Home » ფინანსები » მსესხებლისთვის თანამსესხებელთან ცხოვრება სავალდებულო ხდება
მსესხებლისთვის თანამსესხებელთან ცხოვრება სავალდებულო ხდება

მსესხებლისთვის თანამსესხებელთან ცხოვრება სავალდებულო ხდება

სამომხმარებლო  დაკრედიტების  ახალი დებულება  არ გადავადდება, რადგან  გაუმკაცრებელი პირობების  შენარჩუნების ყოველი თვე  ჭარბვალიანობის  ახალ მოკლევადიან რისკებს აჩენს.  გამკაცრების მიზანი კი ჭარბვალიანობის  გრძელვადიანი რისკების მინიმიზაცია იყო.

7 მაისის ცვლილების შემდეგ  ბანკი, მ/ო და ლომბარდი მსესხებელზე პროდუქტის მორგებას მაქსიმალურად ცდილობს და შედეგად, ბოლო 3-4 თვეში საცალო პორტფელის ზრდა რამდენჯერმე აღემატება წლიურ მაჩვენებელს.

სებ-ის ანალიტიკოსები კონსულტაციების დასკვნით ეტაპზე იტყობინებიან.  რამდენიმე  მუხლი დარჩა გასამართი.  გადაწყვეტილია, რომ  სამომხმარებლო სესხი  ბიზნესმიზნობრიობით  განსხვავებულ რეჟიმში მოექცევა, სტარტაპ-სესხის  მუხლი ღიად რჩება, რადგან მისი წახალისება მთავრობის ინკლუზიური ეკონომიკის  ბიზნესგეგმაში შედის.  რეფორმატორები აცხადებენ, რომ ამ ტიპის სესხები საცალოს სტატუსით ნოემბრიდან შეიზღუდება, მაგრამ  „რამეს მოიფიქრებენ“.  შინამეურნეობების შემდეგ, რეგულაციების ჯერი კორპორატიულზე მიდგება.

დამოუკიდებელი ექსპერტები  მსურველებს სესხის  1 ნოემბრამდე  აღებას ურჩევენ. იმის გათვალისწინებით, რომ  ნოემბრიდან  თუ მსესხებლის შემოსავალი  სესხის საჭირო მოცულობას ვერ დააკმაყოფილებს,   თანამსესხებელი გახდება საჭირო, რაზეც  ახალ დებულებაში ასევე შეზღუდვაა.   ტვირთი მხოლოდ „ერთ ჭერქვეშ“ მცხოვრებლებს შეუძლიათ გაიზიარონ.  როგორ  იმუშავებს პრაქტიკაში ეს მუხლი  ნოემბერში გამოჩნდება. ისიც,  მოიტყუებს თუ არა ბანკი თავს და დაუჯერებს კლიენტს, რომ თანამსესხებელთან „სარეცელს იზიარებს“.

როგორც ჩანს,  მთავრობის და ცენტრალური ბანკის ბოლო გამოწვევა  მხოლოდ ფინანსურად გაუნათლებელი მოქალაქეების ბანკისგან დაცვა არ არის.  ერთ ბინაში მხოლოდ ერთი პირის ცხოვრება  უკვე საშიში ხდება.

gbc.ge

Share