Home » ბიზნესი » მონოპოლიის ახალი საფრთხე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
მონოპოლიის ახალი საფრთხე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მონოპოლიის ახალი საფრთხე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

“საქართველოს ბანკი” არაპროფილურ ჯანდაცვის სისტემაში სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპო შეიძინა. საქართველოში სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კომპანიის შეძენით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (ევექსი) ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JPCGeorgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ფარმადეპო იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე.

GEPHA-ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის, აქციების 33%-ს კი ახალ ფარმაცევტულ კომპანიაში ფარმადეპოს 2 აქციონერს გადასცემს. გარიგების დასრულებას ევექსი 2017 წლის იანვარში ელოდება. თანხის სრულად გადახდა 5 წლის ვადაში მოხდება, პირველ ტრანზაქციას კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 12 მილიონი დოლარის ოდენობით, გარიგების დასრულებისას აპირებს.

სანამ, საზოგადოება კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, შეიცავს თუ არა გარიგება მონოპოლიის საფრთხეს, ეკონომისტები თავიანთ მოსაზრებას აზიარებენ. ზოგი მათგანი საფრთხის არსებობაზე საუბრობენ, ზოგიც კი, ამ გარიგების სასარგებლო მოვლენებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამ გარიგების შემდეგ კონკურენციის გამძაფრებასაც ელოდება.

“უკვე წლებია ქართულ სააფთიაქო ბაზარზე მხოლოდ 2 მსხვილი კომპანია არსებობს, საუბარია “ავერსსა” და “პსპ”-ზე. სწორედ მათ ხელშია ყველა ის კომპონენტი, რომელიც ფარმაცეფტულ სფეროში არსებობა-მოღვაწეობისთვის აუცილებელია. შესაბამისა, ყველა სხვა  კომპანიისთვის ურთულესია მათთვის კონკურენციის გაწევა. ერთადერთი, ვინც შეიძლება მათ კონკურენცია გაუწიოს უნდა იყოს ასევე ძალიან მსხვილი და ძლიერი ჯგუფი. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” კი სწორედ ასეთ კომპანიად მოიაზრება”, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

ნაწილობრივ იზიარებს ამ მოსაზრებას დავით ასლანიშვილი. ის მოკლევადიან პერიოდში ფასების დაწევასაც არ გამორიცხავს.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” შესვლა ამ ბაზარზე ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება დადებითის მომტანიც გახდეს. რამეთუ, ეს გაამძაფრებს კონკურენციას, დაწევს ფასებს. თუმცა, თუ ვისაუბრებთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, ვშიშობ, რომ  მონოპოლიის საფრთხე ნამდვილად არსებობს. როდესაც, ისინი შეასრულებენ დაკისრებულ როლს და დაიმკვიდრებენ ადგილს ბაზარზე, არ გამოვრიცხავ ისარგებლონ დაკავებული პოზიციით და კვლავ აწიონ ფასები მედიკამენტებსა და სხვა მომსახურებაზე. ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება ჩვენს ჯიბესა და ყოფაზე” , – განაცხადა დავით ასლანიშვილმა.

თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ კონკურენტი მსხვილი კომპანიების დამფუძნებელნიც. სააფთიაქო ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის შემდეგ კომპანია “პსპ”-ს დამფუძნებელი  კახა ოქრიაშვილი განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, “ევექსმა” წლის დასაწყისში უკვე იყიდა “ჯიპისი” და ამ პერიოდის განმავლობაში “ჯიპისი” და “ფარმადეპო” ისედაც შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ახლა უბრალოდ ოფიციალურად ხდება გაცხადება. მისივე თქმით, “პსპ-ს” ქსელში 185 აფთიაქი აქვს და მიაჩნიათ, რომ ეს რაოდენობა საკმარისია.

“ჩვენ რებრენდინგი გავაკეთეთ და უფრო შინაარსობრივად ვიცვლებით და არა რაოდენობრივად. დღეს “პსპ”-ს ჯგუფს ბაზარზე ყველაზე დიდი ბრუნა აქვს”, –  აცხადებს ოქრიაშვილი.

