Home » საზოგადოება » მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისა და რუსეთის სპეცსამსახურების დაპირისპირების ეპიცენტრში
მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრში

მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთისა და რუსეთის სპეცსამსახურების დაპირისპირების ეპიცენტრში

ტერაქტი

ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია ქვეყენაში მართლმადიდებელი ეკლესიაა. ამას NDI-სა და IRI–ს კვლევებიც ადასტურებს. ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას დედა ეკლესია კრავს და ადუღაბებს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქართველი ერისა და სახელმწიფოებრიობის ისტორიაში კონსტიტუციურადაა დადასტურებული და დაკანონებული. მეორე მხრივ, 1991 წელს აღდგენილი საქართველოს დამოიკიდებლობა სულ რაღაც ოცდარვა წლისაა და მას ახალ გეოპოლიტიკურ გარემოსა და ისტორიულ რეალობაში დამკვიდრება უწევს. ურესურსებო და დანგრეული ეკონომიკის ქვეყანა დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებს დასავლურ პრინციპებზე აგებული ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის გარეშე, რასაც მართლმადიდებლური ეკლესიის დომინირება საზოგადოებრივ–პოლიტიკურ სივრცეში ხელს არ უწყობს და გადაუდებელ აუცილებლობად აყენებს ეკლესიის რეფორმირების საკითხს. თვით ეკლესია ამ რეფორმებისთვის მზად აშკარად არ არის. იქმნება კოლიზია ქვეყნის და პატრიარქის პროდასავლურ ორიენტაციასა და ეკლესიაში საკმაოდ მძლავრ რუსულ გავლენებს შორის. ამ წინააღმდეგობას ათწლეულების განმავლობაში აბალანსებდა უწმინდესის და უნეტარესის შორსმჭვრეტელური და ბრძნული მმართველობა. მაგრამ, პატრიარქი მოხუცდა, ის ძველებურად ვეღარ უმკლავდება ეკლესიის შიგნით და მის გარშემო მოძრავ უამრავ უკეთურსა და ბოროტებას.

პატრიარქის შემოდგომა

ცხადია, ილია მეორე სრულიად განსხვავებული და უნიკალური მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა პერიოდში, ფაქტობრივად, განადგურებული ეკლესია რეჟიმის ლიბერალიზაციის კვალობაზე პატრიარქმა შეკრა უძლიერეს ეროვნულ ინსტიტუციად. მისი პიროვნული ღვაწლი ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში ფასდაუდებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ოთხივე ხელისუფალი, სხვადასხვა დოზით არ სწყალობდა უწმინდესს. ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა დოზით და სხვადასხვანაირად იყვნენ და არიან დაპირისპირებული პატრიარქთან. მიუხედავად ამისა, ილია შიოლაშვილმა შეძლო სამოქალაქო დაპირისპირებასა და სიდუხჭირეში ჩავარდნილი ქვეყანა ქარტეხილებში გამოეტარებინა, რწმენა აეღორძინებინა, ავტოკეფალიის აღიარებისთვის მიეღწია, ესკლესია–მონასტრების უფართოესი აღმშენებლობა უზრუნველეყო და ეროვნული თანხმობის მიღწევაში თავისი გადამწყვეტი წვლილი შეეტანა.

პატრიარქი ცოცხალი წმინდანია და ამაზე საქართველოში ბევრი არ დავობს. მხოლოდ ადამიანების გარკვეული წრე, ზვიადის მომხრეთა ნაწილი და თავგამოდებული, პოლიტიკურად და ეროვნულად გამოურკვეველი მიშისტები ღიად და დაუფარავად უპირისპირდებიან ილია მეორეს – ის არ არის მათი პატრიარქი. მაგრამ, პატრიარქი ცოდვილთა სასულიერო ლიდერია, მათი მეოხი და ნუგეშისმცემელი. თუმცა, ეს საზოგადოების მცირე ნაწილია.

