Home » ფინანსები » „მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ფულის მასის ზრდამ განაპირობა“
„მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ფულის მასის ზრდამ განაპირობა“

„მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ფულის მასის ზრდამ განაპირობა“

აგვისტოს თვეში ლარის კურსის მოკლევადიანი რყევების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარი „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტს შოთა გულბანს ვთხოვეთ:

„როდესაც ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებზეა საუბარი, არ შეიძლება ის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას დავუკავშიროთ, ცხადია ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსისთვის, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, და არა რამდენიმე დღიანი პერიოდისთვის. თუ იმ გარემოებასაც გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში შემომავალი უცხოური ვალუტის ნაკადები პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს და ზოგადი მაკროეკკონომიკური სურათიც სტაბილურია, ესეიგი სხვაგან უნდა ვეძებოთ მიზეზები ხომ?

მე ვფიქრობ, რომ უკანასკნელი პერიოდის რყევები რამდენიმე გარემოებას შეეძლო გამოწევია. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს მოკლევადიან პერიოდში მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა, ამ კუთხით ყურადღებას იპყრობს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის აუქციონები, რაც კომერციული ბანკების ანგარიშებზე დეპოზიტის სახით სახელმწიფო ხაზინაში დარჩენილი ნაშთების განთავსებას გულისხმობს, რომელთა შედეგადაც სწორედ აგვისტოს თვეში მიმოქცევაში საბანკო არხების გავლით გაეშვა ჯამში 730 მილიონი ლარი, რამაც სტიმული მისცა ლარის გაუფასურებას, ეს სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან კომერციული ბანკები საკმაოდ აგრესიული კამპანიების მეშვეობით ცდილობენ სესხების გაცემას მოქალაქეებზე, განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების, რაც მიმოქცევაში ლარის მასას ზრდის. აგრეთვე ამავე პერიოდში 100 მილიონით გაიზარდა რეფინანსირების სესხები, პლუს ეროვნულმა ბანკმა შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და ყველაფერმა ამან დაარტყა ლარის კურსს.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი გარემოება, რაზეც რატომღაც არავინ გაამახვილა ყურადღება, არის თავად ლარის კურსის ფორმირების მექანიზმი, რომელიც არის გაუმჭვირვალე და პრევენციას ვერავინ მოახდენს არბიტრაჟისგან. მოგეხსენებათ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით. ამ გარიგებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს, აგრეთვე უცხოური ბანკების ფილიალებსაც, ხოლო სავაჭრო სისტემაში განხორციელებული გარიგებების შესახებ ინფორმაციას ფლობს ეროვნული ბანკი. მსგავს სიტუაციაში თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ კომერციულმა ბანკებმა სპეკულაციური შეტევები განახორციელონ, რამაც შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში ლარი დოლართან მიმართებაში გააუფასუროს.  ყოველ შემთხვევაში ეს გამორიცხული არ არის და პრევენციას ეროვნული ბანკიც კი ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ კურსის ფორმირების მსგავსი მექანიზმი იძლევა ამის შესაძლებლობას. დაველოდოთ ეროვნული ბანკის მონაცემებს, სადაც გამოჩნდება საკონვერსიო ოპრეაციებიდან მიღებული კომერციული ბანკების მოგება“ -აცხადებს შოთა გულბანი.

Share