გარიგების წარმეტებით დაფარვის შემთხვევაში, დიდ ცვლილებებს ელოდება “ავერსის” დანფუძნებელი. პაატა კურტანიძე ფიქრობს, რომ “ჯი პი სი”-სა და “ფარმადეპოს” შერწყმა კონკურენციას შეამცირებს და მსხვილი ბანკის მიერ მართული ახალი კომპანია სააფთიაქო ქსელებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

“ამას უკვე კონკურენციაც აღარ ჰქვია, ბანკს, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური რესუსრები აქვს, რამდენად გავუწევთ კონკურენციას საკმაოდ ბუნდოვანი საკითხია. ამ შენაძენით, როდესაც ბანკი ხდება სააფთიაქო ქსელის მფლობელი, საკმაოდ სერიოზული ცვლილებების მოლოდინში ვართ”, – განაცხადა პაატა კურტანიძემ.

ცალკე განსახილველი საკითხია უმსხვილესი ბანკის ჩართულობა სააფთიაქო სფეროში, სპეციალისტთა უმეტესობა ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და ბევრს სხვადასხვა საფრთხესა თუ პრობლემას ხედავენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ბანკის” ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” კორპორაცია “ევექსს”, სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-სა და ფარმაცევტულ კომპანია “ჯი პი სი”-ს მართავს.

“საფრთხე არის ორმხრივი. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ როდესაც ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი იღებს კონტროლს მედიკამენტების მიწოდებაზეც, ირღვევა საბაზრო ლოგიკა. რეალურად ბაზარზე მოთხოვნასაც და მიწოდებასაც განსაზღვრავს ერთი კომერციული ჯგუფი, როგორც ვიცით მედიკამენტებზე მოთხოვნა, სპეციფიური სახით ყალიბდება, ვგულისხმობ იმას, რომ მედიკამენტების შეძენას განაპირობებს არა მომხმარებელთა სურვილი, არამედ სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოწერილი რეცეპტი.

მეორე და არანაკლები საფრთხე გამომდინარეობს, იმ ფაქტიდან, რომ ამჯერად ფარმაცევტულ ბაზარზე შედის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი, – “საქართველოს ბანკი”, რომელიც პირდაპირ და ხაზგასმით ამბობს, “მე ვმონაწილეობ არაპროფილური აქტივების მართვაში”, – ამბობს “აფბას” ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე.

ბიზნესსამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილის განმარტებით, სააფთიაქო ბიზნესში მსხვილი საბანკო ჯგუფის შესვლა ნიშნავს, რომ არსებული მოთამაშეები ვერ გაუძლებენ კონკურენციას, რადგან “საქართველოს ბანკი” უპირატეს მდგომარეობაში საკუთარ ჯგუფს ჩააყენებს. ჩარგეიშვილის თქმით, ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში თითქმის ყველა სფეროში ბიზნესი ბანკებმა წაიღეს და კერძო ბიზნესების განვითარება აღარ ხდება. მისივე თქმით, ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ბანკების მიერ მართვადი კომპანიები.

ჩარგეიშვილის განცხადებითვე, პრობლემაა, რომ არც ეროვნულმა ბანკმა და არც პარლამენტმა საკითხი ბოლომდე არ მიიყვანეს

” დღეს რეალურად საკანონდებლო ვაკუუმია. ეს არის გაქცევა პასუხსიმგებლობისგან. ერთის მხრივ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არაპროფილური ბიზნესები აკრძალულია თუმცა რეალურად კანონით აკრძალვა არ არსებობს, საქართველოს ბანკი თავს იმართლებს, რომ სხვა კომპანიები აქვს შექმნილი თუმცა რეალურად ეს ჯგუფი საქართველოს ბანკის კაპიტალით იმართება და ეს არის ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორეში გადადებული ფული”. – აცხადებს ჩარგეიშვილი.

მონოპოლიის საფრთხეებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს.

“ინდუსტრიაში, როდესაც ასეთი მსხვილი კომპანიების შეძენა-შერწყმაზეა საუბარი, ყოველთვის გადის შესაბამის ექსპერტიზულ შემოწმებას კონკურენციის სააგენტოსთან, ეკონომიკურ საბჭოსთან, რათა გათვლილი იყოს მოსალოდნელი შედეგები და კანონიერება. მე ვფიქრობ, რომ ახლაც სწორედ ამ პროცესის მოწმენი ვართ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკომ.

გიორგი კაპანაძე

Share