Home » საზოგადოება » მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 3 ივლისს მიიღო.

ნორმასთან დაკავშირებით სარჩელი საქართველოში მოქმედმა რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მოამზადეს.

მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული საგადახადო შეღავათის სრული გაუქმებით, ასევე არსებითად თანასწორ პირებზე მისი ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

“სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის აღნიშნულ გარემოებასთან დაუკავშირებელი პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში.

კერძოდ, დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თვითმიზანი. სასამართლოს შეფასებით, კონსტიტუციის ამ დებულების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის პრივილეგიების განმტკიცება.

ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული შეღავათის მინიჭება არ გულისხმობს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ იმავე შესაძლებლობით სარგებლობის ხელშეშლას”, – აღნიშნავს სასამართლო.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სადავო ნორმაზე დაყრდნობით ეკლესიამ, შესაძლოა, საკუთრებაში პრივატიზებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ქონება მიიღოს: “ამგვარი ბლანკეტური მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ქონების გადაცემასა და ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას”.

Share