Home » ბიზნესი » „მეტრა დეველოპმენტი“  მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეების ინტერესების გათვალისწინებას არ აპირებს
„მეტრა დეველოპმენტი“  მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეების ინტერესების გათვალისწინებას არ აპირებს

„მეტრა დეველოპმენტი“  მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეების ინტერესების გათვალისწინებას არ აპირებს

„ბანკები და ფინანსები“ აგრძელებს თბილისში, ბაგებში მდებარე ე.წ. „მეტრა პარკის“ სახოვრებელი კომპლექსთან დაკავშირებულ ვითარებაზე დაკვირვებას, სადაც უკვე არსებული მობინადრეები ეწინააღმდეგებიან თავიანთივე დეველოპერის სურვილს, რომელიც კომპლექსის შემდგომ განაშენიანებას სამი მრავალსართულიანი და მრავალბინიანი კორპუსის  მშნებელობით გეგმავს.

მობინადრეების მოთხოვნაა, „მეტრა დეველოპმენტმა“ მათი საცხოვრებელი ბინების უშუალო სიახლოვეს ახალი მასშტაბური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის განზრახვაზე ხელი აიღოს. მობინადრეების და მათი ადვოკატის განცხადებით, ეს მშენებლობა მათ კანონიერ ინტერესებს დააზარალებს. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსები“ უკვე წერდა http://bfm.ge/metra-developments-mative-kompleqsis-metra-parkis-mobinadreebi-uchivian/

„ბანკები და ფინანსებმა“ რამდენიმე კითხვით „მეტრა დეველოპმენტის“ მენეჯმენტსაც მიმართა. კერძოდ, ჩვენ გვაინტერესებდა იყვნენ თუ არა თავის დროზე, როცა საცხოვრებელ ფართებს ყიდულობდნენ, „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეები ინფორმირებულნი, რომ მათ უშუალო სიახლოვეს, მომიჯნავე გამწვანებულ ფერდობზე, მომავალში აშენდებოდა მრავალსართულიანი კორპუსები?

გვაინტერესებდა ასევე არსებობს თუ არა შესაბამისი სამშენებლო ნებართვები;  არსებობს თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა და როდისაა იგი შეთანხმებული და ვის მიერ?  რამდენსართული იქნება ეს კორპუსები; ჯამში რამდენი საცხოვრებელი ბინა იქნება ამ სამ კორპუსში ერთად.

„ბანკები და ფინანსების“ ინტერესის საგანი იყო ისიც,  „მეტრა დეველოპმენტისგან “ შეგვეტყო, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია არც ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არც სოციალურ ქსელებში არასდროს არ ასაჯაროებდა აღნიშნულ გრანდიოზულ მშენებლობას?

გვაინტერესებდა ისიც,  იყო თუ არა კომპანია საქმის კურსში, რომ „მეტრა პარკის“ მობინადრეები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან  სამართლებრივი გზებით ცდილობენ განაშენიანების რეგულირების იმ გეგმის ბათილად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს მათი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ფერდობის საცხოვრებელ ზონად გამოყენებას და ჰქონდა თუ არა მობინადრებთან ან მათ წარმომადგენელთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე.

“ბაკები და ფინანსებმა“ „მეტრა დეველოპმენტს“ მიმართა კითხვით, გასცა თუ არა ოფიციალური პასუხი კომპანიამ თავისივე მობინადრეებს წერილზე, სადაც მათ  საკუთარი პრეტენზიები და მოთხოვნები ჰქონდათ ჩამოყალიბებული.

პასუხად „ბანკები და ფინანსებმა“ მიიღო მოკლე წერილი „მეტრა დეველოპმენტისგან“, რომლის შინაარსის გაცნობასაც მხოლოდ იმ აზრამდე მიჰყავხარ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია არ გეგმავს ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას არც მობინადრეებთან და არც მედიასთან და საკუთარი ბიზნეს – ინტერესების დასაცავად მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებში საკითხების მოგვარების გზას ადგას. რაც სეეხება მობინადრეებს, მათ მხოლოდ 8 კაციან მცირე ჯგუფს უწოდებს (მაშინ, როცა „მეტრასთვის“ მიწერილ წერილს 22 მობინადრე აწერს ხელს) და ამით ცდილობს ერთგვარად დააკნინოს მათი მოთხოვნების რელევანტურობა და წარმოაჩინოს თავისივე მობინადრეები, როგორც უსაგნოდ მოდავე ადამიანების ერთ პატარა ჯგუფად.

