Home » ბიზნესი » „მეიდან ჯგუფი“ ქართული ღვინის მუზეუმს ქმნის

„მეიდან ჯგუფი“ ქართული ღვინის მუზეუმს ქმნის

 საქართველო ღვინის კულტურის უძველესი კერაა, რასაც რვაათასწლიანი საღვინე კულტურის უწყვეტი ტრადიცია ცხადყოფს. მსოფლიო რუკაზე საქართველო აღინიშნება, როგორც ღვინის სამშობლო.

ამ ფაქტის მსოფლიო მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანია „მეიდან ჯგუფის“ ინიციატივით, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში ქართული ღვინის მუზეუმი იქმნება, – სივრცე სადაც წარმოდგენილი იქნება ღვინის და მასთან დაკავშირებული ისტორიული, რელიგიური, მითოლოგიური თუ ყოფითი ექსპონატები. მუზეუმის სტუმრები დეტალურად შეძლებენ ქართული ღვინის უძველესი ისტორიის გაცნობას.

„ქართული ღვინის მუზეუმი“ იქნება პირველი სამუზეუმო სივრცე საქართველოში, რომელიც კონკრეტულად და მხოლოდ ღვინოს დაეთმობა და წარმოაჩენს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

„მეიდან ჯგუფის“ ამოცანაა მნახველმა მოკლე დროში სრულად აღიქვას რვა ათასი წლის წინათ დაწყებული ის ციკლი, რომელმაც თანამედროვე ქართულ რეალობამდე მოაღწია და წარმატებით განაგრძობს არსებობას.

ქართული ღვინის მუზეუმი განთავსდება ძველ თბილისში, ისტორიული ქარვასლების შენობაში.  კერძოდ კი  მტკვრის ქვედა დონეზე არსებულ მიწისქვეშა თაღოვან სივრცეში, რომელიც ამ დრომდე ხელშეუხებელ ისტორიულ მონაპოვარს წარმოადგენს და ცოტას თუ ექნება დათვალიერებული. ღვინის მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი XV-XVI საუკუნის  გადარჩენილი ნაწილია.

„ქართული ღვინის მუზეუმი“ რამდენიმე დარბაზად დაიყოფა. ეს იქნება სადეგუსტაციო, საკონფერენციო, მითოლოგიის, ინტერაქტიული, ღვინის ექსპონატების და თბილისის დარბაზები.

„ქართული ღვინის მუზეუმის“ პროექტი „მეიდან ჯგუფის“ მორიგი საინტერესო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და საერთაშორისო თუ შიდა ტურიზმს  უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს  გახდის.

Share