Home » ბიზნესი » მხედრიონელობიდან–ბიზნესმენობამდე – გიორგი რამიშვილის (ზარალა) შთამბეჭდავი ბიზნესინდუსტრია
მხედრიონელობიდან–ბიზნესმენობამდე – გიორგი რამიშვილის (ზარალა) შთამბეჭდავი ბიზნესინდუსტრია

მხედრიონელობიდან–ბიზნესმენობამდე – გიორგი რამიშვილის (ზარალა) შთამბეჭდავი ბიზნესინდუსტრია

გიორგი რამიშვილი, იგივე ,,ზარალა” ერთ–ერთი იმ ბიზნესმენთაგანია, რომელმაც საკუთარი ბიზნესინდუსტრია “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში შექმნა და მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მფარველობით რამდენიმე ასეული მილიონიც გამოიმუშავა. ბუნებრივია, იმ მილიონებიდან საკუთარი წილი თავად სააკაშვილს და ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსაც მისდიოდათ. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდგომაც არავინ დაინტერესებულა რამიშვილის საქმიანობით და მან უკვე ახალ ხელისუფლებასთანაც მარტივად შეძლო საერთო ენის გამონახვა. თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრობით..

“მხედრიონი” და “ვერის საძმო”

გიორგი რამიშვილი ასპარეზზე 90–იან წლებში გამოჩნდა, იმ მძიმედ გასახსენებელ პერიოდში იგი ,,მხედრიონის” და კიდევ ერთი კრიმინალური დაჯგუფების ,,ვერის საძმოს” წევრი იყო და მათ შავბნელ საქმიანობაშიც იყო გარეული. როგორც კულუარებში საუბრობენ, მის სახელს არაერთი ქუჩური გარჩევა და კრიმინალური საქმიანობა უკავშირდება.

,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ 2005 წელს, გიორგი რამიშვილი საკუთარ სახლში უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმმა აიყვანა. მაშინ “ზარალას” ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – გადასახადებისთვის თავის არიდება და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა, მისი ბინიდან კი ორი ხელყუმბარა და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. თუმცა ციხიდან დღემდე უცნობი თანხის სანაცვლოდ მალევე გაათავისფლეს და ,,ზარალას” შავბნელი საქმეებიც მივიწყებას მიეცა. სწორედ ამის მერე იწყება გიორგი რამიშვილის წარმატებული ბიზნესსაქმიანობაც.

,,ნაციონალებთან” გარიგებით შექმნილი ბიზნესინდუსტრია

“სილქ როუდ ჯგუფი” 1998 წელს დაფუძნდა და იგი ძირითადად ნავთობპროდუქტების გადაზიდვით იყო დაკავებული. კომპანიამ საკუთარი საქმიანობის გაფართოება კი 2005 წლიდან დაიწყო, ტრანსპორტირების, ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციის, სასტუმრო ინდუსტრიის, ფინანსური მომსახურებისა და სხვა სფეროებში მისი წილი მუდმივად იზრდებოდა და ახალი კომპანიების შექმნასა თუ მითვისებასაც ადვილად ახერხებდა. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანია ,,სილქნეტი” სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს გამოჩნდა და ბაზრის ათვისებაც აქტიურად დაიწყო. მან ღია დაპირისპირება გამოუცხადა კონკურენტ კომპანია “კავკასუს ონლაინს” და მათი ინტერნეტკაბელების დაზიანებასაც კი არ ერიდებოდა. მალევე ხელისუფლების ზეწოლითა და შანტაჟით ,,კავკასუს ონლაინი” მის კანონიერ მფლობელს მამია სანადირაძეს დაათმობინეს და იგი ,,ნაციონალური მოძრაობის” კარის ბიზნესმენების ხელში გადავიდა. შედეგად ინტერნეტბაზარზე მყოფი ორი კომპანია შეთანხმებული მოქმედებითა და მაღალი ტარიფით ძირითადად საკუთარი შემოსავლების ზრდაზე ზრუნავდნენ და ,,ატკატები” ,,ნაციონალების” მაღალჩინოსნებთანაც მიჰქონდათ, რითიც სამომავლო გარანტიებს იქმნიდნენ. სწორედ მაშინ შეიქმნა ის ოლიგოპოლიური მახინჯი სისტემა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც დღემდე გრძელდება.

არანაკლებ ცნობილი ფაქტია “ნაციონალების” დროს, თუ როგორ გამოყარეს დევნილების სასტუმრო “ივერია”–დან და როგორ აშენდა იქ ახალი სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”, რომლის მფლობელიც გიორგი რამიშვილია და გარდა თბილისის სასტუმროსი მან სასტუმროები ააშენა წინანდალში, ბათუმში და თბილისში, ფოსტის ყოფილ შენობაში.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში ,,სილქ როუდ ჯგუფმა” ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონში თხევადი და მშრალი ტვირთების გადაზიდვების ლიდერის ადგილი დაიმკვიდრა. იგი უზრუნველყოფს კასპიის საზღვაო ტვირთების გადატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, ყაზახეთის, რუსეთის და თურქმენეთის საპორტო გადაზიდვების ჩათვლით.

