Home » ეკონომიკა » მიწა, რომელიც არ დამუშავდება, სუბსიდირებისა და თანადაფინანსების პროგრამაში ვერ ჩაერთვება
მიწა, რომელიც არ დამუშავდება, სუბსიდირებისა და თანადაფინანსების პროგრამაში ვერ ჩაერთვება

მიწა, რომელიც არ დამუშავდება, სუბსიდირებისა და თანადაფინანსების პროგრამაში ვერ ჩაერთვება

საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც არ დაამუშავებენ კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, იქნება გარკვეული სანქციები. სანქცია აუცილებლად ჯარიმას არ გულისხმობს. ჩვენი ინიციატივა გახლავთ ის, რომ ისინი ვერ ჩაერთვებიან სახელმწიფო სუბსიდირებისა და თანადაფინანსების პროგრამებში, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ გააცნო.

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ვთავაზობთ უფასო რეგისტრაციას, ფერმერთა რეესტრს, ახალ კანონს ფერმერული მეურნეობების შესახებ, რომელიც სრულფასოვან ინფორმაციას მოგვცემს მათი მდგომარეობის შესახებ, რათა სწორი მიდგომები ჩამოვაყალიბოთ ფერმერთა მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, ყველა ამ სიკეთეზე მათ აღარ ექნებათ წვდომა თუ არაკეთილსინდისიერად მიუდგებიან საკითხს“, – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, კანონის მოქმედი ვერსია ითვალისწინებს სანქციებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. სამი წლის მანძილზე თუ ისინი არ დაამუშავებენ მიწის ნაკვეთს, ჯარიმა, შესაძლოა, 20 0000 ლარიდან 30 000 ლარამდე განისაზღვროს.

დანელიამ კანონპროექტის განხილვებში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართულობას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ კანონის პრინციპული ნაწილი პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი, რომლის ინიცირებაც მოვახდინეთ, სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით იყოს გამჭვირვალე.

ინტენსიურად ვხვდებით როგორც დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო და ფინანსურ სექტორს. რაც შეეხება კანონის ძირითად ნაწილს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს არ ექნება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება, თუმცა მას ექნება იჯარის უფლება შეუზღუდავად. იურიდიული პირების შემთხვევაში დომინანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ქართული სუბიექტი. მემკვიდრეობით ნაწილში ვფიქრობთ, რომ წავახალისოთ ეს მიმართულება და მთელი რიგი შეღავათებია დაწესებული. ამასთან, მთავრობის დისკრეციის ნაწილი სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თვალსაზრისით რჩება ძალაში,”-განაცხადა დანელიამ.

Share