Home » ბიზნესი » მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ექსპორტის ხელშემწყობი ვებ-პორტალი – Tradewithgeorgia აამოქმედა    
მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ექსპორტის ხელშემწყობი ვებ-პორტალი – Tradewithgeorgia აამოქმედა    

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ექსპორტის ხელშემწყობი ვებ-პორტალი – Tradewithgeorgia აამოქმედა    

საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის სპეციალური დამხმარე ვებპორტალი – Tradewithgeorgia ამოქმედდა, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები უცხოურ კომპანიებს დაუკავშირდებიან და საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას დეტალურად გააცნობენ. ექსპორტის განვითარების სტიმულირებისათვის მსგავსი ვებ-პორტალის ამოქმედება წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების 2015 წლის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მის შექმნაზე საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მუშაობდა. უფრო კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რას შეუწყობს ხელს აღნიშნული ვებ-პორტალის არსებობა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ციკოლია გვესაუბრება.

რა პრობლემები არსებობს დღეს ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის და როგორ იმუშავებს პორტალი Tradewithgeorgia და კონკრეტულად რაში დაეხმარება ის მეწარმეებს?

– მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი არის მაღალი, ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბიზნესურთიერთობის დამყარების კუთხით, ასევე ახალ ბაზრებზე გასვლის კუთხით, ჩვენს მეწარმეებს ხშირ შემთხვევაში ბევრი პრობლემა ექმნებათ. ეს ეხება, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს, ვინც პირველად გადის ექსპორტზე და ამ მხრივ გამოცდილება არ გააჩნია, თუ როგორ უნდა დაამყაროს ურთიერთობა უცხოელ პარტნიორთან, რა ტიპის ინფორმაცია უნდა მოიზიდოს, როგორ უნდა განსაზღვროს რისკები, რომლებიც ექსპორტთან არის დაკავშირებული, თუ როგორ აწარმოოს საკუთარი საფასო პოლიტიკა და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კომპანიებს მხარი დავუჭიროთ და ეს პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, ანუ სავაჭრო პორტალი, არის ერთ–ერთი პროდუქტი, რომელიც მეწარმეებს მისცემს საშუალებას, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთან საზღვარგარეთ, ახალ ბაზრებზე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია და ზოგადად საკუთარი საქმიანობის შესახებ ცნობადობა აამაღლონ.

პორტალი – Tradewithgeorgia ზუსტად ისე იმოქმედებს, როგორც ნებისმიერი სხვა პორტალი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ წარმატებული პორტალის მართვა პრაქტიკულად ყოველთვის ხდება კერძო სექტორის მიერ და არა სახელმწიფო უწყების მეშვეობით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ის მიდგომა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე ამ სავაჭრო პორტალის კონცეფცია მოგვცემს საშუალებას, რომ კერძო სექტორი მაქსიმალურად ჩავრთოთ ამ პროცესში და ამასთან, ჩვენი ყოველდღიური მენეჯმენტის მეშვეობით, სათანადო დონეზე ავიყვანოთ ის მომსახურება, რომელსაც შევთავაზებთ კერძო სექტორს.

ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ამ საიტს სჭირდება პოპულარიზაცია. ამ კუთხით, დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ ბევრი მარკეტინგული კამპანია. მათ შორის გვინდა, რომ მსოფლიოში ცნობილ პორტალებზე, როგორებიცაა, – “ამაზონი”, “ალიბაბა”, “იბეი” და ა.შ. სადაც თავს იყრის ათიათასობით ტრეიდერი, ჩვენი პორტალის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს, სადაც იქნება საუბარი იმ პოტენციალზე, რაც ქვეყანას გააჩნია ექსპორტის კუთხით. რა თქმა უნდა, სხვა აქტივობებიც გვაქვს დაგეგმილი და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, რომ დაამყარონ ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთან.

გარდა ამისა, ჩვენ ყველა იმ საინტერესო ბაზრის ანალიზს ვაკეთებთ, რომელიც ექსპორტიორებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ლიცენზია კომპანია “ევრომონიტორი”–სგან გვაქვს შეძენილი, რომელიც საექსპორტო ბაზრების ანალიზით არის დაკავებული. შესაბამისად, ყველა იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო ექსპორტის კუთხით, გვექნება ინფორმაცია, თუ სად, რომელ პროდუქტზეა მოთხოვნა, რა ტიპის მომხმარებლები არსებობენ, როგორი უნდა იყოს საფასო პოლიტიკა და ა.შ.

ჩვენ ასევე გავხდით წევრები ევროპის მეწარმეთა ქსელის, რომელიც აერთიანებს 50 ათასზე მეტ მეწარმეს ევროკავშირის მასშტაბით და ეს ასევე არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ კომპანიას საკუთარი ინტერესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სამიზნე აუდიტორიას ევროპის მასშტაბით.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მეწარმეების ერთ–ერთი მთავარი პრობლემა არის ე.წ. ინტერნაციონალიზაცია, ანუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ექსპორტის განხორციელებას, არამედ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ქართველი მეწარმის მიერ უცხოეთში არსებულ პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობასთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების ინტერნაციონალიზაცია მოხდეს, რათა მათ შეძლონ გლობალურ ქსელში ჩართვა და დაინახონ, თუ როგორია პრაქტიკა და თანამედროვე მიდგომა ბიზნესის კეთების კუთხით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება მათთვის გამოცდილების მისაღებად, რათა შემდგომში მათი საექსპორტო პოტენციალი სათანადოდ ამაღლდეს.

ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქციის გატანისას ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რასაც მეწარმეები აწყდებიან, არის ქართული პროდუქციის ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებტან შეუსაბამობა, იქნება თუ არა ვებ–პორტალზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაცია?

– ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის იურიდიული ბაზა არსებობს ქვეყანაში ამ კუთხით, ასევე რა ტიპის რეფორმები ტარდება, პორტალზე იქნება განთავსებული. ამ პორტალის მთავარი მიზანია, რომ კომპანიებს მისცეს შესაძლებლობა, პოტენციურ პარტნიორებს საზღვარგარეთ საკუთარ პროდუქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ და ამ პროდუქციის შესახებ ინფორმაციაში აუცილებლად იქნება ნახსენები, თუ რა ტიპის სტანდარტით არის ნაწარმოები ესა თუ ის პროდუქცია და საერთოდ კომპანია რა ტიპის სტანდარტებს იყენებს წარმოების კუთხით. იქნება როგორც ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ასევე ქვეყნის შესახებაც, თუ რა ტიპის რეფორმები ტარდება და როგორ ხდება დანერგილი სტანდარტების ადაპტირება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სააგენტო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაშიც შედის. აგვისტოდან ვიწყებთ პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონებში მოღვაწე ჩვენს მეწარმეებს განავითარონ სასტუმრო ინფრასტრუქტურა, მოიზიდონ ფინანსები ბანკებისგან. პროცენტის თანადაფინანსებას მოახდენს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ამ კომპონენტში სიახლე არის ის, რომ თუ მოხდება საერთაშორისო ბრენდის მოზიდვა, ამ პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს, ე.წ. Royalty fee–ს, პირველი ორი წელი გარკვეული მოცულობით ჩვენ დავფარავთ.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share