Home » ბიზნესი » „მეტრა პარკის“ მობინადრეები – „მეტრა დეველოპმენტმა“ კომპლექსის კლდოვან, ხე-ნარგავებით დაფარულ რეკრეაციულ ტერიტორიაზე ახალი უსახური კორპუსების მშენებლობის ნებართვა ვერ უნდა მიიღოს
„მეტრა პარკის“ მობინადრეები - „მეტრა დეველოპმენტმა“ კომპლექსის კლდოვან, ხე-ნარგავებით დაფარულ რეკრეაციულ ტერიტორიაზე ახალი უსახური კორპუსების მშენებლობის ნებართვა ვერ უნდა მიიღოს

„მეტრა პარკის“ მობინადრეები – „მეტრა დეველოპმენტმა“ კომპლექსის კლდოვან, ხე-ნარგავებით დაფარულ რეკრეაციულ ტერიტორიაზე ახალი უსახური კორპუსების მშენებლობის ნებართვა ვერ უნდა მიიღოს

თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ სახოვრებელი კომპლექსის გარშემო დაძაბულობა ახალ ფაზაში შედის. მობინადრეები, თავიანთსავე დეველოპერულ კომპანია „მეტრა დეველოპმენტს“ უჩივიან და მოითხოვენ, რომ მან მათი საცხოვრებელი ბინების უშუალო სიახლოვეს, ხე-ნარგავებით დაფარულ ზოლში, ახალი მასშტაბური და ტერიტორიისთვის შეუსაბამო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აიღოს. „მეტრა პარკის“ მობინადრეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი:

• მოსახლეობის მიერ ქალაქ თბილისის მერთან გასაჩივრებულია დეველოპერიას მიერ წაარდგენილი სამშენებლო პროექტის 2 ესკიზი, რომელზეც ჯერ გადაწყვეტილება არაა ცნობილი.
• მოსახლეობის მიერ დაწყებული სასამართლო დავები განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ და მოსახლეობა სასამართლო განხილვის და სამართლიანობის მოლოდინშია.
• მოსახლეობის მიერ „მეტრა დეველოპმენტისადმი“ ოფიციალური წერილით დაფიქსირებულია კატეგორიულად ურყოფითი პოზიცია კომპლექსის რეკრეაციულ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით და მოთხოვნილია მშენებლობების გეგმების შეჩერება.
• ქ. თბილისის განაშენიანების ახალი გენერალური გეგმის მიხედვით სამშენებლო ნაკვეთზე გადის განაშენიანების შემზღუდავი საზღვრის ზოლი.
• კორპუსების აშენება იგეგმება კომპლექსის კლდოვან, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავებით დაფარულ ბუნებივ გამწვანებულ ნაკვეთზე, რაც ქ. თბილისის მერიის ახალი ხედვის და სტრატეგიის მიმართ აბსოლუტურად შეუსაბამოა.

„ზემოჩამოთვლილი ფაქტორების არსებობის პირობებში და იმ პერიოდში როცა ზოგადად საქმიანი აქტივობა დედაქალაქში დაბალია, დასვენების სეზონის პიკის გამო, „მეტრა დეველოპმენტმა“ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის ცინიკური უგულველყოფით 16 აგვისტოს ქ. თბილისის მერიაში მაინც შეიტანა განაცხადი ზემოაღნიშნულ გამწვანებულ ნაკვეთზე მრავალსართულიანი მასშტაბური მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე.

„მეტრა პარკის“ მობინადრეები კატეგორიულად არიან განწყობილნი, რომ „მეტრა დეველოპმენტმა“ ბაგებში მშენებლობის ახალი ნებართვა ვერ მიიღოს. ამ ეტაპზე, შეტანილია მოთხოვნა ერთი 30 მეტრამდე სიმაღლის კორპუსის მშენებლობაზე. თუ ამ ნებართვის მიღება „მეტრა დეველოპმენტმა“ მოახერხა, ამას მოჰყვება კიდევ 2 მრავალსართულიანი კორპუსის აშენების ნებართვაზე განაცხადი, როგორც ეს ადრე წარდგენილ ესკიზებშია მოცემული. „მეტრას“ ჩანაფიქრი იოლად იშიფრება – მას უნდა, არსებული მობინადრეების, ამ მიკროუბნის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია, დედაქალაქის განაშენიანების გეგმის პირობების საწინააღმდეგოდ, მოახერხოს და როგორმე მიიღოს მშენებლობის ნებართვა ჯერ თუნდაც ამ ერთ კორპუსზე (კორპუსი 20). ამას ბუნებრივად მოჰყვება უკვე მომდევნო ორ კორპუსზე (კორპუსი 18 და 19) მშენებლობის ნებართვების მოთხოვნა. ამით „მეტრა“ ცდილობს ახალი მშენებლობის მასშტაბურობის განცდა გაანეიტრალოს და ქ. თბილისის მერია შეცდომაში შეიყვანოს. ამას ემსახურება ის ფაქტიც, რომ მერიისთვის წარდგენილი ფოტომონტაჟები რეალობისგან მკვეთრად არის აცდენილი. რეალობა კი ის არის, რომ 30 მეტრის სიმაღლის კორპუსის მშენებლობა 5-6 მეტრი სიმაღლის კლდოვან შეფერდებაზე იგეგმება და ფაქტობრივად თავზე გადაეფარება უკვე არსებულ 4 სართულიანი სახლების საცხოვრებელ ზოლს. მოსახლეობის განცხადებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი თავისი ყველა მახასიათებელებით სატყეო ზონას მიეკუთვნება.
„მეტრა პარკის“ არსებულ მობინადრეებს იმედი აქვთ, რომ ქ. თბილისის მერია და მისი შესაბამისი საქალაქო სამსახურები მოახერხებენ და არ შევლენ შეცდომაში და კომპანიის კომერციულ ინტერესებს არ გადააყოლებენ მობინადრეების კანონიერ ინტერესებს, მათ უსაფრთხოებას და ახალი ყოველმხრივ შეუსაბამო მშენებლობის ნებართვას არ გასცემენ. მობინადრეები დეველოპერის ამ უსამართლო ქმედებით უკიდურესად არიან აღშფოთებულები და საკუთარი უფლებების დასაცავად კიდევ ერთხელ აპირებენ მიმართონ ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს, ასევე გარემოს დაცვის სააგენტოს და სახალხო დამცველის აპარატს“, – ნათქვამია „მეტრა პარკის“ მობინადრეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Share