Home » საზოგადოება » მოქალაქეებისთვის 112-ის ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესი შესაძლოა, შეიცვალოს
მოქალაქეებისთვის 112-ის ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესი შესაძლოა, შეიცვალოს

მოქალაქეებისთვის 112-ის ყოველთვიური საკომისიოს ჩამოჭრის წესი შესაძლოა, შეიცვალოს

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2017 წელს ოპერატორი ქსელებიდან 112-ის შემოსავალმა 7,997,198 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსულობების 61%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ოპერატორების შემთხვევაში, 112-ის საკომისიო ფიზიკური პირის შემთხვევაში 20; ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 50 თეთრია. აღნიშნული საკომისიოს ჩამოჭრა კი ყოველთვიურად 5 ლარის სასაუბრო დროის გახარჯვის შემთხვევაში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახური ამ სისტემაში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს და მთავრობას მისი დახვეწისკენ მოუწოდებს.

„არსებული სისტემით, აბონენტის მიერ ბალანსზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვისას არ ხდება „112“-ის მომსახურების საფასურის ავტომატური ჩამოჭრა და ის სასაუბრო დროის გახარჯვაზეა დამოკიდებული, კერძოდ: „112“-ის საფასურის დარიცხვა აბონენტისთვის ხდება შესაბამისი თანხის მომსახურების შეძენისას, ხოლო მისი გადახდა (აბონენტისთვის ჩამოჭრა) დამოკიდებულია სასაუბრო დროის გახარჯვაზე. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ ოპერატორის მიერ ვერ მოხდეს თანხების სრულად ამოღება, აბონენტმა ისარგებლოს მომსახურებით, დაერიცხოს „112“-ის საფასური, თუმცა ბალანსზე არ აღმოჩნდეს საკმარისი თანხა. ბალანსის მოლოდინის რეჟიმში, აბონენტმა აღარ ისარგებლოს/გაანადგუროს ნომერი, შესაბამისად, დარიცხული საფასურის ჩამოჭრა (ამოღება) ვერ მოხდეს. შედეგად, 2017 წელს აბონენტებისთვის დარიცხულ და ოპერატორი ქსელების მიერ ამოღებულ (შესაბამისად სსიპ – „112“-სთვის ჩარიცხულ) თანხებს შორის სხვაობამ 220,305 ლარი შეადგინა. ასევე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი ოპერატორის საბილინგო სისტემაში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, ვერ მოხერხდა აბონენტებისგან ამოღებული თანხების (სსიპ – „112”-ის მისაღები შემოსავლების) ზუსტი დაანგარიშება,“-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მთავრობის წინაშე მობილური ოპერატორებიდან აბონენტებისთვის დასარიცხი მომსახურების საფასურის წესის განახლებისა და დახვეწის საკითხი უნდა დადგეს. ამასთან, უნდა შემუშავდეს „112“-ის დაფინანსების მარტივად ადმინისტრირებადი და კონტროლირებადი მექანიზმი და „112“-მა უნდა მიმართოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მობილური ოპერატორების მიერ აბონენტებისთვის დარიცხული და ამოღებული თანხების სისწორისა და სიზუსტის შესამოწმებლად.

Bpn.ge

Share