Home » ახალი ამბები » მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს
მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სემინარზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მას ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების  დახმარების იმედი აქვს.

„ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ყოველთვის ვუთანაგრძნობდი აფხაზ ხალხს, რადგან ეს არ იყო ჩვენი და აფხაზების ომი. ეს იყო რუსეთ – საქართველოს ომი. ამას მოჰყვა საქართველოს დიდი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს არ სურს, რომ საქართველო ძლიერი იყოს და უნდა ისეთი ზემოქმედება მოახდინოს, რომ ზოგი რუსეთისკენ გაახედოს.

მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავს ევროპელად მიიჩნევს და ევროპისკენ მივისწრაფვით და არა დამპყრობლისკენ. ეს არასდროს მოხდება. ჩვენი საფლავები მოსპეს აფხაზეთში და აღარ გვაქვს შესაძლებლობა ჩავიდეთ. არ გვეძლევა საშუალება მოვილოცოთ ჩვენი სალოცავები. ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველა, თუ დაგვეხმარებით. ჩვენ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ვითხოვთ. რაც შეეხება დავით გარეჯის კომპლექსს, ესეც რუსეთიდან მომდინარეობს. ჩვენ ველოდებით სახელმწიფოს. ვნახოთ რას მიაღწევს სახელმწიფო მოლაპარაკებებით აზერბაჯანთან. ჩვენ შევხედავთ ამ ყველაფერს. შეგვიძლია, გვაქვს ურთიერთობები არამარტო სასულიერო, არამედ ქვეყნის პირველ პირებთან. სტატუს – კვოს აღდგენაზე ვიზრუნებთ. ვფიქრობ მიღწევადია. რაღაცებში ჩახედულები ვართ და რაღაცებს ვერ ვიტყვით ხმამაღლა“, – განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობმა სემინარზე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაყინულია და კარგი იქნება, თუ ევროკავშირი საქართველოს საკითხს ხშირად განიხილავს.

„ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები გაყინულია. არც ფიქრობენ ჩვენთან დალაპარაკებას. ჩვენი მიწა იყო და არის ისტორიული. რუსეთმა ზევიდან არ უნდა გვიყუროს და როგორც პარტნიორს, ისე უნდა გვიყუროს. ამ საკითხში ჩვენი ჩართულობა კარგი იქნება. დიდ მადლობას მოგახსენეთ, რომ ყოველთვის აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან კარგია. უკრაინაზე ხშირად არის ლაპარაკი და ხშირად საქართველოს საკითხი გამოტოვებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ და ყველგან უკრაინასთან ერთად ახსენოთ საქართველო. ჩვენც მშვიდობიანაც გვინდა გადაწყდეს. ისე, რასაც უფალი დაუშვებს, ჩვენ მზად ყველაფრისთვის ვართ. ამერიკაშიც ვიყავით. დღეს ბრიუსელში ვართ და ხედავთ ჩვენს მეგობრობას.

მრევლიც ისეა, რომ პრობლემებამდე საქმე არ მიგვყავს, თუ შენდობას ვითხოვთ. ტოლერანტობა ალბათ ჩვენგან უნდა ისწავლოს ევროპამ. შეგვიძლია ტოლერანტობაში მაგალითი მოგცეთ. მრავალი საუკუნეა თბილისის ცენტრში ყველა სალოცავია. გენეტიკურად ტოლერანტები ვართ. ცოდვის მიმართ ტოლერანტები ვერ ვიქნებით. მეც რომ ცუდი საქმე გავაკეთო, მაშინ ესეც დასაძრახია. სხვებზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ. ჩემი საქმე არაა სხვას მოვუწოდო როგორ იცხოვროს და თავად თუ მკითხავს, მაშინ მოვახსენებ ჩემს აზრს. მოლდოვასაც, უკრაინასაც და საქართველოსაც დაუჭირეთ მხარი. გავა დრო და ჩვენ ღირსეულად მოვემზადებით. ჩვენი სახით ერთი ღირსეული წევრი შეგემატებათ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ქვეყნების თავისუფალი კავშირი. როგორც მრავალშვილიანი ოჯახია ძალიან კარგი, ასევე საქართველოს და უკრაინის შეერთებაც კარგი იქნება. ნატო არის ჩვენი არჩევანი. მოსახლეობის უმრავლესობას სურს გაწევრიანება ნატოში. მთავარია ნატოც ჩამოყალიბდეს. იქაც დაიხვეწება ყველაფერი და კითხვებს ჩვენთანაც არ დატოვებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Share