Home » ბიზნესი » „მეტრა დეველოპმენტს“ მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ მობინადრეები უჩივიან

„მეტრა დეველოპმენტს“ მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ მობინადრეები უჩივიან

თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ სახოვრებელი კომპლექსის მობინადრეები, დეველოპერულ კომპანია „მეტრა დეველოპმენტს“ უჩივიან და მოითხოვენ, რომ კომპანიამ მათი საცხოვრებელი ბინების უშუალო სიახლოვეს ახალი მასშტაბური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აიღოს.

დეველოპერულ კომპანიას 11,000 კვ. მეტრის აშენება აქვს განზრახული, რასაც კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივად და ხელოვნურად გამწვანებულ უნიკალური ხე-ნარგავებით დაფარულ კლდოვან ფერდობზე აპირებს, რითაც არათუ მოსახლეობის ინტერესებს დაუპირისპირდება, არამედ თავად მეტრა-სვე გაჟღერებულ მწვანე ქალაქის კონცეფციას და ეკოლოგიის შენარჩუნების კონცეფციას ეწინააღმდეგება.

 ის, რომ ისედაც მჭიდროდ განაშენიანებულ ახალ უბანში, კორპუსების მომიჯნავე გამწვანებულ (მათ შორის წიწვოვანი ხეებით), შემაღლებულ კლდოვან ფერდობზე ახლად დასახლებული კორპუსებიდან სულ რაღაც 15-20 მეტრის მანძილზე ახალი სამი მრავალსართულიანი კორპუსის აგება იგეგმება , უკვე არსებული მობინადრეებისთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი – დეველოპერული კომპანია აღნიშნული ჩანაფიქრის დეტალებს აქამდე არ ასაჯაროებდა არც პოტენციურ მყიდველებთან (ამჟამად მობინადრეებთან), როცა მათ კომპლექსში, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოში ბინების შეძენას სთავაზობდა, „მეტრა“ არც საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა ინფორმაციას-აცხადებენ მობინადრეები.

მობინადრეების ადვოკატი გენადი ზარანდია საუბრობს, რომ როგორც ჩანს, „მეტრა დეველოპმენტმა“ყველა მიმდინარე პროექტი უკვე დაასრულა, ან ასრულებს და მისთვის, როგორც დეველოპერული ბიზნესისთვის, მწვავედ დგას ახალი პროექტებისთვის ნაკვეთების და მათზე მშენებლობის უფლებების მოპოვების საკითხი.

“შესაბამისად, მობინადრეები, დეველოპერული კომპანიის განზრახვას მხოლოდ კომპანიის მიერ მეტი და მეტი ფინანსური სარგებელის მიღების სურვილით ხსნიან, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რეკრეაციული ნაკვეთის განადგურების, უკვე არსებული მობინადრეების ინტერესების და მათთვის ახალი მშენებლობით წარმოქმნილი საფრთხეების ხარჯზე. აღსანიშანვია, რომ მსგავსი მშენებლობა არც თბილისის მერის მიერ გაჟღერებულ ქალაქის გამწვანებული ზონების დაცვისა და განვითარების კონცეფციას და არც უკვე შემუშავებული ქალაქის გენერალურ გეგმას არ ესადაგება”, – ამბობს ზარანდია.

მობინადრეების ადვოკატის ინფორმაციით, მეტრამ უკვე მოახერხა და თბილისის მერიაში შეათანხმა ორი ესკიზი. თუმცაღა აღსანიშნავია ის გარემორება, რომ შეთანხმებული ესკიზები ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერვე დამტკიცებულ ისედაც კანონსაწინააღმდეგო განაშენიანების რეგულირების პირობებს, რაც დასაბუთებული ეჭვის მაღალი ხარისხით მოტივირებულია სწორედ რომ არსებული გრგ-ს გვერდის ავლით მეტრამ შეათანხმოს სამშენებლო დოკუმენტაცია. შემდეგი ნაბიჯი კი მოსალოდნელია, რომ დეველოპერულმა კომპანიამ სცადოს სამშენებლო პროექტის შეთანხმება და მშენებლობის უფლების მოპოვება.

ადვოკატის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოები ეწინააღმდეგება გარემოს დაცვის ღონისძიებებს, კერძოდ, საპროექტო სამუშაოები დაგეგმილია აქტიურად გამწვანებულ ზონაში. ნაკვეთი თავისი მახასიათებლებით რეალურად სატყეო ზონის კატეგორიისაა, დედაქალაქის ახალი გენგეგმის პროექტითაც აღნიშნულ ნაკვეთზე შეზღუდულია განაშენიანება.

