Home » ბიზნესი » “მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე”
"მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე"

“მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე”

“ვენდის” და “დანკინის” ასორტიმენტი სრულად ქართული პროდუქციისგან მზადდება, არ ვიყენებთ გაყინულ და იმპორტირებულ პროდუქტს”

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ქართულ ბიზნესის ერთ–ერთი სახეა, იგი მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული ბიზნესსაქმიანობაში და კარგად იცნობს არსებულ სიტუაციას. გარდა საკუთარი კომპანიებისა, ფხაკაძე ბინზესასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტია და მუდმივი კომუნიკაცია აქვს საქართვლოში არსებული ბიზნესების წარმომადგენლებთან.

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას ქართული ბიზნესი, რამდენად გამართულად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები და რა მიმართულებითაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან გააქტიურება, რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები ახლავს საპენსიო რეფორმას, რამდენად წარმატებული წელი ჰქონდათ მის კომპანიებს და რა არის მათი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსებს” “ვისოლ ჯგფუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი, სოსო ფხაკაძე ესაუბრა.

“მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე”

– თქვენ ბიზნესსაქმიანობის პარალელურად, ბიზნესასოციაციის ვიცეპრეზიდენტიც ხართ, შესაბამისად, მუდმივი და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაქვთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. როგორ შეაფასებდით ქართულ ბიზნესში არსებულ სიტუაციას, რამდენად კარგად ვითარდება ქართული ბიზნესი და რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესგარემო საქართველოში?

– მე, ბუნებრივია, ბიზნესასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტის რანგში ხშირი შეხვედრები მაქვს ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ აზრებს და დისკუსიებში ვიღებთ მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი გაცილებით უკეთესი იყო ბიზნესისთვის, ვიდრე 2017. თუმცა,

მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის, რაც რჩება მოუგვარებელი, ეს არის ლარის კურსის სტაბილურობა

სწორედ ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი იქნება მთავარი გამოწვევა 2019 წელსაც. წელს სავალუტო რყევები გვქონდა თურქეთში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც აგვისტოში დაიწყო და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს შიდა სავალუტო ბაზარზე, მაგრამ ეს ფაქტორიც თანდათან მინელდა. შესაბამისად, რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური სიტუაცია იმის თქმის საშუალებას გვაძლევს,  რომ მომდევნო წელს საგარეო შოკებს აღარ უნდა ველოდოთ, რაც წლის განმავლობაში მეტნაკლებად დადასტურდა კიდეც.

სწორედ ლარის კურსის სტაბილურობამ განაპირობა ის, რომ 2018 წელს უკეთესი სიტუაცია იყო ქვეყანაში, ვიდრე 2017 წელს. როდესაც ჩვენ ქართულ ბიზნესზე ვსაუბრობთ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართული კომპანიების შემოსავლის დიდი ნაწილი აკუმულირდება ლარში, ამიტომ ბიზნესის სტაბილურობა და განვითარება დიდწილად დამოკიდებულია ლარის კურსზე.

– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით არის პოლიტიკური გარემო და, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულად მუშაობა. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება და რეკომენდაციები ხელისუფლების მუშაობის შესახებ. როგორ ფიქრობთ, სად არის სახელმწიფოს ფუნქციონირებაში ჩავარდნები და უპირატესობები? რა მიმართულებით ურჩევდით ხელისუფლებას მუშაობის გააქტიურებას?

– კარგია, რომ ხელისუფლებას უყვარს ბიზნესასოციაციის და ზოგადად ბიზნესის მოსმენა, მათი მხრიდან მზაობა ყოველთვის არსებობს და ჩვენ ამას კარგად ვგრძნობთ. ბიზნესის წარმომადგენლები აბსოლუტურად ღიად ვესაუბრებით, როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე კონკრეტულ მინისტრებს, უმეტეს შემთხვევაში ეკონომიკური პროფილის მინისტრებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ერთხმად აღვნიშნავთ, რომ

უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და უნდა გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე. ამ მიმართულებით ბიზნესკომპანიები და ბიზნესლიდერები ყოველთვის ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მთავრობასთან და არ მახსოვს, რომ ოდესმე ხელისუფლების რომელიმე წევრს ეს ვერ გაეგო ადეკვატურად, პირიქით ისინიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი

ანუ, საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და უფრო მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ყველაფერი კი, ერთის მხრივ დაზოგავს დროს და მეორეს მხრივ, უფრო ეფექტურს გახდის ბიზნესის წარმოების პროცესს, რაც მოიტანს სიკეთეს და წარმატების მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნესისთვის. როცა ქვეყანას ჰყავს ძლიერი ბიზნესი ხელისუფლებაც უფრო ძლიერია და, ვფიქრობ, ეს აღქმა საქართველოში უკვე ყველასთვის ნათელია.

