Home » საზოგადოება » „მეტრა პარკის“ მობინადრეები კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავენ და „მეტრა დეველოპმენტისთვის“ ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ
„მეტრა პარკის“ მობინადრეები კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავენ და „მეტრა დეველოპმენტისთვის“ ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

„მეტრა პარკის“ მობინადრეები კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავენ და „მეტრა დეველოპმენტისთვის“ ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

„მეტრა პარკის“ მობინადრეებმა, რომლებიც მათი საცხოვრეელის უშუალო სიახლოვეს ახალი მასშტაბური მშენებლობის შესაძლო დაწყებას აპროტესტებენ, თბილისის მერს ღია წერილით მიმართეს და საკითხის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვეს. ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო კახა, ღია წერილის ფორმატით თქვენდამი მომართვა გადავწყვიტეთ, რამდენადაც ჩვენი მხრიდან მერიის შესაბამის სამსახურებთან კონსტრუქციული ურთიერთობის არაერთგზის მცდელობა ყოველ ჯერზე, პრაქტიკულად, უშედეგოდ სრულდება. მიუხედავად ოფიციალური დაპირებებისა, რომ აუცილებლად ჩაგვრთავენ საკითხის განხილვის პროცესში, მსგავსი რამ არ მომხდარა.

საკითხი კი არის ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთგზის მოგმართეთ თქვენ და ასევე თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს ოფიციალური წერილებით, რომლებშიც გამოვხატავდით ჩვენს საფუძვლიან შეშფოთებას და მივუთითებდით იმ რეალურ საფრთხეებზე, რაც გამოწვეულია შპს „მეტრა დეველოპმენტის“ განზრახვით, ააშენოს ახალი მრავალსართულიანი კორპუსები უკვე არსებული განაშენიანების უშუალოდ მიმდებარედ.

უნდა იცოდეთ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად დეველოპერი ყველა ხერხს და ღონეს მიმართავს და მერიის სამსახურები ხშირად შეცდომაშიც შეჰყავს წარდგენილი შეუსაბამო და არასწორი დოკუმენტაციით.

ახალი მასშტაბური მშენებლობა დეველოპერს განზრახული აქვს მიწის ნაკვეთზე (საკ.კოდი: 01.14.08.001.088), რომელიც კომპლექის არსებული საცხოვრებელი სახლებიდან 10-ოდე მეტრის რადიუსში მდებარეობს, მკვეთრად დახრილ კლდის ფერდობზეა და დაფარულია 200-მდე ხე-ნარგავით (მათ შორისაა კავკასიური მუხა, ელდარის ფიჭვები და სხვა).

აღნიშნული ადგილი წარმოადგენს ბუნებრივად არსებულ, თვისობრივად სატყეო ზონისთვის შესაბამის ლანდშაფტს. ყოვლად დაუშვებელია ამ კლდის მასივის მასიური ჭრა-ნგრევა, რაც სამშენებლო მიზნებისთვის 15 მეტრის სიღრმეზე უნდა განხორციელდეს და დაახლოებით 3,000 კვ.მ კლდის მასივი უნდა მოიცვას, რასაც მასზე განთავსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად შეეწირება.

ყველანი თვალნათლივ ვხედავთ, ბოლო პერიოდში თბილისში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისთვის შეუსაბამო კლდის ჭრის პროცესები რა სავალალო შედეგებითაც სრულდება. ჩვენ, შეშფოთებული და დეველოპერისაგან მოტყუებული მოსახლეობა, რომელსაც დეველოპერი უსაფრთხო და გამწვანებულ გარემოში ცხოვრებას პირდებოდა, ყველა არსებულ კანონიერ ხერხს და ღონეს მივმართავთ საკუთარი ინტერესების და უსაფრთხოების დასაცავად.

ბატონო კახა, თქვენ საჯაროდ აცხადებთ, რომ თბილისისთვის დღეს პრიორიტეტულია ქალაქში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მაქსიმალურად შენარჩუნება, სამომავლო განვითარების სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება და შესაბამისი სამშენებლო პოლიტიკა. დიდწილად თქვენი გაჟღერებული ჯანსაღი ხედვის შედეგია, რომ ქალაქის მოსახლეობამ ნდობა გამოგიცხადათ.

უმორჩილესად გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ ზემოხსენებული საკითხი, გაითვალისწინოთ დეველოპერული კომპანიისგან მოტყუებული მოსახლეობის ინტერესები და საფრთხეები და უარი უთხრათ „მეტრა დეველოპმენტს“ ქალაქისთვის შეუსაბამო და მაღალი საფრთხის შემცველი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე, რომელიც, არსებული რეალურობიდან გამომდინარე, შინაარსობრივად სამშენებლო ვანდალიზმად შეიძლება შეფასდეს,“ – ნათქვამია „მეტრა პარკის“ მობინადრეების მიერ კახა კალაძის მისამართით გავრცელებულ ღია წერილში, რომელსაც ხელს „მეტრა პარკის“ 50-მდე მობინადრე აწერს.

Share