Home » ბიზნესი » მთავარია “მენავთობეები” იყვნენ კარგად
მთავარია "მენავთობეები" იყვნენ კარგად

მთავარია “მენავთობეები” იყვნენ კარგად

მთავარია “მენავთობეები” იყვნენ კარგად – რატომ შეუმცირა კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს  ჯარიმა 18 – ჯერ  

გასულ კვირას კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა და კომპანიებს თავდაპირველად გამოწერილი საჯარიმო თანხა თითქმის 18 – ჯერ შეუმცირა.

უფრო კონკრეტულად კი პირველი მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კონკურენციის სააგენტომ 5 კომპანია, საქართველოს კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და საერთო ჯამში 55 მლნ ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ხუთივე ბიზნესოპერატორმა სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კომპანიებისთვის არც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი და მათ სასამართლოს გადაწყვეტილება, ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრეს. საერთო ჯამში, დავები 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და კონკურენციის სააგენტოს კრახით დასრულდა.

თუ პირველმა ინსტანციამ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, შემდგომ ინსტანციებში, სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს მტკიცებულებები არასაკმარისად ცნო და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო, ასევე უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა. თუმცა, ახალი მოკვლევის შედეგები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა, პირველადი მოკვლევისგან, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიებისთვის გამოწერილ სანქციაზე, რომელიც ახალი მოკვლევით, თითქმის 18 -ჯერ შემცირდა.

უფრო კონკრეტულად კი როგორც თავდაპირველი, ასევე, მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული წარმოების მასალების ანალიზის შედეგად, სააგენტომ დაადგინა შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის”, შპს “რომპეტროლ საქართველოს”, შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯიას”, სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” და შპს “ლუკოილ ჯორჯიას” მიერ “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის “გ” ქვეპუნქტის (“კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი) დარღვევის ფაქტი. სააგენტომ ასევე დაადგინა შპს “რომპეტროლ საქართველოს”, შპს “ლუკოილ ჯორჯიას” და შპს “L ოილის” მიერ “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის დარღვევა – ფრენშაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხთან მიმართებაში.

თავდაპირველი დასკვნა და ბაზარზე არსებული გარემოებები

მოკვლევის დაწყებისას ნავთობიმპორტიორები ბაზარზე კოლოსალურად მაღალი 72-76-თეთრიანი მარჟით საქმიანობდნენ. თუმცა, ეს კონკურენციის კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ ის თუ რის ხარჯზე ახერხებდნენ ეს კომპანიები გაბერილი ტარიფებით ოპერირებას, ნამდვილად არღვევს, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონს. არსებობდა გონივრული ეჭვი იმისა, რომ აღნიშნული კომპანიები ბაზარზე შეთანხმებული ფასებით ოპერირების ხარჯზე ახერხებდნენ ბაზარზე არარეალურად მაღალი ფასის შენარჩუნებას. რაც საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მე-7-ე მუხლის, ა) ქვეპუნქტის, დარღვევაა. არსებულ ეჭვს აღრმავებდა ის გარემოებაც, რომ 5 წამყვანი ნავთობიმპორტიორი, რომელთაც სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა რაოდენობის მარაგები შემოჰქონდათ, კალენდარული სიზუსტით, ერთსა და იმავე დღეს ცვლიდნენ ფასებს საცალო ქსელში. კომპანიები ასევე დაჯარიმდნენ ამავე მუხლის ბ) და გ) ქვეპუნქტების დარღვევაში. რაც ბაზარზე ინვესტიციების შეზღუდვასა და ბაზრის ტექნოლოგიური განვითარების შეფერხებას გულისხმობს. თუ გავიხსენებთ შესწავლილი ბაზრის პერიოდს, ნათლად დავინახავთ ამ ბაზარზე არამხოლოდ ინვესტიციების შეზღუდვას, არამედ უკვე არსებული კომპანიების ბაზრიდან გაძევების ფაქტებსაც. რაც შეეხება უკანასკნელ გ) პუნქტს ეს გულისხმობს, ბაზრის ან პროდუქტების, რაიმე სახის განაწილებას. რომლის ფაქტებიც, ასევე გვახსოვს ჩვენს ბაზარზე. მაგალითად, როგორც მოხდა თხევადი გაზის (LPG) შემთვევაში. როდესაც ამ პროდუქტის შემოტანა ყველა სხვა კომპანიას აუკრძალეს, გარდა ხუთეულის წევრ “სოკარისა”.

სააგენტოს ხელახალი მოკვლევის ანალიზი

თუ კარგად დავაკვირდებით სააგენტოს პირველ და მეორე გადაწყვეტილებას დავინახავთ, რომ სააგენტოს მეორე გადაწყვეტილებაში “გამქრალია” მეშვიდე მუხლის, ბ) ქვეპუნქტი, რომელიც ბაზარზე ახალი ინვესტიციების შეზღუდვას და ტექნოლოგიური განვითარების შეფერხებას გულისხმობს. გაუგებარია, თუ რატომ დაიხია სააგენტომ უკან ამ მიმართულებით, როდესაც ბაზარზე ინვესტიციების შეზღუდვა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ინვესტორები არამხოლოდ ვერ შემოდიოდნენ ქართულ ბაზარზე, არამედ უკვე არსებული კომპანიები, რომელიც კარტელში არ იყვენ ჩართულები, გააძევეს ბაზრიდან და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც, გააჩნდათ საგამოძიებო უწყებებს. თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილების ბუნდოვანება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, იმდენად რამდენადაც, ზემო აღნიშნული 3 ქვეპუნქტიდან სააგენტომ ორი უცვლელად დატოვა, შესაბამისად გაუგებარია თუ რატომ მოხდა, თავდაპირველი ჯარიმის, ასე მკვეთრად შემცირება 3 მლნ ლარამდე. ამის შესახებ არაფერია ნათქვამი კონკურენციის სააგენტოს განახლებულ დასკვნაში.

დასკვნის მაგიერ     

ზემოთ ნახსენები ფაქტებიდანაც ჩანს, რომ მოკვლევის პროცესში, კონკურენციის სააგენტოს საკმარისი მტკიცებულებები გააჩნდა, ნავთობკომპანიების წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში სააგენტო პირველ ინსტანციაშიც ვერ მოახერხებდა გამარჯვებას. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბიზნეს დავების სპეციფიკურობა. აღნიშნული დავების სპეციფიკურობა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოზე უმეტესად იმარჯვებს ის მხარე, ვინც უკეთ არის მომზადებული სასამართლოსთვის. შესაბამისად, ზემდგომ ინსტანციებში ნავთობკომპანიები გაცილებით ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე კონკურენციის სააგენტო.

პაატა თურქია  

Share