– ბოლო წლებში მუდმივად გვაქვს 4-5%–იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ფაქტია, ქვეყნის სათანადო განვითარებისთვის არ არის საკმარისი, თქვენი შეფასებით, რა რეფორმები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად და ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის დასაძლევად?

– თუ გავიხსენებთ სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის ეკონომიკურ ისტორიას, მაგალითად ჩინეთის და, ზოგადად, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისას, დავინახავთ რომ მათ ჰქონდათ ეკონომიკური ბუმი და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მრავალი წლის განმავლობაში. ბუნებრივია,

თუ გვინდა, რომ ჩვენი ეკონომიკაც სწრაფად განვითარდეს, ბიზნესი გაძლიერდეს და სიღარიბეც დავძლიოთ, გვჭირდება ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა და ეს უნდა გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინების  გარეშე, ამოგდებულად მარტო საქართველოს განხილვა ამ კონტექსტში მიუღებელია

აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება გეოპოლიტიკას, გვინდა ეს თუ არ გვინდა. ჩვენ საკმაოდ რთულ რეგიონში გვიწევს ყოფნა. ბოლო 3 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა ჩვენს გარშემო, ეს იყო საგარეო შოკებით მიღებული ნეგატიური შედეგი, თუ სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია, ბუნებრივია თავისი დაღი დაასვა ყველაფერს და ასეთ ნეგატიურ ზეგავლენებს ჩვენ ვერ ავცდებით.  ამიტომ

არ შეიძლება ჩვენ საქართველო განვიხილოთ საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილად და  მოვითხოვოთ 10–11%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ როდესაც რეგიონის ქვეყნებში შეიძლება იყოს 1–3%-იანი ზრდა

ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რა ხდება რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთში და სხვა რეგიონების ქვეყნებში და ამავდროულად უნდა გვქონდეს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ბოლო წლებში ყალიბდება კიდეც.  მნიშვნელოვანია, რომ ორიენტაცია ავიღოთ ექსპორტზე. კარგია, რომ ფორმდება სავაჭრო ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან და კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს ექსპორტის წახალისება. რაც უფრო მეტი პროდუქციის წარმოება მოხდება ქვეყანაში და გავიტანთ მას ექსპორტზე, მით უფრო სტაბილური იქნება ბიზნესგარემო ქვეყანაში და სწორედ ამის საშუალებით მივიღებთ სათანადო ეკონომიკურ ზრდას, იმ ციფრებით, რომელიც მისაღებია ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფი განვითარებისთვის.

– 2018 წელს საპენსიო რეფორმა ამოქმედდება, რომელსაც უამრავი სკეპტიკოსი ჰყავს, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებიც. თქვენი როგორ შეაფასებდით საპენსიო რეფორმის არსებულ მოდელს, რა დადებით და უარყოფით ფაქტორებს ხედავთ მასში?

– საკმაოდ დიდი ხანია რაც საპენსიო რეფორმაზე მიმდინარეობს საუბარი და ერთხელ და სამუდამოდ ეს რეფორმა  უნდა გატარებულიყო საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მოხდეს ამ რეფორმის გაშუქება და ინფორმაციის მიწოდება როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რადგან მაქსიმალურად შემცირდეს ის კითხვები, რომელიც დღეს მის გარშემო არსებობს. შესაბამისი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ბიზნესასოციაციაშიც იგეგმება შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც რაიმე ახალი რეფორმის გატარება იგეგმება, მით უმეტეს ასეთი მასშტაბური რეფორმის, უნდა იყოს უფრო მეტი პიარი, მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ბიზნესთან. შეკითხვები ნამდვილად არსებობს, გამორიცხულია, რომ ისინი არ იყოს, გამოჩნდებიან ამ რეფორმის მოწინააღმდეგე ადამიანებიც, მაგრამ ძალიან ბევრი ოპონენტი არის მაშინ, როდესაც მათ სათანადო ინფორმაცია არ აქვთ.

