Home » საზოგადოება » მცირე მთავრობის კონცეფცია – რომელი სამინისტროები უქმდება და რომელი ერთიანდება
მცირე მთავრობის კონცეფცია - რომელი სამინისტროები უქმდება და რომელი ერთიანდება

მცირე მთავრობის კონცეფცია – რომელი სამინისტროები უქმდება და რომელი ერთიანდება

10 სამინისტრო 13-ის ნაცვლად და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი – სამთავრობო გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, 3 სამინისტრო გაუქმდა და სხვა სამინისტროებს შეუერთდა.
  • განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის უწყებები შეუერთდება;
  • სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება;
  • დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ უწყებაზე: განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეუერთდება, მიგრაცია – შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა – ჯანდაცვის სამინისტროს.

დანარჩენი სამინისტროები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას.

ასევე ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ სამინისტროებს, არამედ მთავრობის შემადგენლობაში მყოფ სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც.

  • რელიგიის სააგენტო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შეერწყმება;
  • ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ცვლილებებით დასაბამი მიეცემა მცირე მთავრობის კონცეფციას.

“რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ეტაპობრივად 3,9 პროცენტზე ჩამოვა, ეს იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანას არ აქვს ფუფუნების უფლება და მცირე მთავრობის კონცეფციით მიიღებენ ახალ მოცემულობას, როცა მთავრობის ხელმძღვანელები კონკრეტული პრობლემების გადაჭრისკენ იქნება მიმართული.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პრიორიტეტი მცირე ზომის, მაგრამ ოპერატიული და მოქნილი მთავრობა იქნება.

19 ივნისს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. 99 მომხრე და 6 წინააღმდეგი – 20 ივნისს კი კენჭისყრაზე, საქართველოს პარლამენტმა გარდამავალ მთავრობას მხარი დაუჭირა. ბახტაძემ განაცხადა, ამჟამინდელი მთავრობა ძველი შემადგენლობით არის დროებითი.

Share