Home » საზოგადოება » მიტაცებული, დაკარგული და 1 ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება, პრივატიზაციის პრობლემა და ერთ მყიდველზე მორგებული აუქციონები აჭარაში
მიტაცებული, დაკარგული და 1 ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება, პრივატიზაციის პრობლემა და ერთ მყიდველზე მორგებული აუქციონები აჭარაში

მიტაცებული, დაკარგული და 1 ლარად გადაცემული სახელმწიფო ქონება, პრივატიზაციის პრობლემა და ერთ მყიდველზე მორგებული აუქციონები აჭარაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. გთავაზობთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის შედეგად გამოვლენილ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებს.

მიტაცებული სახელმწიფო მიწის ნაკვეთები აჭარაში

აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის და ჩატარებული დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ 12 შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თვითნებურად დაკავებული აქვთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს.

სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები მათთვის ცნობილია და მიმდინარეობს მუშაობა სამართლებრივი რეაგირების ფორმების შერჩევისა და გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობა, ძირითადად, ქონების უკანონოდ სარგებლობის ფაქტების დადასტურების და სამინისტროს და მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებით შემოიფარგლება. აუდიტის პერიოდში ზემოთ აღნიშნული ქონების უნებართვოდ გამოყენება გრძელდებოდა და რიგ შემთხვევებში, აუქციონის გამოცხადებისას, ვერ მოხერხდა ქონების გამოთავისუფლება. შედეგად, აუქციონები არ შედგა, რაც შესაძლოა საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდეს.

სასესხო ვალდებულებით დატვირთული და დაკარგული სახელმწიფო ქონება

აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად ირკვევა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, ვერ ხერხდება ქონებების ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დაბრუნება.
უმეტეს შემთხვევებში, პრივატიზებული ქონება დაიტვირთა იპოთეკით და დაყადაღდა. მყიდველების მიერ სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, სახელმწიფო ქონება საკრედიტო დაწესებულების კუთვნილება გახდა.

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ სამინისტროსა და მერიაში, ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე. ამასთანავე, 2008-2012 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, მყიდველების მიერ, სამინისტროს თანხმობით ქონება დაიტვირთა იპოთეკით და დაყადაღდა, რამაც 546,480 ლარის ღირებულების ქონებაზე ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების დაკარგვა განაპირობა. ამრიგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი ფორმით განკარგვისას, არ ხდებოდა შემსყიდველი კომპანიის საფინანსო მდგომარეობის შესწავლა და სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო მონიტორინგი, რაც შესაძლოა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის რისკებს შეიცავდეს.

არასწორი პრივატიზების შედეგად დაკარგული 5.5 მილიონი ლარი

ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, ერთი და იმავე ქონების სხვადასხვა პერიოდის შეფასებები ურთიერთგამომრიცხავია, რის შედეგად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალი ფასით განკარგვის შემთხვევებს.

ასევე, აუდიტის პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როცა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი ბრძანებებით შემცირებულია. სხვადასხვა შემთვხვევაში, ექპერტის მიერ შეფასებული ქონების ღირებულება, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ჯამში შემცირებულია 4,913,055 ლარით. აუქციონები ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში წარიმართა, რის შედეგად აღნიშნული ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით, ჯამში 2,890,055 ლარით ნაკლები თანხით განხორციელდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ სრულდება ან/და ქონება დატვირთულია იპოთეკით, რაც საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების არაეფექტურობაზე მიუთითებს და საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელების რისკებს შეიცავს. ამასთანავე, ფიქსირდება საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომის შემთხვევა.

როგორც აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, სამინისტროსა და მერიაში არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით, ჯამში სავარაუდოდ 5,579,722 ლარით ნაკლები თანხით განხორციელდა. ამასთანავე, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების საკითხთან მიმართებით, ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, რაც შესაძლოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის რისკებს შეიცავდეს.

უკონკურენტო და მყიდველზე მორგებული აუქციონები

2017-2018 წლებში, სამინისტროს და მერიის მიერ, ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებით, გამოცხადებულია 332 აუქციონი, რომელთაგან 81, საერთო რაოდენობის 24,3% არ შედგა, ხოლო ? 175-ში, საერთო რაოდენობის 52,7%-ში, ქონება უკონკურენტო გარემოში ერთი ბიჯით განიკარგა.

