Home » ბიზნესი » მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები
მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები

მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები

კორპორაციული კლიენტებისთვის მობილურით სარგებლობის ტარიფები იზრდება — ვის შეეხება ცვლილებები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაჩნია, რომ ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი აბონენტებისთვის სხვადასხვა ტარიფების შეთავაზებისას სუბსიდირებას ახდენენ. კომისიაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი საკითხის რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს.

კომისიამ “არასამართლიანი” ტარიფების შესაცვლელად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიმართა და “გამოსწორება” დაავალა, რათა ბაზარზე არასამართლიანი ტარიფით არ ხდებოდეს პაკეტების შეთავაზება სხვადასხვა კორპორაციული ჯგუფისთვის. კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შემდეგ რიგ სერვისებზე მაგთის, ჯეოსელსა და ბილაინს ტარიფების გაზრდა მოუწევთ. კომისიის ინფორმაციით, კომპანიებმა ვადა სექტემბრამდე, ანუ ხვალამდე ითხოვეს.

“კომისიის მიზანია, რომ ბაზარზე სამართლიანი ტარიფი იყოს და რომელიმე სამომხმარებლო პროდუქტის სუბსიდირებას არ ჰქონდეს ადგილი”, – აღნიშნა კომისიის პრესსამსახურის თანამშრომელმა On.ge-სთვის წერილობით მიწოდებულ კომენტარში.

მაგთი და ბილაინი

ჯეოსელი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც დაადასტურა რიგ მომსახურებაზე ტარიფების გაზრდა, მაგთისა და ბილაინში კი On.ge-ს არ უთხრეს რომელი პაკეტების გაძვირება მოუწევთ.

“ჩვენ მხედველობაში მივიღეთ მარეგულირებლის რეკომენდაცია და ამ ეტაპზე ვახდენთ იმის ანალიზს, რამდენადაა ჩვენი კორპორატიული კლიენტების ტარიფები კანონთან შესაბამისობაში”, – აღნიშნულია ბილაინიდან წერილობით მიღებულ კომენტარში.

მაგთიკომში კი ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილებას გაითვალისწინებენ.

“სამწუხაროდ, კორექტირებული ტარიფების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ვინაიდან კორპორატიული ტარიფები არ არის სტანდარტული და ის ინდივიდუალურია თითქმის ყოველი კორპორატიული აბონენტისათვის”, — აცნობეს On.ge-ს წერილობით მაგთიკომიდან.

ჯეოსელი

კომპანიის პრესსამსახურის მიერ On.ge-სთვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ტარიფები კორპორაციული ნომრებისთვის გაზარდეს, თუმცა ცვლილებები არ შეეხება სახელმწიფო უწყებებს.

ზარები

  • კომპანიის ნომრებთან უფასო ულიმიტო საუბრის და სმს-ის ყოველთვიური გადასახადი 1,5 ლარი გახდა;
  • ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრებზე ერთი წუთის ღირებულება — 0 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი;
  • ბილაინის, მაგთიკომისა და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით ერთი წუთის ღირებულება — 7 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი.

ინტერნეტი

კორპორაციული კლიენტებისთვის ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 500 MB-დან (2₾) 1 500 MB-მდე (5₾) იზრდება, რიგ შემთხვევაში კი ინტერნეტპაკეტების ღირებულება თითქმის 2-ჯერ ძვირდება.

არსებული ტარიფები:

  • 500 MB — 2 ლარი;
  • 1,5 GB — 3,5 ლარი;
  • 3 GB — 5 ლარი;
  • 5 GB — 8,5 ლარი;
  • 7 GB — 10 ლარი;
  • 10 GB — 11,5 ლარი;
  • 30 GB — 25,5 ლარი.

ტარიფები გაზრდის შემდეგ:

  • 1,5 GB — 5 ლარი;
  • 3 GB — 7 ლარი;
  • 5 GB — 11 ლარი;
  • 7 GB — 15 ლარი;
  • 10 GB — 19 ლარი;
  • 20 GB — 35 ლარი.

*პაკეტის ამოწურვის შემდეგ მოქმედებს ტარიფი – 1 მბ — 5 თეთრი;

*კომპანიის კურატორს, საშუალება ექნება Self-care პორტალის მეშვეობით, საკრედიტო ანგარიშსწორების მქონე ნომრებს, ლიმიტის ფარგლებში, გაუაქტიუროს ძველი *138#-ის ინტერნეტ პაკეტები.

ულიმიტო პაკეტები

  • 18-ლარიანი პაკეტი: ულიმიტო საუბრები ნებისმიერ ოპერატორთან საქართველოში, ულიმიტო SMS, (გამონაკლისია გლობალსელი);
  • 20-ლარიანი პაკეტი: ულიმიტო საუბრები ნებისმიერ ოპერატორთან საქართველოში, ულიმიტო SMS, 1 GB ინტერნეტი.(გამონაკლისია გლობალსელი).

On.ge

Share