აი, პასუხი ჩვენს კითხვებზე „მეტრა დეველოპმენტისგან“:

„მეტრა პარკის მობინადრეების გარკვეული ჯგუფის მიერ (საუბარი არის 8 კაცზე და არა რამოდენიმე ათეულზე როგორც გაჟღერდა მედია საშუალებით) სადაოდ გახდილი სამი სახლის მშენებლობა გათვალისწინებულია კომპლექსის განვითარების გენერალური გეგმით, რომელიც არის შეთანხმებული ყველა შესაბამის უწყებაში კანანოს შესაბიმისად. აღნიშნული პროექტის ესკიზი შეთანხმებულია და მიმდინარეობს პროექტის დამუშავება.ზემოთ აღნიშნულ ჯგუფს გასაჩივრებული აქვს კომპანიის მიერ შეთანხმებული გენერალური გეგმა ქალაქ თბილისის სასამართლოში, ხოლო პროექტის ესკიზი მერიის იურიდიულ სამსახურში. აქედან გამომდინარე, კომპანია გასცემს მხარეს სრულ პასუხს  შესაბამის უწყებებში. კომპანია არ ხედავს იმის საჭიროებას, რომ მედია სივრცეში გააკეთოს რაიმე დამატებითი კომენტარი“.

მოკლე და ლაკონური პასუხია საიმისოდ, რომ გასაგები გახდეს – „მეტრა დეველოპმენტი“  მათივე კომპლექსის – „მეტრა პარკის“ უკვე არსებული მობინადრეების ინტერესების გათვალისწინებას არ აპირებს და გეგმავს ნებისმიერი ხერხით შეძლოს და მათ თავზე დააშენოს სამი მრავალსართულიანი კორპუსი.

საინტერესოა, ის რომ „ბანკები და ფინანსების“ აქტიურობას „დაემთხვა“ „მეტრა დეველოპმენტის“ ფეისბუქ გვერდზე ახალი ვიდეოს ატვირთვა. ვიდეოში საუბარია, რომ შეთანხმებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში დარჩენილი ასაშენებელი სამი სახლის ესკიზი შეთანხმდა და მიმდინარეობს პროექტის დახვეწა.

პროგრამულად დამუშავებული ვიდეოს ნახვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სამი ახალი კორპუსი სრულიად მოშიშვლებულ სივრცეში შენდება. იმის აღქმას, რომ ამ სამი კორპუსის აშენება გამოიწვევს სხვა უკვე არსებული კორპუსების დაჩრდილვა-შევიწროებას, ხოლო მშენებლობის პროცესში უკვე არსებული კომპლექსის პრაქტიკულად სამშენებლო მოედნად ქცევას, ეს ვიდეო არ იძლევა.  ანუ,“მეტრას“ პრაქტიკულად, „უნებლიედ“ შეცდომაში შეჰყავს თავისი პოტენციური მომხმარებლები.

საუბარი აღარ არის იმაზე, რომ წარმოდგენილი ვიდეოფაილიდან საერთოდ ვერ მიხვდება ადამიანი, ეკოლოგიური, სეისმოლოგიური და დენდროლოგიური თვალსაზრისით რა კონკრეტულ მიკროგარემოში აპირებს“მეტრა“ ამ მშენებლობას. ფაქტი კი ის არის, რომ კომპლექსის გაფართოება დაგეგმილია უკვე არსებული კომპლექსის უშუალო სიახლოვეს მდებარე მრავალწლიანი ნარგავებით გამწვანებულ ფერდობზე.

ფაქტია ისიც, რომ მოკლე პასუხით და საკითხზე საუბრისგან თავის არიდების პოლიტიკით, მეტრა ცდილობს მედია ინტერესის იგნორირებას. – როგორც ჩანს, კომპანიისთვის უმთავარესია რაც შეიძლება ნაკლები საჯარო ინტერესი გამოიწვიოს და ისე გააძვრინოს მერიის შესაბამის უწყებებში საკუთარი პროექტი.

Share