Home » საზოგადოება » მეიდანზე „ვალეტსერვისს“ გაუქმებას უპირებენ – პარკინგი შეუძლებელი გახდება
მეიდანზე „ვალეტსერვისს“ გაუქმებას უპირებენ - პარკინგი შეუძლებელი გახდება

მეიდანზე „ვალეტსერვისს“ გაუქმებას უპირებენ – პარკინგი შეუძლებელი გახდება

ძველი თბილისის ტურისტულ ზონაში და მის მიმდებარედ პარკირების პრობლემა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს. არსებული ინფორმაციით, მეიდანზე მოქმედ ე.წ. „ვალეტპარკინგის“ სერვისს მერია გაუქმებას უპირებს.

შედეგად, ნომერ პირველი ტურისტული ზონის მიმდებარედ პარკირება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ბიზნესის გაჩერების მოსალოდნელ საფრთხეზე კომპანიაში, რომელიც „ვალეტპარკინგის“ სერვისს აწარმოებს, ღიად არ საუბრობენ, თუმცა მათაც გააჩნიათ ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გარკვეულ რგოლებში აქტიურად განიხილავენ მეიდნის პარკინგის გაუქმებას და როგორც ჩანს, ამით კონკრეტული ჩინოვნიკები არიან დაინტერესებული.

 არსებული საპარკინგე სისტემა წლებია წარმატებით ემსახურება მიმდებარე ბიზნეს ცენტრებს, სასტუმროებს, მუზეუმებს, კაფე-ბარებს, ღია რესტორნებით დატვირთულ რამდენიმე საფეხმავლო ქუჩას და ა.შ. მეიდანზე მოქმედი „ვალეტპარკინგის“ მომსახურების პროცესი ასეთია, – მძღოლი ტოვებს ავტომობილს პარკინგის ტერიტორიაზე და „ვალეტპარკინგის“თანამშრომლებს მანქანა რიყის მიწისქვეშა ავტოსადგომზე გადაჰყავთ. შემდგომ, მოთხოვნიდან 10-15 წუთში, სერვისის თანამშრომელს რიყის ავტოსადგომიდან უკან გადმოჰყავს მანქანა და აბარებს მძღოლს. ამ სერვისის საშუალებით 25 ადგილიანი პარკინგის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ასობით ავტომობილის გადაყვანა ხერხდება, რაც ძალიან მოხერხებულს ხდის ამ დატვირთულ ზონაში ავტომობილის პარკირებას.

როგორც ირკვევა, „ვალეტსერვისის“ განმახორციელებელ კომპანიას აღნიშნული ტერიტორია გადაცემული აქვს, მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებული, აუქციონის წესით მოპოვებული ,15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე. პარკირების პროცესი სრულად არის შეთანხმებული ქალაქის სატრანსპორტო სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ ხელშეკრულების ცალმხრივად შეჩერებაზეა საუბარი.

 პარკირების პრობლემა, ლამის ნომერ პირველ საკითხად დგას დედაქალაქში. ბიზნესის მხრიდან ინტერესის არარსებობის გამო უკვე ორჯერ ჩაიშალა ტენდერი საპარკინგე ზონების მოწყობის შესახებ. მდგომარეობა იქამდეა მისული, რომ მერია უკვე პარკირების მოწყობით დაინტერესების შემთხვევაში, ბიზნესს მიწის ნაკვეთს საკუთრებაშიც კი გადასცემს. ინტერესი კი მაინც არ ჩანს.

ცხადია, რომ ბიზნესი კარგად ხედავს ამ საქმის დაბალრენტაბელობას და გრძელვადიანობას და ამიტომ არ გამოხატავს ინტერესს. ამ ფონზე, დედაქალაქის ცენტრში, 25 ადგილიანი საპარკინგე ზონის მოშლა (რომელიც რეალურად, „ვალეტსერვისის“ პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ასეულ ავტომობილს ემსახურება), ერთი შეხედვითაც და მეორე შეხედვითაც, უარგუმენტო გადაწყვეტილებად მოსჩანს და კონკრეტული კერძო ინტერესის გატარების მცდელობის ელფერი უფრო აქვს.

აქედან გამომდინარე ისმის ლეგიტიმური კითხვა: კერძო ბიზნესისადმი ამგვარი დამოკიდებულება ხომ არ აფრთხობს ბიზნესს და ესეც ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინვესტორები პარკირების თემით ნაკლებად ინტერესდებიან? ფაქტია, ჩინოვნიკების ცვლილებასთან ერთად იცვლება ამა თუ იმ კერძო ბიზნესისადმი დამოკიდებულება და გაფორმებული ხელშეკრულებებიც ხშირად დაუსაბუთებლად უქმდება.

Share