რაც შეეხება ბიზნესის მხრიდან კრიტიკას,

არცერთ ბიზნესს არ უხარია, როდესაც გადასახადები პირდაპირ ან ირიბად ეზრდება, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველას მოგვიწევს საპენსიო ასაკი, ამიტომ ვფიქრობ ეს რეფორმა აბსოლუტურად გამართლებულია და არ შეიძლება დაგროვებითი საპენსიო სისტემა არ არსებობდეს ქვეყანაში

– თქვენს ბიზნესკომპანიებსაც, რომ შევეხოთ, “ვენდი” და “დანკინი” 2019 წელს 35 რესტორნით ხვდება. როგორი იყო 2018 წელი,  გაიზარდა თუ არა კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობა და რა გამოარჩევს ,,ვენდის” და “დანკინს” კონკურენტებისგან?

– მიმდინარე წელს დაახლოებით 25%–მდე გაიზარდა “დანკინის” რეალიზაცია და 20%–მდე “ვენდის” რეალიზაცია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მე ვფიქრობ, რომ ამ ორმა კომპანიამ დაიკავა საკმაოდ მაღალი ნიშა და მყარი პოზიციები აქვს ბაზარზე. რაც შეეხება უპირატესობებს, ჩვენი კომპანიების კონკურენტული უპირატესობები ძალიან დიდია და მე კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველამ იცის ამის შესახებ. “ვენდის” კონკურენტული უპირატესობა პირველ რიგში არის ის, რომ როგორც ფრინველის, ასევე საქონლის ხორცი, რისგანაც ბურგერები კეთდება, მზადდება საქართველოში. პური მზადდება საქართველოში. ბევრმა იცის  და ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს სრულიად გაუყინავი ადგილობრივი პროდუქცია და არ ვაკეთებთ იმპორტს უცხოეთიდან. ყველაფერი მზადდება საქართველოში, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა და მე მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ.

რაც შეეხება “დანკინს”, “დანკინშიც” იგივე სიტუაციაა. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი წარმოება “სმარტ პროდაქშენი”, რომელიც გვაწვდის ყოველდღიურად ახალ პროდუქტებს, ასევე სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთანაც ვმუშაობთ და “დანკინშიც” ყველაფერი აბსოლუტურად ქართულია.

რაც შეეხება დონატებს, რომელიც გაყიდვების დაახლოებით 25% შეადგენს, ეს არის აეროპორტთან არსებული ჩვენი ქარხნის პროდუქცია, სადაც დღეში ორჯერ მზადდება ახალი დონატები და ასევე გვაქვს  ფრანგული საცხობის ხაზი, რომელიც წელს დავამატეთ

როგორც დონატები, ასევე ფრანგული საცხობის ხაზი, ფრეშის სახით, დღეში ორჯერ მიეწოდება ჩვენს სავაჭრო ობიექტებს. ანუ, როგორც “დანკინში”, ასევე “ვენდიში” ყველაფერი მზადდება 100 პროცენტით ქართული, გაუყინავი პროდუქციით.

– როგორც ცნობილია, ,,დანკინ დონატსი” ახლა უკვე ახალი სახელით ,,დანკინით” აგრძელებს ოპერირებას, გარდა ამისა, ითქვა, რომ “დანკინი” ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს, რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილება და რა სიახლეებს გეგმავს “დანკინი” 2019 წელს?

