Home » საზოგადოება » მათე გაბიცინაშვილი – გაუმარჯოს კრიზისს, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს
მათე გაბიცინაშვილი - გაუმარჯოს კრიზისს, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს

მათე გაბიცინაშვილი – გაუმარჯოს კრიზისს, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს

“მთელი საზოგადოება ვართ უფსკრულის წინაშე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი მათე გაბიცინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“მთელი საზოგადოება ვართ უფსკრულის წინაშე

ერთ მხარეს დგას არაფრისმაქნისი, უიდეო, მომავლის ხედვისგან სრულად დაცლილი გაურკვეველი არითმეტიკული გაერთიანება, რომელსაც ფორმალურად მმართველი ძალა ჰქვია.

და მეორე მხარეს, ძალაუფლების აღების და რევანშის ჟინით შეპყრობილი მცირე არითმეტიკული სიმრავლე, რომელსაც “გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია”. პირველისგან განსხვავებით, ამ მეორე ფლანგის ძირითად ბირთვს გააჩნია მწყობრი იდეოლოგიური პლატფორმა და ეს არის ანტი-სოციალური იდეოლოგიური შეხედულებები განვითარებაზე.

საერთო ჯამში, ორივე მხარე ერთი მთლიანი პოლიტიკური ელიტის ორი განშტოებაა, რომელიც ცოცხლობს ერთმანეთის არსებობით. მათ მიერ შექმნილმა პოლიტიკამ ადამიანები გააუცხოა ერთმანეთისგან. შექმნა პოლარიზაციის და დაპირისპირების აქამდე არნახული პრაქტიკა. ადამიანებს ერთმანეთი შეაზიზღეს. დაყვეს. გადაამტერეს. დანა-სისხლად გადაკიდეს.

ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს რესურსი, რომ ერთხელ მაინც მისი დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე, გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედოს საკუთარ მომავალს.

ერთხელ და სამუდამოდ, უარი უნდა უთხრას ორივე მხარეს.

ჩვენ გვჭირდება ეს კრიზისი, რომ საკუთარი უსუსურობა და უიმედობა ერთხელ და სამუდამოდ გავიაზროთ.

ჩვენ როგორღაც უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ამ მთლიან მცირე არითმეტიკულ სიმრავლეს, ერთხელ და სამუდამოდ დავახვევინოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან.

ორივე მხარე პარაზიტულ მდგომარეობაში იმყოფება დღემდე, რადგან ერთადერთი რითაც ისინი იკვებებიან არის ზიზღი, რომელიც მათ დათესეს ჩვენში, ერთმანეთის მიმართ. და ამ საყოველთაო ‘ზიზღის კულტურის’ შექმნით, ცდილობენ კიდევ დიდხანს შეინარჩუნონ პარაზიტული მდგომარეობა.

როგორღაც უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ მათ ამის უფლება აღარ მივცეთ.

რეალურად დღეს არსებობს ორი მხარე: ერთ მხარეს დგანან ისინი, მეორე მხარეს ქართველი ხალხი.

და ამ ორი მხარის ინტერესები, ერთმანეთის საწინააღმდეგოა.

მათ უღალატეს ქართველ ერს. ქართველმა ერმა კი უარი უნდა უთხრას მათ.

ნებისმიერ გამოსავალზე ფიქრი, ამ მოცემულობის გააზრებით უნდა დავიწყოთ.

გაუმარჯოს კრიზისს, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს!”, – წერს გაბიცინაშვილი.

Share