ადვოკატის განცხადებით, საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შეთანხმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის კუთხით შეუსაბამოა მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან და აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არის წარდგენილი კვლევები, რომლებიც სატრანსპორტო და საინჟინრო თვალსაზრისით საზოგადოებას მისცემდა იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ამ კუთხით საპროექტო სამუშაოები შესაბამისია ამ საქმიანობის მარეგლამენტირებელ ნორმებთან. ( „საპროექტო სამუშაოებს არ გააჩნია სატრანსპორტო და საინჟინრო მხარდაჭერა“).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმით არაერთხელ მოხდა ძირითადი პარამატრების (კ-1 და კ-2 კოეფიციენტი და სიმაღლე) გაზრდა. შესაბამისად, თავდაპირველად დაგეგმილი სამსართულიანი შენობის ნაცვლად, რაც ისედაც ეწინააღმდეგებოდა არსებული ტერიტორიის განვითარების სამშენებლო სამართლით გათვალისწინებულ პრინციპებს, გადამეტებული პარამეტრების შესაბამისად, მენაშენესთვის მინიჭებულია სამი უკვე მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაპროექტებისა და სამშენებლოდ განვითარების საშუალება.

საბოლოოდ იმედია, მერია და მისი შესაბამისი საქალაქო სამსახურები არ შევლენ შეცდომაში და კომპანიის კომერციულ ინტერესებს არ გადააყოლებენ ქალაქის და მობინადრეების  კანონიერ ინტერესებს. მობინადრეების სახელით უკვე გასაჩივრებულია მერიის დადგენილებები სამშენებლო ესკიზების შეთანხმების თაობაზე. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ სხდომებზე, სადაც ამ ესკიზების შეთანხმების საკითხები იხილებოდა, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა და მერიის მხრიდან დაპირებისა, მერიამ არ მიგვიწვია – აცხადებენ მობინადრეები, – აცხადებს „მეტრა პარკის“ მობინადრეების ინტერესების დამცველი.

„კომპანიის მხრიდან მობინადრეების უფლებების შელახვად ვაფასებთ იმას, რომ მისი განზრახვა – ფაქტობრივად თავზე დააშენოს მათ „ერთ-ერთი ესკიზით განსაზღვრული 45 მეტრიანი კორპუსები, ყველაფერთან ერთად ლახავს მათ კომერციულ ინტერესსაც. ექსპერტთა შეფასებით დაგეგმილი მშენებლობა გამოიწვევს არსებული ბინების კომერციული ფასების მნიშვნელოვან შემცირებას.

აღარაფერს ვამბობთ, იმ სრულიად გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაც შეიქმნება ამ მიკროუბანში, თუკი მშენებლობა მართლაც დაიწყო“ – ამბობენ მობინადრეები და იქვე სვამენ კითხვას – თქვენ გაქვთ სურვილი, რომ სამშენებლო მოედანზე ყოველდღიურად საფრთხის მოლოდინში იცხოვროთ? – ცხადია, არც  ჩვენ, „მეტრა პარკის“ მობინადრეებს გვაქვს  ამის სურვილი, მით უმეტეს რომ ბევრი ჩვენგანი  ძველი დეველოპერისაგან გაწბილებული 10 წელიწადი ელოდებოდა გაპრობლემებული მშენებლობის დასრულებას…

ფაქტია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, „მეტრა დეველოპმენტის“ საპროექტო წინადადების განხორციელება (სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა) გამოიწვევს ტერიტორიის ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების განადგურებას, რომლის დაცვაც წარმაოდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას.

ამასთან, დაგეგმილი სამუშაოები ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების (მორფოლოგიური გეოლოგიური საექსპერტო დასკვნა) შეფასებით,  გარემოსა და საზოგადოებრივ ინტერესს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, რადგან საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დამრეც კლდოვან ფერდობზე, რომელიც შლისკენ მიდრეკილია და დიდი ალბათობით სამშენებლო მიზნით დატვირთვის პირობებში გახდება მეწყერსაშიში  არეალი, რომელზეც აქტიური სამშენებლო სამუშაოები საფრთხის ქვეშ დააყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას – აცხადებს ადვოკატი.

გენადი ზარანდიას თქმით, ეს არის მთავარი მომენტები, თუმცა „მეტრა დეველოპმენტსა“ და „მეტრა პარკის“ მობინადრეების შორის ურთიერთობაში არსებობს კიდევ ბევრი სამართლებრივი თუ მორალური ნიუანსი, რომლებზეც პროცესში აუცილებლად გამახვილდება ყურადღება, თუკი კომპანია გააგრძელებს შეცდომაში შეყვანილი მობინადრეების ინტერესების ხარჯზე საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას.

 

Share