– “დანკინი” უკვე ლიდერია ყავის ბაზარზე. ჩვენი გაყიდვების 50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე და ეს არის ათიათასობით გაყიდული ჭიქა ყავა ყოველდღე. სხვათა შორის, ჩვენ 2 წლის წინ დავაყენეთ ეს საკითხი საერთაშორისო “დანკინში”. მიმდინარე წელს,  ახალი პრეზიდენტი დაინიშნა ამერიკის “დანკინში” და ერთ–ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო იყო ის, რომ სახელწოდებიდან მოიხსნა “დონატსი” და დარჩა მხოლოდ “დანკინი”. ამით ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენ ვართ ყავის ბრენდი. მსგავსი გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ დონატებზე მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 25% მოდის და ამ დროს ბევრ ადამიანს ეგონა, რომ “დანკინის” რესტორნები ძირითადად ახდენდნენ დონატების რეალიზაციას. როდესაც ვამბობდით, რომ  მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 25%–ია დონატების წილი ეს არ სჯეროდათ.

ახლა, როდესაც სახელწოდებიდან მოიხსნა “დონატსი” დარჩა მხოლოდ “დანკინი”, მაშინვე მივიღეთ დადებითი შედეგი, მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 2–3 კვირაა, რაც რებრენდინგი დაიწყო.  ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ პოზიციები ყავის ბაზარზე და, შესაბამისად, გავზარდოთ გაყიდვები. თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებლად შევინარჩუნებთ სენდვიჩებს, ხაჭაპურს, ლობიანს, კარტოფილის ღვეზელს და ა.შ. ანუ, ქართული საცხობის პროდუქციას, სალათებს, სენდვიჩებს და იგეგმება კიდევ ახალი პროდუქციის დამატებაც.  მთავარი კონცენტრაცია იქნება ყავაზე, თუმცა იქვე აუცილებლად გაიყიდება საკვებიც და დონატებიც.

–  მიმდინარე წელს “სმარტმა” ახალი კონცეფცია აირჩია და დიდი სუპერმარკეტების ნაცვლად თქვენ დაიწყეთ პატარა სუპერმარკეტების გახსნა, რამდენად გაამართლა აღნიშნულმა კონცეფციამ და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

– როდესაც ეს ბიზნესი დავიწყეთ, “სმარტის” პირველი სუპერმარკეტი გავხსენით სწორედ ავტოგასამართ სადგურზე, ეს იყო ჩვენი თავდაპირველი კონცეფცია და ის არასოდეს არ შეცვლილა, უბრალოდ რაღაც ეტაპზე გადავწყვიტეთ მისი გაფართოება. მოვსინჯეთ დიდი ფორმატის მაღაზიებიც და გავხსენით ხუთი  მაღაზია სხვადასხვა ადგილას, თუმცა შემდგომ მივხვდით, რომ ეს არ იყო ის საქმე, რაზეც აქცენტი უნდა გაგვეკეთებინა, რამეთუ ეკონომიკური მოგება ჩვენთვის არ იყო მისაღები. შესაბამისად, დავუბრუნდით იმ საწყის ფორმატს საიდანაც დავიწყეთ. ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ სუპერმარკეტებს, სჭირდება ცოტა ინვესტიცია, დაბალია საოპერაციო ხარჯები და ეკონომიკური მოგება არის სამართლიანი და კარგი. ამიტომაც, ვაგრძელებთ ამ ფორმატში განვითარებას, მომავალ წელს 4–5 ახალი სუპერმარკეტის გახსნას ვაპირებთ და რამოდენიმე ადგილზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ვფიქრობთ, კარგად გვესმის ეს ბიზნესი და გვინდა საკმაოდ კარგი ქსელი შევქმნათ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

– და ბოლოს,  რა არის “ვისოლ ჯგუფის” წარმატების საიდუმლო?

– პირველ რიგში, ჩვენი წარმატების საიდუმლო არის ის, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, რადგან სიყვარულის გარეშე ვერცერთ საქმეს ვერ მოერევი და ვერ გააკეთებ. მეორე, აბსოლუტურად პატიოსნად და წესიერად ვმუშაობთ, ეს გამოიხატება ჩვენს თანამშრომლებთან, პარტნიორებთან თუ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელთან ურთიერთობაში. და რაც ყველაზე მთავარია, “ვისოლ ჯგუფი” სრულად ფოკუსირებულია ხარისხზე, ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყრელი ნაწილი. როდესაც საკითხი ეხება ხარისხს, აქ ჩვენგან კომპრომისი გამორიცხულია. პროდუქციის ხარისხი არის “ვისოლ ჯგუფის” საქმიანობის ქვაკუთხედი და ამ მიმართულებით არასდროს არ გვექნება გადახვევა.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share