Home » ეკონომიკა » მევენახეების სუბსიდირების ახალი „ნოუჰაუ“ – რთველის პროცესში სახელმწიფო კომპანია „აკურა“ ჩაერთო
მევენახეების სუბსიდირების ახალი „ნოუჰაუ“ - რთველის პროცესში სახელმწიფო კომპანია „აკურა“ ჩაერთო

მევენახეების სუბსიდირების ახალი „ნოუჰაუ“ – რთველის პროცესში სახელმწიფო კომპანია „აკურა“ ჩაერთო

რთველის სეზონი და სახელმწიფო კომპანია „აკურა“, რომელიც რთველის პროცესშია ჩართული

კახეთში მიმდინარე წლის რთველი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციით, 20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 91 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

გადამუშავებული ყურძნიდან 60 ათასი ტონა რქაწითელია, 25 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-ზე მეტი ღვინის მარანი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად „ქინძმარაულისა“ და „მუკუზანის“ ადგილწარმოშობის ზონაში მოყვანილი ყურძნის ჩაბარება-გადამუშავებას კადასტრის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული ფერმერები შეძლებენ და ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ სოფლის გამგებლების მიერ გაცემული ცნობის წარდგენა აღარ იქნება საჭირო

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის რთველი საკმაოდ მაღალი წარმადობით გამოირჩევა. ჯამში წელს კახეთში 220-240 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის ლევან მეხუზლას განცხადებით, ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, ბუნებრივია, გაზრდილია საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, თუმცა შტაბის თანამშრომლების მიერ ხდება რიგების ორგანიზებული მართვა და მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექმნებათ.

თუმცა, ყურძნის მაღალი მოსავლიანობის პირობებში, ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლოდინები ნეგატიურია, ხოლო ქართული ღვინის მთავარ ბაზარზე – რუსეთის ბაზარზე, ღვინის მიწოდება შემცირებული. ამ მოცემულობაში კი, შესაძლოა, ისევ დღის წესრიგში დადგეს მევენახეობისთვის სახელმწიფო სუბსიდიის გამოყოფის აუცილებლობა, თუმცა როგორც ლევან მეხზულა აცხადებს, სახელმწიფო ამჯერად სუბსიდიის გაღებას არ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რთველის დაწყებამდე მევენახეებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს კახეთში. დღეს საწარმოებში 1 კგ ყურძნის ჩაბარების ფასია 70 თეთრია. მევენახეების თქმით, მიზერული თანხაა. ისინი ამტკიცებენ, რომ ვენახების მოვლის ხარჯების ანაზღაურება და რაიმე მოგების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყურძენი სულ მცირე 1 ლარი იღირება.

მართალია სახელმწიფოს ფასზე პიდარპირი სუბსიდირება არ განუხორციელებლია, თუმცა მან საქმეში ჩართო სახელმწიფო კომპანია „აკურა“, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს მათ შორის, დაზიანებული ყურძენს, რომელიც კერძო კომპანიებისთვის არ იქნება საინტერესო.

კითხვაზე, არის თუ არა ეს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, დავითაშვილი პასუხობს, რომ სახელმწოფოს “აკურასთვის” ფული არ მიუცია და ეს არის საფინანსო სექტორიდან მიღებული დაფინანსება.

“ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სახელი დავრქვათ ამას, ჩვენ ამას შეგვიძლია დავარქვათ მათ შორის, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა და გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტები აქ რა თქმა უნდა, არსებობს იმის გამო, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები დავიცვათ და ისინი ბედის ანაბარა არ დავტოვოთ.

ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ სუბსიდირების სხვადასხვა ფორმა გამოვიყენეთ ბოლო ბევრი წლის განმავლობაში, გამოვედით პირდაპირი ფასის სუბსიდირების რეჟიმიდან, ჩვენი მოსახლეობა და ფერმერები, მათ შორის ყურძნის ჩამბარებელი ფერმერები, მწარმოებლები, მევენახეები არ დაგვიტოვებია ბედის ანაბარა. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის მოგვყვება. აქედან გამომდინარე, წელსაც ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით იმისთვის, რომ მათი მოსავალი დავაბინავოთ და ეს არ ეხება მხოლოდ ყურძნის მწარმოებელ ფერმერებს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მალფუჭებად პროდუქტზე, იქ სახელმწიფო აკეთებს ინტერვენციას და ეს არის ზუსტად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის და პასუხისმგებლობის შედეგი.

ამ შემთხვევაში ოპერაციებს აწარმოებს სახელმწიფო კომპანია. რა თქმა უნდა, ის ამ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც სამინისტრო განუსაზღვრავს.

თანხები, რომელზეც საუბარია, ეს არის კერძო კომერციული კრედიტები. ეს არის კომერციული ბანკიდან, კომერციული პროცენტით აღებული კრედიტები, ამიტომ მათი ოპერაციები შეიძლება იყოს ისეთი, რომ მათ მოახერხონ მათ შორის მოგების მიღება. ეს გამოჩნდება მათ შორის იმის მიხედვით, როგორი იქნება საერთაშორისო კონიუნქტურა ღვინომასალებზე 2019 წლის მოსავლის შედეგად. ნოემბერში დგება ხოლმე ძირითადად ჩამოსასხმელ ღვინოებზე და სპირტიან სასმელებზე ფასები, დაველოდოთ როგორი იქნება კონიუნქტურა.

ძალიან რთულია თქმა, როგორი იქნება ოპერაციების შედეგი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ფული არ ჩაუდია, მაგრამ სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, გამოიყენა ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ ჩაუბარებელი ყურძენი ჩვენს ფერმერებს არ დარჩეთ”, – განმარტა მინისტრმა.

წელს მთავრობამ 20 მილიონი ლარი გამოყო იმისათვის, რომ რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრზე დაბალი არ იყოს. მთავრობა აფინანსებს საწარმო „აკურას“ კახეთში, რომელიც ამ ფასად, ანდაც, შესაძლოა, უფრო დაბალ ფასად ჩაიბარებს ისეთ ყურძენსაც, რომელიც კერძო ქარხნებმა უფრო იაფად შეაფასეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანია „აკურა“ ჩაბარებული ყურძნისგან სპირტს დაამზადებს. მართალია, ფასზე პირდაპირი სუბსიდირება არ განხორციელებულა, თუმცა, სახელმწიფოსგან მსგავს ქმედებას მაინც აქვს გარკვეულწილად სუბსიდირების ნიშნები, რასაც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა უწოდა. მისივე განმარტებით, ეს ფული კერძო სექტორიდანაა მობილიზებული, რომელიც ისევ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს და რომლის გადახდა „აკურას“ მიერ გაყიდული პროდუქციიდან გენერირებული თანხით უნდა მოხდეს. თუმცა, ერთი რამ აღსანიშნავია. მსგავსი ტიპის მიდგომა უფრო მისასალმებელი და გამართლებულია, ვიდრე ფასზე პირდაპირი სუბსიდირება, რომელსაც ერთჯერადი ეფექტი აქვს.

სანდრო პირველი

Share