აუქციონის შედეგების შესაბამისად, 50,622,376 ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების ქონება 92,546,557 ლარად, 82,8%-ის ფასნამატით გაიყიდა, ხოლო საწყისი სარგებლობის საფასური 79,9%-ით გაიზარდა და გადასახდელმა საიჯარო გადასახადმა 5,160,078 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში პრივატიზებული ქონების საწყისი ღირებულება, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული აუქციონების შემთხვევებში, საწყის საპრივატიზებო ღირებულებასთან მიმართებით 132,7-პროცენტიანი ფასნამატით განიკარგა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველა აუქციონის კონკურენტულ გარემოში ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა ბიუჯეტს დამატებით 25,251,712 ლარის შემოსავალი მიეღო. აუდიტის პერიოდში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებით გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში, აუქციონის პირობები, ქონების შეძენის კონკრეტული მსურველის მიერ წარმოდგენილი პირობების ანალოგიურია, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, რიგ შემთხვევებში დაწესებულია შეზღუდვა, კერძოდ: მითითებულია, რომ ქონების პრივატიზება განხორციელდება დარეგისტრირებული კონფიგურაციით, ასევე მიწის გაყოფისას შემცირებულ ფართზე, მშენებლობის უფლების გარეშე. მშენებლობა შესაძლებელია, მხოლოდ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან გაერთიანების შემთხვევაში. აღნიშნული შეზღუდვების გამო, აუქციონები უკონკურენტო გარემოში მიმდინარეობდა და შედეგად, ბიუჯეტმა დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

კურორტ გოდერძიზე 27 მილიონის საინვესტიციო პროექტები შეფერხებულია

სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016-2018 წლებში კურორტ გოდერძის განვითარების მიზნით, განხორციელდა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 90,880 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 300 კვ.მ შენობა-ნაგებობის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. საერთო მონაცემების მიხედვით, პრივატიზების საფასურმა 1,022,028 ლარი შეადგინა. ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27,300,000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას განაპირობებს.

ასევე, აღნიშნული ხელშეკრულებებიდან 3 შემთხვევაში, ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, აუდიტორული დასკვნები არ არის წარმოდგენილი, ხოლო ერთ შემთხვევაში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა არ ასახავს რეალურ მდგომარეობას.

აუდიტის დასკვნის მიხედვით სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფიქტიური მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება. ამასთანავე, დამოუკიდებელი აუდიტორების ჩართულობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგში, რომელიც სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს, შესაძლოა სამინისტროს შესაბამისი პირების მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებასა და კერძო სუბიექტის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებებზე მიანიშნებდეს.

უსასყიდლოდ და 1 ლარად გადაცემული ქონება

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2017-2018 წლებში 61 შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვა განხორციელდა პირდაპირი განკარგვის ფორმით. მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 26 შემთხვევაში, ხოლო სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულება ? 35 შემთხვევაში. საერთო მონაცემების შესაბამისად, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული 11,022,761 ლარის ღირებულების ქონება გასხვისდა 9,288,873 ლარად. ამასთანავე, 6 შემთხვევაში საპრივატიზაციო/სარგებლობის საფასურად 1 ლარი განისაზღვრა, ხოლო 6 შემთხვევაში ქონება სარგებლობაში გადაცემულია უსასყიდლო უზუფრუქტის წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლამდე იზრდებოდა ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციის მოცულობა 85%-ით შემცირდა. პირდაპირი განკარგვის ფორმის გამოყენების არგუმენტები და ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ ვერ წარმოადგინა.

აუდიტის პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება ყველა შემთხვევაში გასხვისებულია კონკურენტული შერჩევის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით. 2017-2018 წლებში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან 14 შემთხვევაში, ანუ საერთო რაოდენობის 53,8 პროცენტში, ხელშეკრულებების პირობები არ სრულდება, რაც პირდაპირი მიყიდვის დროს ინვესტორის ფინანსური შესაძლებლობების არასათანადო შესწავლის შედეგია და არ შეესაბამება “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრულ მიზნებს.
იჯარით გაცემული ქონებიდან მიუღებელი თანხები

სამინისტროს და მერიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციებით, აუდიტის პერიოდში მოქმედებდა ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული 211 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად, განსაზღვრული საიჯარო გადასახადის თანხები მეიჯარეებთან არ არის აღრიცხული მოთხოვნებში. ამასთანავე, ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გაირკვა, რომ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, გადაუხდელმა საიჯარო გადასახადმა 1,183,079 ლარი შეადგინა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით დარიცხვას ექვემდებარება 792,249 ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 5 შემთხვევაში, 571,811 ლარის საიჯარო გადასახადის გადახდის მოთხოვნით შესაბამისი სასარჩელო განცხადებები შეტანილია ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა აუდიტის პერიოდში გადაწყვეტილებები აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

ასევე, აუდიტის პერიოდში, გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების ანალიზით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, არ ფორმდებოდა იჯარით გაცემული ქონების მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად, ვერ დგინდება მოიჯარის მიერ ვალდებულების შესრულების მდგომარეობა.

გიორგი რანი

Share