დონე, მაღალია სხვადასხვა მიზეზით ქვეყნიდან ახალგაზრდების მიგრაცია, მაღალია დამნაშავეობა ახალგაზრდობაში, დაბალია უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების განათლების დონე, ქვეყანაში აღარ არის დიდი სწრაფვა განათლებისკენ და ასე შემდეგ. ეს ერთ მაგალითად.

აღარაფერს ვიტყვი, რომ საღ აზრს მოკლებულია ცალკე სოფლის მეურნეობის სამინისტროს არსებობა, გნებავთ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს ფუნქციები (და კიდევ კარგი, რომ ეს ფუნქციები მთავრობის ადმინისტრაციის ახლადშექმნილ დეპარტამენტში გადადის). ლაპარაკი უკვე არ ღირს იმაზე, რომ იქნებ თუ პატარა და ეფექტური მთავრობა გვინდა, რატომა არ ვაერთიანებთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს.

– რას იტყვით მინისტრების კომპეტენციაზე?

– ყველას თაობაზე ვერ მოგახსენებთ, რადგან მათი ნაწილი ჩემთვის უცნობია და პოლიტიკურ არენაზე პირდაპირ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე აქვთ დებიუტი. მთლიანობაში ეს ტექნოკრატების მთავრობაა, რითაც, ქვეყნის მასშტაბით, პოლიტიკის დეპოლიტიზების სტრატეგია გრძელდება, რაც ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, სწორი არ არის. მე მხოლოდ დადებითი აზრის ვარ პრემიერ მამუკა ბახტაძეზე. ამ მცირე მონაკვეთში, მან თავი გაგვაცნო, როგორც განათლებულმა, გონიერმა და გაწონასწორებულმა პიროვნებამ და იმედი მაქვს, მთავრობის წარმატებული პრემიერი იქნება. იმედი მაქვს იმისაც, რომ რაც ვერ შეძლო გიორგი კვირიკაშვილმა, ის მოახერხებს, ანუ რეალურად გახდება ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. იმედი მაქვს, გამოცოცხლდება მინისტრი სერგეენკო, რომელმაც საკმაოდ წარმატებული სტარტის შემდეგ, რატომღაც ჩრდილში გადაინაცვლა.

მთავრობაში პოლიტიკოსების ნაკლებობის პირობებში ორი წარმატებული პოლიტიკოსი მინისტრი იყო – კახი კახიშვილი (რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემა მოაწესრიგა) და სოზარ სუბარი (რომელმაც, რაც შეიძლებოდა დევნილებისთვის გაკეთებულიყო, გააკეთა). ორივე პარალელურ სივრცეში აღმოჩნდა. ერთს რეფორმების კოორდინაცია დაავალეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ამპლუაში, რომელიც რეალური ძალაუფლებით აღარ არის დატვირთული, აღარც სახელმწიფო კანცელარიაა და პრემიერის აპარატის ცალკე ჩამოყალიბების გათვალისწინებით, საერთოდ რეალური ფუნქციების გარეშე რჩება. და მეორე, – სოზარ სუბარი – ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წამოღებული რეგიონების მართვის დეპარტამენტის (ჯერ ჩამოუყალიბებელის) ხელმძღვანელად ინიშნება მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ყველაფრის მიზეზი და მიზანი მხოლოდ უფალმა და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იციან.

– ეკონომიკური ბლოკის მინისტრებზე და მათ ხედვებზე რას იტყვით?

–  ბუნებრივია, თქვენი გაზეთის პროფილიდან გამომდინარე, თქვენ ეს მიმართულებები უფრო გაინტერესებთ. თავიდანვე გეტყვით, რომ იქეთ უსიერი ტყეა. ჩემთვის, როგორც ანალიტიკოსისთვის და დამკვირვებლისთვის, გასაგებია და მისაღები ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მესვეურთა სურვილი, ორი ძალიან საპასუხისმგებლო არჩვენების წინ (საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო) უფრო საგნობრივად და კონკრეტულად დაინტერესდნენ სოციალური პრობლემებით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაგებია სოციალისტური იდეები და ფრაზეოლოგია, რომელიც პრემიერის და ეკონომიკური მიმართულების მინისტრების ნარატივში გამოსჭვივის. მე, როგორც ქართული ოცნების ამომრჩეველს, ეს მომწონს. მაგრამ, ვერ ვხედავ კორელაციას, ანუ კავშირს, ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზნად დასახვას და დოვლათის თანაბარ გადანაწილებას შორის. შესაძლოა, რაც შეიძლება მაღალი ეკონომიკური ზრდა თვითმიზანი არ უნდა იყოს, როგორც ეს ეკონომიკის ახალ მინისტრს გიორგი ქობულიას მიაჩნია, მაგრამ თანაბარ განაწილებაზე აქცენტირება ქართული რეალობისთვის შესატყვისი არ მგონია. შესაძლოა, რუსეთში, დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ასეთი მიდგომა ამართლებს, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს წიაღისეულის ექსპორტიდან ამონაგები მარაგები, მაგრამ საქართველოში ასეთი რესურსი არ არსებობს.

