Home » საზოგადოება » „მხოლოდ ტურიზმი ვერ გვიშველის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე პრაქტიკულად ტურიზმმა გადაგვარჩინა“
„მხოლოდ ტურიზმი ვერ გვიშველის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე პრაქტიკულად ტურიზმმა გადაგვარჩინა“

„მხოლოდ ტურიზმი ვერ გვიშველის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე პრაქტიკულად ტურიზმმა გადაგვარჩინა“

მხოლოდ ტურიზმი ვერ გვიშველის, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე პრაქტიკულად ტურიზმმა გადაგვარჩინა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„საქართველოში, ვაჭრობაში, წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ანუ, შემოტანა და გატანა რომ დავითვალოთ, 3,5 მილიარდი დოლარით მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ეს 3,5 მილიარდი დოლარი ციდან ვერ ჩამოვარდება და ვიღაცამ საიდანღაც უნდა მოიტანოს. ამ 3,5 მილიარდი დოლარიდან ორი მილიარდი დღემდე სწორედ ტურიზმმა დაგვიფარა. როცა ტურისტი შემოდის, ფულს ლარში ხარჯავს, მაგრამ ლარის მისაღებად დოლარს, ევროს და სხვა ვალუტებს ახურდავებს. ქვეყანაში და ბანკების ანგარიშებზე დოლარი, ევრო და სხვა ვალუტები ზუსტად მაგ მომენტში შემოდის“, – განაცხადა ქობულიამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია იმას გულისხმობს, რომ ტურიზმის ზრდა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ გვაქვს ტურისტების რაოდენობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ორჯერ და უფრო მეტად აღემატება. პრაქტიკულად, მსოფლიო მასშტაბით, იშვიათი ქვეყანა ვართ, სადაც ტურისტების რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობას ორჯერ და მეტად გადააჭარბა. ასეთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა. არსებობს ქვეყნები, რომლებიც თავიანთი ისტორიის მანძილზე ტურიზმით გამოირჩეოდნენ, მაგალითად, საფრანგეთი და იტალია, მაგრამ იქ ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობაზე ნაკლებია”, – განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, როდესაც ტურისტების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობას ბევრად სცილდება, ამ ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების რიცხვი იზრდება. ამის პარალელურად იმის რისკიც მატულობს, რომ ქვეყანა ამდენ ტურისტს ვეღარ მოემსახუროს.

Share