Home » საზოგადოება » მერიამ დედაქალაქის გენგეგმა მიიღო
მერიამ დედაქალაქის გენგეგმა მიიღო

მერიამ დედაქალაქის გენგეგმა მიიღო

თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტთან“ ერთად დედაქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა. დოკუმენტი შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს გადაეგზავნა.

„ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი. თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით- “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი. დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

თბილისს გენგეგმა ჯერ კიდევ 2017 წელს, დავით ნარმანიას შემადგენლობის დროს უნდა მიეღო, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. მერის თანამდებობაზე კახა კალაძის არჩევის შემდეგ „სითი ინსტიტუტსა“ და მერიის ჩინოსნებს შორის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. ხმაური მოჰყვა გენგეგმის საჯარო განხილვას. საბოლოოდ, გენ გეგმის ჯგუფს დოკუმენტზე სამუშაოდ 2 თვე მიეცა. ცვლილებების შეტანის შემდეგ მერიამ გენ.გეგმა მიიღო და განხილვისთვის საკრებულოს გადაუგზავნა. დუკუმენტი დედაქალაქის ბიუჯეტს 2.8 მილიონი ლარი დაუჯდა.

წყარო: bm.ge
ავტორი: მეგი კავთუაშვილი
Share