Home » საზოგადოება » მიხეილ ბატიაშვილი – 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს
მიხეილ ბატიაშვილი - 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს

მიხეილ ბატიაშვილი – 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს – რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან“, – განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუში მიხეილ ბატიაშვილი ასევე შეეხო სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ გამოცდებისთვის მიღებული ცოდნა ზედაპირულია.

„ჩვენ თუ მხოლოდ ბოლო ორ წელიწადზე გავაკეთეთ აქცენტი, გამოდის, სკოლა ფუნქციას კარგავს, რადგან ვალდებულია, პირველიდან ბოლო კლასამდე მისცეს ბავშვს სათანადო განათლება. განათლების დღევანდელი­ შედეგები ისეთი დაბალია, ამაზე უარესი რთული წარმოსადგენია. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ. როდესაც მასშტაბური რეფორმები ტარდება, ბუნებრივია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ფაქტია, რაღაც აუცილებლად შესაცვლელია. სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას! დღეს როგორც მშობლის, ასევე ბავშვის მთლიანი რესურსი ბოლო ორ წელიწადში რეპეტიტორებთან მომზადებაზე იხარჯება, რადგან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ავტომატურად ჩნდება გარე გადამზადების მოთხოვნა. როდესაც სკოლა დაიბრუნებს ფუნქციას, რეპეტიტორების პრობლემაც მოიხსნება“, – დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.

Share