Home » ეკონომიკა » მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს მთავარი მიზანი ამერიკული ბიზნესის დაინტერესებაა

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს მთავარი მიზანი ამერიკული ბიზნესის დაინტერესებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონს ესტუმრა. მიზანი აშშ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაა. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-საქართველოს კონსორციუმმა 250 მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც ამერიკული კომპანიის მხრიდან შავი ზღვის პორტის აშენებას ითვალისწინებს. ატლანტიკური საბჭო აქვეყნებს ინტერვიუს მიხეილ ჯანელიძესთან, სადაც საუბარია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე.

– დღესდღეობით ევროკავშირს უამრავ პრობლემასთან გამკლავება უწევს, – მიგრანტების ულევი ტალღა, ევროზონის კრიზისი, გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმი, – დარჩება თუ არა ბრიტანეთი ბლოკში. ამ პირობებში რატომაა საქართველოსთვის კვლავ მნიშვნელოვანი ევროკავშირში გაწევრიანება?

– ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ხელისუფლების ნებაზე არ არის დაფუძნებული. ქართველი ხალხი მიისწრაფვის ევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისკენ, რაც ევროპული ინტერესებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარეობს. სწორედ ამ ინტერესებს იზიარებს საქართველოც.

ევროკავშირთან ინტეგრაცია ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებასთან ასოცირდება. ბიზნესისა და კერძო სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ამ პროცესთან, რათა ქართული მხარე გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე.

ამ დროისთვის მიღწეულმა შეთანხმებებმა, – ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA, უკვე დაგვანახეს შედეგები ეკონომიკური თვალსაზრისით. საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებული საქონლის წარმოების ზრდა თვალშისაცემია, მათ შორის ქართული ბაზრისთვის არადამახასიათებელი, არატრადიციული, საქონლისაც.

კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ვიზალიბერალიზაციამ გაამარტივა შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მოიძიონ უცხოელი პარტნიორები და მათთან ერთად აწარმოონ ვაჭრობა. აგრეთვე, შეიქმნა შესაძლებლობა უფრო მეტმა ქართველმა გაიცნოს ევროპული კულტურა ახლოდან და მიიღონ ევროპული განათლება.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ისტორიულ ოცნებას გავხდეთ ევროპული სოციუმის წევრი.

– საქართველომ აიღო ვალდებულება, შეასრულოს ოთხ პუნქტიანი რეფორმის გეგმა. რა შესაძლებლობებს აჩენს აღნიშნული გეგმა ამერიკული კომპანიებისთვის?

– ოთხ პუნქტიანი რეფორმის გეგმა საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივაა. გეგმის მთავარი მიზანი ქართული ბაზრით ახალი ბიზნესების დაინტერესებაა, რაც ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას მოემსახურება.

პირველი პუნქტი საინვესიტიო კლიმატის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც საგასახადო სისტემის ლებერალიზაციას გულისხმობს. ამ კუთხით, საქართველო ისედაც მსოფლიოს 6 საუკეთესო ქვეყანაში შედის და ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო ბევრ, ახალ შესაძლებლობას შექმნის რეინვესტირებისთვის. ასევე, იგეგმება ახალგაზრდებისთვის ბიზნესის წარმოების ხელშეწყობა.

მეორე, ჩვენი მმართველობითი სისტემა გახდება გაცილებით ინკლუზიური. ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. ეს, პროცესის გამჭირვალეობასაც შეუწყობს ხელს.

მესამე პუნქტი ინფრასტუქტურას ეხება. საქართველოს აქვს სავაჭრო-სატრანზიტო გზებისთვის ძალიან კარგი ადგილმდებარეობა. ინფრასტუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ამ რეგიონების სხვა ქვეყნებთან დაკავშირებასაც. ინფრასტრუქტურის განვითარება მთავარი გამოსავალია სხვა ეკონომიკური სექტორების განვითარებისთვისაც. მაგალითად, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და უამრავი სხვა.

ბოლო, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია განათლება. სახელმწიფო უნდა დარწმუნდეს, რომ ამ სფეროს დაფინანსება სწორი კუთხით მიმდინარეობს. დამატებითი სახსრები გამოიყოფა სპეციალური პროგრამების დასაფინანსებლად, რადგან ბაზარზე შეიქმნას მოთხოვნა კურსდამთავრებული სტუდენტების სამუშაო ძალის მიმართ, რაც სოციალურ მდგომარეობასთან ერთად, კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ასევე შეიქმნება პროფესიული კურსები ახალი უნარების ასათვისებლად.

ამ ოთხპუნქტიანი გეგმის გარდა, ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA, გვავალდებულებს საპენსიო და საბაზრო კაპიტალის რეფორმის შექმნა-განვითარებას.

1997 წლის შემდეგ აშშ საქართველოს უმსხვილესი ინვესტორია. დღესდღეობით, აშშ აწარმოებს ისეთ სექტორებში ინვესტირებას, როგორებიცაა უძრავი ქონება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბაზარზე ახალი კომპანიების აქტივობა შეინიშნება. უახლესი მაგალითი Conti Group არის, რომელმაც საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. შავი ზღვის “ღრმა წყლის პორტის” მშენებლობას სწორედ ამერიკული კომპანია განახორციელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკული მხარის საქართველოსთვის მსგავსი მნიშვნელობის მქონე პროექტში მონაწილეობა დააინტერესებს სხვა კომპანიებსაც და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ბიზნესის წარმოების კუთხით გაძლიერდება. ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე ამერიკული ინვესტიციების მოცულობა 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

– არ შეიძლება არ შევეხოთ რუსეთის საკითხს. საქართველო დამოკიდებულია რუსულ გაზზე. რა წინააღმდეგობას შეეჯახა ქართული მხარე ენერგოუსაფრთხოების კუთხით?

– დღესდღეობით საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომელიც ამავდროულად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რუსული “გაზპრომისგან” ჩვენ მხოლოდ სატრანზიტო უფლებებით გათვალისწინებულ გაზის მარაგს ვიღებთ, ისიც ნატურით გადახდის პირობებით.

– ირანი ენერგეტიკის სფეროში მთავარი მწარმოებელია. რა შესაძლებლობები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს ირანთან ბირთვული გარიგების მიღწევის შემდეგ?

– შედეგი საქართველო-ირანის ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმის შექმნაა. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს სავაჭრო და სატრანზიტო მიმართულებებით. საქართველო მზად არის ითანამშრომლოს ირანთან და სწორედ ჩვენი ქვეყნის გავლით შეეძლება მიაწოდოს ევროპას ბუნებრივი აირის საჭირო მარაგი. არც ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გამოვრიცხავთ სხვა სფეროების განვითარების კუთხით.

გიორგი კაპანაძე

Share