Home » საზოგადოება » „მეტრა-პარკის“ მობინადრეები თბილისის მერიასა და „მეტრა დეველოპმენტს“ შორის შესაძლო უკანონო გარიგებებზე საუბრობენ
„მეტრა-პარკის“ მობინადრეები თბილისის მერიასა და „მეტრა დეველოპმენტს“ შორის შესაძლო უკანონო გარიგებებზე საუბრობენ

„მეტრა-პარკის“ მობინადრეები თბილისის მერიასა და „მეტრა დეველოპმენტს“ შორის შესაძლო უკანონო გარიგებებზე საუბრობენ

უკვე დაახლოებით 1 წელიწადია, რაც ბაგებში, ე.წ. „მეტრა-პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობა ამავე კომპლექსის რეკრეაციულ ტერიტორიაზე კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“-ს მიერ განზრახული მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის მცდელობას აპროტესტებს.

აღნიშნულ მშენებლობას მათ მომიჯნავედ არსებული დამრეცი, მეწყერსაშიში კლდის მასივის მასიური ჭრა-ნგრევა (15 მეტრის სირღმეზე) და მასზე არსებული 200-მდე ხე-ნარგავის განადგურება უნდა მოყვეს, რაც მოსახლეობისთვის მაღალი საფრთხის შემცველია. მოტყუებული მოსახლეობის ინტერესების სრული უგულებელყოფის ფონზე, დეველოპერული კომპანია, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, უამრავ შეუსაბამო და შეცდომაში შემყვან საბუთს აგზავნის მერიის სამსახურებში.

მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სამსახურები დეველოპერის განაცხადზე თითქოს შენიშვნებს და მრავალრიცხოვან ხარვეზებს ოფიციალურად აფიქსირებენ, მაგრამ ამავე დროს, შემდგომ ეტაპზე, თავიანთივე დადგენილი ხარვეზები უბრალოდ „ავიწყდებათ“ და უკვე განახლებულ პოზიციებს ყოველგვარი დასაბუთების და ადრე დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების გარეშე, „მეტრა დეველოპმენტის“ სასარგებლოდ იღებენ.

მაგალითისთვის, გამწვანებულ კლდის ფერდობზე განთავსებულ სამშენებლო ნაკვეთს, სადაც დეველოპერი სამი 30-40 მეტრის სიმაღლის კორპუსის აშენებას გეგმავს, არ გააჩნია მისასვლელი გზა. მომიჯნავე ნაკვეთი, სადაც დეველოპერი გზის მოწყობას გეგმავს ასევე კლდოვანი და ხე-ნარგავებით დაფარულია და ოფიციალურად მშენებლობის უფლების გარეშეა. დეველოპერს არ გააჩნია სამშენებლო ნაკვეთზე მრავალრიცხოვანი ხე-ნარგავების მოჭრის ნებართვა. წარდგენილი აქვს შეუსაბამო და რეალურ მოცემულობას აცდენილი ფოტომონტაჟები და სხვა კიდევ მრავალი გარემოება.

ამ გარემოებებზე თბილისის მერიის მხრიდან თვალის დახუჭვა და წაყრუება, ბუნებრივია, მოსახლეობისთვის და დაინტერესებული მხარეებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება. უამრავი კოლექტიური საჩივრის და ღია სასამართლო დავების ფონზე, კომპლექსის მოსახლეობისთვის გაუგებარი და მიუღებელია თბილისის მერიის სამსახურების მსგავსი მოქმედება, რითაც მოსახლეობის ინტერესების და სამართლიანი შენიშვნების გათვალისწინების, საკითხის განხილვებში ჩართულობის არაერთი პირობის შესრულების ნაცვლად, აშკარად დეველოპერულ კომპანიისკენ იხრებიან. აშკარაა, რომ მერიის სამსახურები ამით ქალაქში მორიგი რეკრეაციული ზონის მოსპობის და ვანდალური, ტერიტორიისთვის შეუსაბამო და უკვე არსებული მოსახლეობისათვის მაღალი საფრთხის შემცველი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის წინაპირობას ქმნიან.

„მეტრა პარკის“ მობინადრეები აცხადებენ, რომ ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებით კვლავაც გააგრძელებენ საკუთარი კანონიერი ინტერესების დაცვას, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვისა და გამოძიების დაწყების გზით, თუკი დროულად არ იქნება აღკვეთილი არსებული უკანონობა. „ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. სანამ კანონის ფარგლებში გათვალისწინებულ სხვა უფრო რადიკალურ ქნმედებებზე გადავალთ, მანამდე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერიის ხელმძღვანელებს და საქალაქო სამსახურებს, განსაკუთრებით კი არქიტექტურის, იურიდიული, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და აუდიტის სამსახურებს, საკითხის განხილვისას იყვნენ სამართლიანები და მოსახლეობის ინტერესების და უსაფრთხოების რეალური დამცველები, გამოავლინონ მაღალი სამოხელეო პროფესიონალიზმი, ნუ დაუშვებენ სამსახურებრივ გულგრილობას და უფრო უარესს -რაიმე სახის ალიანსს დეველოპერულ კომპანიასთან, რომელიც, ფაქტია, მხოლოდ ფინანსური ინტერესითაა შეპყრობილი. „ამ დეველოპერულმა კომპანიამ – „მეტრა დეველოპმენტმა“ უკვე მოგვატყუა ჩვენ, – საკუთარივე კომპლექსის მობინადრეები, როცა უსაფრთხო და ეკოლოგიიურად მყუდრო გარემო შემოგთავაზა. დღეს „მეტრა დეველოპმენტის“ ქმედებები ყველა საზღვარს არის გაცდენილი და ფაქტია, ის მზად არის, საკუთარი კომერციული ინტერესის დასაკმაყოფილებლად უგულებელყოს კანონის მოთხოვნებიც და მობინადრეთა სამართლიანი ინტერესებიც. დღემდე განვითარებული პროცესების თანმიმდევრობაზე და შედეგებზე დაკვირვება კი, სამწუხაროდ, გვაფიქრებინებს, ხომ არ არსებობს „მეტრა-დეველოპმენტსა“ და მერიის საქალაქო სამსახურებს შორის შესაძლო უკანონო გარიგებება? რაც კატეგორიულად დაუშვებელია და თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს, ვთხოვთ საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს“ – აცხადებენ „მეტრა პარკის“ მობინადრეები.

წყარო: commersant.ge

Share