Home » ეკონომიკა » მთავრობა აქციზის გადასახადიდან დაგეგმილ შემოსავლებს ვერ იღებს
მთავრობა აქციზის გადასახადიდან დაგეგმილ შემოსავლებს ვერ იღებს

მთავრობა აქციზის გადასახადიდან დაგეგმილ შემოსავლებს ვერ იღებს

მიმდინარე წლის ექვს თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების ნაწილში 100.9%-ით შესრულდა. ბიუჯეტში 4.503 მლრდ ლარი შევიდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს 6 თვის ანგარიშში ვკითხულობთ.

უფრო დეტალურად კი ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადიდან დაახლოებით, 1 მლრდ 566 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 99.3%-ია, გეგმა თითქმის 97%-ით შესრულდა დღგ-ს ნაწილშიც. გადაჭარბებით შესრულდა გეგმა მოგების გადასახადის ნაწილში – მოგების გადასახადის სახით მიღებულმა შემოსავალმა 473 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 112.5%-ია.

გაცილებით დიდია ჩამორჩენა სხვა მიმართულებებზე, მაგალითად ბიუჯეტი ვერ შესრულდა, იმპორტის გადასახადის ნაწილში, საიდანაც ბიუჯეტმა 42 მლნ ლარი მიიღო, რაც გეგმის მხოლოდ 81%-ია. ასევე მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა აქციზის გადასახადის მიმართულებითაც, ამ ნაწილში ბიუჯეტმა მხოლოდ 544 მლნ ლარი მიიღო, რაც გეგმის 83%-ს არ აღემატება.

“აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი, მსგავს ჩამორჩენას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

“რაც შეეხება იმპორტის გადასახადს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოხდინა ლარის ბოლო რამდენიმე თვიანმა დევალვაციამ. უფრო კონკრეტულად ბოლო სამ თვეში ეროვნული ვალუტა თითქმის 20 პუნქტით გაუფასურდა, რამაც, ცხადია, გავლენა მოახდინა იმპორტის ნაწილზე. ამასვე ცხადყობს “საქსტატის” მონაცემები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის იავარ-ივნისში იმპორტი, თითქმის 5%-ით არის შემცირებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება აქციზების ნაწილს, მართალია ამ მიმართულებითაც მოქმედებს ვალუტის კურსი, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებთან გვაქვს საქმე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქციზის გადასახადს დაქვემდებარებული პროდუქტებიდან, მთავარი საიმპორტო საქონლის, ნავთობპროდუქტების იმპორტი გაზრდილია, მივდივართ სხვა პრობლემასთან, რასაც თამბაქოს შავ ბაზარს ვუწოდებთ და რომელიც მნიშვნელოვნად პროგრესირებს”, -ამბობს ბაირახტარი.

ბაირახტარმა კონტრაბანდულ რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ბაზრის მომძლავრება ლეგალურ ბიზნესს საფრთხეს უქმნის.

“საზოგადოებისთვის უფრო ნათელი რომ გავხადოთ, თუ რაზეა საუბარი რამდენიმე მონაცემს მოვიყვან. მაგალითად, არსებული მონაცემებით, თამბაქოს ინდუსტრია ბიუჯეტის საერთო შემოსავლების 10-% ავსებს. მაგრამ, თამბაქოს სფეროში განხორციელებული რეგულაციებისა და წლიდან წლამდე მზარდი კონტრაბანდული საქონლის პირობებში, რამდენად მოახდენს ეს ინდუსტრია ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორის როლის შესრულებას, რთული სათქმელია.

ცხადია, არცერთი სფერო არ უნდა იყოს სრულად დერეგულირებული, თუმცა ჩვენი ამოცანაა, ისეთი რეგულაციები შემოვიღოთ, რომელიც დაიცავს მომხმარებელს და არ შეაფერხებს ბიზნესს. ჩვენს რეალობაში კი მოხდა პირიქით, რეგულაციებმა საზოგადოებას უფრო მავნებელი პროდუქტისკენ უბიძგა ბიზნესი და ბიუჯეტი კი მნიშვნელოვან თანხებს კარგავს შავი ბაზრის მომძლავრებით.

მაგალითად, 2014 წლიდან 2016 წლამდე ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოტანა 48-ჯერ გაიზარდა და ეს პროცესი გრძელდება, თუ მიმდინარე წლის მონაცემებს ჩავხედავთ, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ქვეყანაში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანაზე. ეს არის ის თანხა, რომელიც ჩვენს ბიუჯეტს და ჩვენს ეკონომიკას აკლდება და ეს პროცესი შეუქცევადია. მსგავსი პრობლემა ნოღაიდელის პრემიერობის დროსაც დადგა, როცა ერთბაშად 50%-ით აწიეს აქციზის გადასახადი, მაშინ ამ პროცესმა კინაღამ ჩამოშალა ლეგალური ბიზნესი და ხელისუფლებამ მდგომარეობა აქციზის განაკვეთის შერბილებით მოთოკა. ზოგადად ასეა, შეუძლებელია შენს მოსაზღვრე ქვეყანაში კონკრეტული პროდუქტი 2-3 ჯერ უფრო იაფი იყოს და ამან კონტრაბანდული რისკები არ წარმოშვას”,- მიიჩნევს ბაირახტარი.

პეტრე ლეკიშვილი

Share