,,ნაციონალების” დამფინანსებელი საერთო ენის გამონახვას “ოცნებასთანაც” ახერხებს

ის ბიზნესმენები, ვინც ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს ხელისუფლების მხარდაჭერით მდიდრდებოდნენ, გარდა იმისა, რომ “ატკატები” მიჰქონდათ სააკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, მათი ბიზნესების გარკვეული ნაწილი სწორედ სააკაშვილს და მის გარემოცვას ეკუთვნოდა და ფორმალურად ჰქონდათ ამა თუ იმ ბიზნესმენზე გაფორმებული. ხელისუფლების ცვლილების შემდგომ აღნიშნული ბიზნესები ან გაიყიდა, ან კვლავ ძველი მფლობელების ხელში დარჩა იმ პირობით, რომ წილები შესაბამის ადამიანებს კვლავ მიუვიდოდათ. სწორედ სააკაშვილის ბიზნესების მფლობელად მოიაზრება ,,ზარალაც” და მედიაში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ იგი ,,ნაციონალური მოძრაობას” ღიად თუ ფარულად დღემდე აფინანსებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, რამიშვილს საერთო ენის გამონახვა არც ,,ქართულ ოცნებასთან” გასჭირვებია და გარდა იმისა, რომ საკუთარი ბიზნესები შეინარჩუნა მათ გაფართოებასაც მიჰყო ხელი. სულ რამდენიმე თვის წინ ,,სილქნეტმა” ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მობილური ოპერატორი ,,ჯეოსელი” შეიძინა, რითიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა და ბაზარზე არსებული მცირე კონკურენცია სრულად დაასამარა.

შთამბეჭდავი ბიზნესინდუსტრია

საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ის ბიზნესები, რომელსაც ,,ზარალა” დღეისათვის ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ზუსტად ყველა მისი ბიზნესის დადგენა, რადგან ნაწილი სხვადასხვა ადამიანებზე აქვს გაფორმებული, გთავაზობთ იმ ბიზნესების ჩამონათვალს, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით რეალურად მის სახელზე ფიქსირდება.

სასტუმრო ინდუსტრია – ,,რადისონ ბლუ”
სასტუმროების ქსელი ,,რადისონ ბლუ”, თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროს აერთიანებს. ესენია – ,,რადისონ ბლუ ივერია”, ,,რადისონ ბლუ ბათუმი”, “რადისონ ბლუ წინანდალი”, ”რადისონ ბლუ ტელეგრაფი”, ”რესპუბლიკა”

ტელეკომუნიკაცია – “სილქნეტი”, ”ჯეოსელი”
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ,,ზარალა” ორ მსხვილ კომპანიას – ინტერნეტპროვაიდერ “სილქნეტსა” და მობილურ ოპერატორ “ჯეოსელს” ფლობს. გარდა ამისა საბითუმო ინტერნეტის გაყიდვითაც არის დაკავებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ფინანსური მომსახურება – “სილქ როუდ ბანკი”
“სილქ როუდ ჯგუფის” შემადგენლობაშია კომერციული ბანკი “სილქ როუდ ბანკი”, რომელსაც საქართველოში ოთხი ფილიალი აქვს, ორი თბილისში, ხოლო ორი ფოთსა და ბათუმში.

უძრავი ქონება – Development Solutions 
რამიშვილი ფლობს, უძრავი ქონების განვითარების კომპანია Development Solutions , რომელიც ერთის მხრივა მისივე სასტუმროების მშენებლობით არის დაკავებული და მეორეს მხრივ, მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს კონცეფციის განვითარების, ფინანსურ მოდელირების და მშენებლობის პროცესის მართვის ჩათვლით.

ტრანსპორტირება – სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები ცენტრალური აზიასა და კავკასიაში
,,სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანია უზრუნველყოფს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თხევადი და მშრალი ტვირთების გადაზიდვას. მათ შორის ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას.

ხორცპროდუქტები – ,,ვაკე”
გიორგი რამიშვილი 18,75%–იან წილს ფლობს ხორცპროდუქტების კომპანია “ვაკეში”

ყავის კომპანია – ყავა ,,ბარონი”
შპს კ.ლ.გ, რომელშიც გიორგი რამიშვილი 33%–იან წილს ფლობს, დაკავებულია ვაჭრობით და იგი ყიდის ყავა ,,ბარონს”

გიორგი კაპანაძე

Share