Home » საზოგადოება » მოქალაქეს, რომელიც პაპუაშვილს ბინას ედავებოდა, სახელმწიფო 399 ათასი ლარის ქონებას გადასცემს
მოქალაქეს, რომელიც პაპუაშვილს ბინას ედავებოდა, სახელმწიფო 399 ათასი ლარის ქონებას გადასცემს

მოქალაქეს, რომელიც პაპუაშვილს ბინას ედავებოდა, სახელმწიფო 399 ათასი ლარის ქონებას გადასცემს

საქართველოს უზენაესი სასამართლო როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უზენაესი სასამართლოს პრესრელიზში არის ნათქვამი, 2017 წლის 23 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შემოვიდა როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებაზე, სადაც მოწინააღმდეგე მხარეები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გიორგი პაპუაშვილი იყვნენ.

„კასატორი როლანდ ბლადაძე წარმოადგენს მოსარჩელეს, რომელმაც სარჩელი აღძრა სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეების მიმართ და მოითხოვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილს შორის 2007 წლის 21 ივნისს, ბათუმში, ერას ქ. #37-ში მდებარე #8 ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების ბათილად ცნობა, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფოს მიერ გიორგი პაპუაშვილისთვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების ფორმით სიმბოლურ ფასად (1000 ლარად) გადაცემული ქონება წარმოადგენს მისთვის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჩამორთმეულ ქონებას, რომლის ჩამორთმევა და შემდეგ გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა უკანონოდ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულს ადასტურებს აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილება დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ნათელს ხდის, რომ 2004 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რომელიც საფუძვლად დაედო აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებას, განხორციელდა უკანონოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ რ. ბლადაძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და ცნობილ იქნა დასაშვებად. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, რომლის უპირველესი მიზანი იყო მხარეთა შორის მორიგების მიღწევა. მხარეთა მორიგების მიზნით საკასაციო სასამართლომ სხდომები გამართა 2018 წლის 24 იანვარს, 9 მარტს, 3 აპრილს, 12 აპრილს, 26 აპრილს, ხოლო 2018 წლის 4 და 11 მაისის სხდომები მიეძღვნა საქმის არსებით განხილვას. ამავე სხდომებზე ასევე განიხილებოდა საქმის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

2018 წლის 11 ივნისს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარზე საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო როლანდ ბლადაძეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინას [263 კვ.მ]  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცემს. ამ ბინის ღირებულება 399 ათასი ლარია. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას 2004 წელს ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, როგორც დაუსაბუთებელი ქონება. ეს ბინა 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადასცეს – საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელ თავმჯდომარეს.

„უზენაესმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულია წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სახელმწიფომ აღიარა წარსულში როლანდ ბლადაძის მიმართ დაშვებული სისტემური დანაშაული,“ – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავდა.

იურისტის განმარტებით, როლანდ ბლადაძე ერთ თვეში მიიღებს ბინას თბილისში. ამის შემდეგ კი, როლანდ ბლადაძე უშუალოდ გიორგი პაპუაშვილთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.

„როლანდ ბლადაძე გიორგი პაპაუაშვილთან იწყებს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც ეხება მიღებული ალტერნატიული ფართობის გადაცემის სანაცვლოდ ბათუმში ჩამორთმეული სახლის დაბრუნების პროცესს. ჩვენ გვაქვს სრული მოლოდინი და ურთიერთგაგება იმის თაობაზე, რომ ყოფილი მოსამართლე, ბატონი გიორგი პაპუაშვილი, მოცემული შედეგების გათვალისწინებით, როლანდ ბლადაძესთან მიაღწევს მნიშვნელოვან შეთანხმებას,“ – აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

მორიგების მიხედვით, როლანდ ბლადაძეს ასევე რჩება უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ხელახლა მიმართოს საერთო სასამართლოებს.

Share