Home » ბიზნესი » “მეტრა დეველოპმენტს” სამშენებლო ნებართვების მოტყუებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ
"მეტრა დეველოპმენტს" სამშენებლო ნებართვების მოტყუებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ

“მეტრა დეველოპმენტს” სამშენებლო ნებართვების მოტყუებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ

„მეტრა დეველოპმენტი“ ბაგების უბანში მეტრა პარკის უშუალო სიახლოვეს ახალი პროექტისთვის ბუნებრივი ლანფშაფტის განადგურებას, კლდის მასშტაბური მასივის 10-15 მეტრის სიღრმეზე ნგრევას და 70 მდე არსებული ხე -ნარგავის მოჭრას გეგმავს.

ამის თაობაზე „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეები აცხადებენ. მათი თქმით, ისინი „მეტრა პარკის“ მიერ არიან მოტყუებულნი, რამდენადაც, თავის დროზე, სწორედ ბუნებრივი ლანდშაფტის გამო შეიძენეს კომპლექსში ბინები. „მეტრა დეველოპმენტის“ მენეჯმენტს მინისნებითაც კი არ უთქვამს არასდროს, რომ მათი საცხოვრებლის მომიჯნავედ და უშუალო სიახლოვეს გიგანტური ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, რომელიც მათ საცხოვრისს ყოველგვარ საბაზრო თუ ესთეტიკურ ღირებულებას დაუკარგავდა.

გარდა ამისა, „მეტრა დეველოპმენტის“ უჩივიან ასევე კომპლექსის მიმდებარედ არსებული რამდენიმე ნაკვეთის მეპატრონეებიც, რომელთა ე.წ. წითელ ხაზებსაც პირდაპირ ესაზღვრება „მეტრას“ ახალი მრავალსართულიანი „ბეტონის პროექტი“, რომლის მსენებლობის ნებართვის მოსაპოვებლადაც სამშენებლო კომპანია უკვე მერამდენედ მიმართავს მერიას.

მობინადრეები და მიმდებარე ნაკვეთის მეპატრონეები აცხადებენ, რომ „მეტრა“ ყველა დაუშვებელი გზით და ხერხით ცდილობს მერიის სამსახურების შეცდომაში შეყვანას, ადგილმდებარეობის გეოლოგიური საფრთხის წინაშე დაყენებას, არსებული მობინადრეების უფლებების უხეშად დარღვევას და სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებას.

თუკი „მეტრა“ მაინც მოახერხებს და მოიპოვებს სამშენებლო ნებართვებს, ეს იქნება სამშენებლო ვანდლიზმი. კატეგორიულად მოვითხოვთ აღნიშნულ პროექტზე სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერებას და ჩვენი უფლებების დასაცვად, ნებართვის გაცემამდე საკითხის განხილვის პროცესში თბილისის მერიისგან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩართვას“, – აცხადებენ მობინადრეები.

მათი თქმით, გაუგებარია რატომ ხდება, რომ მერია, მიუხედავად მათი ოფიციალური და კანონიერი მოთხოვნისა, ისე იწყებს სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესს, რომ მათ წარმომადგენლობით უფლებას არ სცნობს და არ რთავს განხილვის პროცესში.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობაა თბილისის მერია ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც საკუთარი კონცეფციის ერთგული დარჩება და არ დაუშვებს ნებართვის გაცემას პროექტზე, რომელსაც ქალაქის ცენტრში, ურთულეს რელიეფზე, არსებული საცხოვრებელი ზოლის უშუალო სიახლოვეში, კლდოვანი ლანდშაფტის მასიური ნგრევა და ათეულობით ხე-ნარგავების ჭრა მოყვება. დროა დეველოპერის ფინანსურმა ინტერესმა უკან დაიხიოს მოსახლეობის უფლებათა და ბუნების წინაშე“, – აცხადებენ „მეტრა პარკის“ არსებული მობინადრეები.

commersant.ge

Share