მე მომწონს მამუკა ბახტაძის ინიციატივები, რომლებიც მან მთავრობის დაკომპლექტებამდე გააჟღერა და მოსახლეობის ეფექტურ სოციალურ დაცვას გულისხმობს. მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ  ჭარბვალიანობაზე ზედმეტი პედალირება იწვევს მხედველობის არიდან იმ მარტივი ჭეშამრიტების გაქრობას, როგორიცაა ის გარემოება, რომ ჭარბვალიანობა კი არაა სიღარიბის მასშტაბების ზრდის განმაპირობებელი, არამედ თავად სიღარიბეა ჭარბვალიანობის მთავრი წყარო. ასეთ ვითარებაში, როცა ეკონომიკის მინისტრი დიდი ინვესტიციების და დიდი ქარხნის (პირობითად) წინააღმდეგ გამოდის, რადგან იგი პირდაპირ და მყისიერად არ აისახებაო ხალხის კეთილდღეობაზე, ეს მართებული მიდგომა არ მგონია.

– თქვენი მსჯელობიდან ჩანს, რომ მემარჯვენე ხედვების კვირიკაშვილის და მისი ეკონომიკური გუნდის მემარცხენე ხედვების ბახტაძით ჩანაცვლებას არ მიესალმებით.

– თუ ნებას მომცემთ, დავაზუსტებ. ახალი მთავრობა და მისი ხედვები უფრო მემარცხენე – ცენტრისტულია, უფრო ორგანული “ქართული ოცნების” მთავრობისთვის, რომელიც თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც სოციალისტური მიმართულების პარტია და ის თანამშრომლობს კიდეც ევროსოციალტებთან. მე ვფიქრობ, ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ლიდერების პოზიცია ლოგიკურია. ქვეყანაში, რომელშიც ამ მასშტაბების სიღარიბეა, მთავრობას მემარჯვენე ხედვების პრემიერი მეთაურობდეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, უხერხულობების შემცველია. ამიტომ, მამუკა ბახტაძის, ხოლო  ბოლო დღეებში გიორგი ქობულიას აქცენტები არ გამკვირვებია.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ არენაზე გამოსვლა პირდაპირ მინისტრის ამპლუაში, თორემ, ვიმედოვნებ, ეს მთავრობა წარმატებული იქნება. თუ ძველებზე აღარ გავაგრძელებ და ახლებზე ვიტყვი, ვგონებ, უმჯობესია. მივესალმები განათლების მინისტრის პოსტზე ძალიან გონიერი და მაძიებელი პიროვნების, მიშა ბატიაშვილის დანიშვნას, ფინანსთა მინისტრის პოსტზე გამოცდილი პროფესიონალის ვანო მაჭავარიანის მოსვლას. ქვეყანასაც და თითოეულ ჩვენგანსაც  ჰაერივით გვჭირდება მათი და მთელი მთავრობის წარმატება.

– თქვენ, როგორც აღნიშნეთ, მემარჯვენე ხედვებს გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს ცოდვად უთვლით. მაინც რამ განაპირობა მისი გადადგომა მთავრობის მეთაურის პოსტიდან?

– მე მაინც ვფიქრობ, რომ არა მისმა მემარჯვენე და პრობიზნესურმა ხედვებმა. ეს, ვფიქრობ, წინააღმდეგობათა და პრობლემების მთელმა ერთობლიობამ გამოიწვია. მე არ მჯერა, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო ბანკების ლობი, თუმცა წინააღმდეგობათა კვანძში რომ ვერ გაერკვა საფუძვლიანად, ცხადია. მაინც, ვფიქრობ, რომ გადადგომა ორი მეგა–თემით იყო გამოწვეული. ერთი ესაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და მეორე დარღვევები მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. იმაში, რომ ანაკლიის პროექტს “თიბისი ჯგუფი” ახორციელებს, უცნაური არაფერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში სხვა გავლენიანი ძალებიც არსებობენ, რომლებიც ამ პროექტით იყვნენ დაინტერესებულნი. განსაკუთრებით საფუძვლიანი დაინტერესება მოდიოდა ჩინელების მხრიდან. აქ ბიძინა ივანიშვილი რომ არაფერ შუაშია, ესეც ცხადია. მაგრამ ამ ინტრესების დაპირისპირებაში პრემიერ–მინისტრმა, როგრც ჩანს სწორად ვერ იმოძრავა…

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, – ინფრასტუქტურულ პროექტებს, რომლებშიც მხოლოდ მიმდინარე წელს მილიარდ სამასი მილიონი უნდა დაიხარჯოს და რომელთა განხორციელების პროცესში არსებული კორუფციის ნიშნებზე ღიად საუბრობდა მედიისა და არასამთავრობოების ნაწილი, ეს თემაც, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ცხადია, მასშტაბური კორუფციის დაშვების შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი “ქართული ოცნების”  შანსები ორ მომავალ მნიშვნელოვან არჩევნებში, ერთობ არასახარბიელო იქნებოდა.

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share