Home » ფინანსები » მიძინებული ლარი ცუდად შეტორტმანდა – ხომ არ იწყება გაუფასურება?
მიძინებული ლარი ცუდად შეტორტმანდა - ხომ არ იწყება გაუფასურება?

მიძინებული ლარი ცუდად შეტორტმანდა – ხომ არ იწყება გაუფასურება?

“ბანკებიდან დიდი მოცულობით გაედინება თანხები, ასევე – შავი ბაზრებიდანაც, რაც კურსს პრობლემას უქმნის”

ლარის გაუფასურების მორიგი ეტაპი დაიწყო, თუმცა შედარებით მასშტაბური ვარდნა ეროვნულ ვალუტას საშუალოვადიან პერსპექტივაში ემუქრება. საფინანსო სფეროს ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში კურსს 2,85 ნიშნულის ფარგლებში გაუფასურება ელოდება. მანამდე კურსი კვლავინდებურად 2,70-2,72 ლარის ფარგლებში იმერყევებს, თუმცა გუშინ ლარმა ეს წონასწორობა უკვე დაარღვია და ერთ დღეში უცებ 3 პუნქტით დაეცა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე პერიოდში ლარის კურსზე გავლენა უცხოური ვალუტის გადინებამ და მეზობელ ქვეყნებში არსებულმა სავალუტო პრობლემამ მოახდინა. სპეციალისტების მეორე ნაწილი ლარის გაუფასურებას, ძირითადად, მაინც ეროვნული ბანკის ინტერვენციებს უკავშირებს. კერძოდ, სავალუტო ცვლილების მიზეზად ისინი დოლარის შესყიდვასა და ლარის ფულადი მასის ზრდას მიიჩნევენ.

“ფინექს 1970”-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში არსებული კურსი შენარჩუნდება, თუმცა შემოდგომისას კურსს ნახტმოსებრი გაუფასურება ელის. შენგელია ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ საუბრობდა, რომ კურსი ამ ეტაპისთვის 2,72 ნიშნულამდე ჩავიდოდა და მისი პროგნოზი 100%-ით გამართლდა.

“ინფრასტრუქტურული პროექტებია, ფულის მასის მატება შეინიშნება, რაც ლარზე ყოველთვის აისახება. ახლაც ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მოლოდინი, რომ ლარი დაიწყებს მოძრაობას და ეს გადავა სხვა დიაპაზონში, ანუ 2,72-ის ნიშნულის ფარგლებში, გამართლდა. ეროვნული ბანკი განაგრძობს სავალუტო შესყიდვებს რეზერვების შევსების მიზნით, რაც კურსზე აისახება.

ლარზე ძლიერ მოქმედებს სიტუაცია ჩვენს სამეზობლოში. ერთ-ერთი ფაქტორია რუსული რუბლის შესუსტება, ეს ტენდენცია დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწყო. 3 კვირაზე მეტია, რაც თურქული ლირაც უფასურდება. ბოლო 1 თვეში ის 13%-ით დაეცა, ლარი კი ჯერჯერობით – მხოლოდ 1.1%-ით. შესაბამისად, საქართველოში მომუშავე თურქული და რუსული კომპანიები ახდენენ დოლარის გატანას. გარკვეულწილად, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც უცხოური კომპანიები ახორციელებენ, ისინი დიდი რაოდენობით იღებენ ლარის რესურსს და უკვე უცხოურ ვალუტაში ახდენენ კონვერტაციას, ეს ზრდის დოლარზე მოთხოვნას.

საქართველოს ბანკებიდან დიდი მოცულობით გაედინება თანხები, ასევე – შავი ბაზრებიდანაც, რაც კურსს პრობლემას უქმნის. პატარა ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ ამაზე დაყრდნობით ვაკეთებთ პროგნოზს, რაც, ხშირ შემთხვევაში, მართლდება. ამ ეტაპზეც დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ოქტომბერ-ნოემბერში კურსი 2,85-იან ნიშნულს მიაღწევს, თუმცა მოკლე პერიოდში საგრძნობი რყევები არ იქნება და კურსი 2,72-ის ფარგლებს არ გასცდება.

მართალია, ტურისტები გააქტიურდნენ და ეს სტატისტიკითაც ჩანს, მაგრამ ამ ფაქტორს საქართველოსთვის არ აქვს ეფექტი და კურსზე სასიკეთოდ არც ამჯერად აისახება”, – ამბობს “რეზონანსთან” ნიკა შენგელია.

ექსპერტთა ნაწილი ლარის გაუფასურებას სეზონური ცვლილებით ხსნის და ამბობს, რომ კურსი შეიცვლება, როგორც კი ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები გაჩნდება. ექსპერტ გოჩა თუთბერიძის აზრით, ეს პროცესი, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებიდან არის მოსალოდნელი.

“კურსის პროგნოზი უკვე წარმოუდგენელია. ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დროთა განმავლობაში ვაკვირდებით ტენდენციას და ვხედავთ, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ იცვლება, რამაც შეიძლება, ლარზე გავლენა მოახდინოს. მცირედი რყევები ყოველთვის იქნება. ფულის ოდნავ გადინება მოხდა და, ალბათ, კურსზე ეს ფაქტორიც აისახა, თუმცა გარკვეულ გავლენას სეზონიც ახდენს.

ეკონომიკისთვის ჯერჯერობით ცოტა მიძინების პერიოდია. სავარაუდოდ, 1-2 კვირის შემდეგ უფრო პოზიტიური ცვლილებები წავა, მაგრამ რყევა შენარჩუნდება. ეკონომიკური სტრუქტურა სანამ არ შეიცვლება, ყოველთვის ეს ვითარება გვექნება”, – ამბობს თუთბერიძე.

ლარის გაუფასურებას ფუნდამენტური ფაქტორის გავლენად მიიჩნევს საბანკო სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი.

“ბოლო დრომდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეროვნულმა ვალუტამ თავისი სტაბილურობის წერტილი დაიჭირა. მიუხედავად ამისა, რყევა ისევ დაიწყო, ვერ გეტყვით, ეს დროებითი მოვლენაა თუ ისევ გაგრძელდება. პროცესს უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ ვივარაუდოთ, რა შეიძლება, მოხდეს მომავალში. ჩემი აზრით, ლარისთვის საგარეო ვალები საკმაოდ დიდი წნეხია.

ცხადია, ყველაფერი ერთდროულად არ გადაიხდება, არსებობს საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი, რაც ჩვენთვის უცნობია. ნაკლებად ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კურსის ცვლილება ამ ფაქტორით იყოს გამოწვეული. შესაძლებელია, ეს მოჰყვა ექსპორტ-იმპორტის სხვაობას ან სხვა ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელსაც აქვს მხოლოდ ეპიზოდური და არა სისტემური ხასიათი.

ლარის სუსტი რყევა გაგრძელდება, მაგრამ ვადებს ვერავინ დააკონკრეტებს. ვფიქრობ, მკვეთრი ცვლილებები არ იქნება, საამისო მიზეზს ქართულ ეკონომიკაში ჯერჯერობით ნაკლებად ვხედავ”, – აღნიშნა თოქმაზიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას.

რეზონანსი

მარი ჩიტაია

Share