მიუხედავად ამ ყოველივესი, პატრიარქი მოხუცდა, ის ვეღარ უმკლავდება ეკლესიის შიგნით და მის გარშემო მტერ–მოყვარეთა მანევრებს, ამიტომ დაინისლა მისი შემოდგომა. მას დააგვიანდა თანამოსაყდრის შერჩევა, დააგვიანდა რეფორმების განხორციელება ეკლესიის წიაღში, იმ რეფორმების, რომლისაც ჩვენს დასავლელ მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს არ სჯერათ, რამეთუ მართლმადიდებელი ეკლესია მათთვის Ortodox Church–ია, ორთოდოქსული, დოგმების და პრინციპების ურყევობის მიმდევარი ეკლესიაა, რომელიც დროს ფეხს ვერ უწყობს და, ამდენად, მისი მიმდევარი ხალხებისთვის პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა ხოლმე (რუსეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ბელარუსი, უკრაინა და ა.შ.). ამ ყველაფრის ფოკუსირება მხცოვან პატრიარქზე მოხდა, მას შეუვალ ავტორიტეტად ყველა აღიარებს, ამერიკელებიც და რუსებიც ევროპელებიც და აზერბაიჯანელებიც. მაგრამ, ყველა ამ მხარისთვის ის დაუძლეველი წინაღობაა, რომელიც მათ პოლიტიკურ დომინირებას აფერხებს საქართველოსა და რეგიონში. მათი გავლენის მატარებელი უპირობოდ მორჩილი ძალების მოსვლა და ბატონობა ქვეყანაში.

ამ ძალებიდან რომელიღაცამ ტერაქტი დაგეგმა, რომლის აღმსრულებელიც ეკლესიის შიგნით აღმოჩნდა – ჭყონდიდელი – მეუფე პეტრე ცაავა. ტერაქტი წარმატებით განხორციელდა, მის მიერ ნათქვამი სიბინძურის არავის სჯერა, მაგრამ სათქმელი ითქვა, ტერაქტი განხორციელდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის ერთ–ერთი ნიშანსვეტი შეტორტმანდა, უამრავ ადამიანს რწმენა შეუგინეს, პატრიარქის მიერ მონათლულ ათასობით ბავშვს – ნათლია და ეკლესიაც რეალურად დადგა განხეთქილების წინაშე, ასეთი მძიმეა პატრიარქის შემოდგომა.

გვეშველება რამე? რა ვქნათ?

ბოდიშს გიხდით ამ იდიოტური კითხვების დასმისთვის, მაგრამ სიტუაცია იმდენად კოშმარულია, რომ ასეთი ტრივიალური შეკითხვებიც კი ისმის.

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ–ერთი ბალავერი – ეკლესია ტერაქტის მსხვერპლი გახდა და ქვეყანაში სტაბილურობასაც და უსაფრთხოებასაც რეალური საფრთხე დაემუქრა. რა უნდა ქნას რეალისტმა და გონიერმა ხელისუფალმა? რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საბჭო უნდა შეკრიბოს და საზოგადოებას საფრთხის დაძლევის გზა უჩვენოს, დაამშვიდოს იგი. თუმცა, ვგონებ, ეს საბჭო ჯერჯერობით ფორმირებულიც კი არ არის. თავად ხელისუფლება, პრემიერის პირით სწორ და მართებულ შეფასებას აკეთებს, მაგრამ ამის იქით არ მიდის. ისევ ტერაქტის მთავარი ობიექტი, შეურაცხყოფილი და ფარისევლებით გარემოსილი პატრიარქი ცდილობს მდგომარეობის გადარჩენას. მაგრამ, ძალები აშკარად არათანაბარია.

დიახ, სეკულარიზმის ოქროს პრინციპი საქართველოში ირღვევა და ირღვეოდა კიდეც. ეკლესია მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე, ხშირად სწორადაც, მაგრამ ეს დემოკრატიის პრინციპებს აშკარად ეწინააღმდეგებოდა. თუ იგი ხელს აძლევდა ჩვენს ოკუპანტ მეზობელს – რუსეთს, რომლის გავლენებიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკმაოდ დიდია, აშკარად იწვევდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების უკმაყოფილებას დასავლეთში, რომლებიც, თავის მხრივ, თავად პატრიარქის სიბრძნეს და შორსმჭვრეტელობას ყოველთვის აღიარებდნენ და პატივს მიაგებდნენ. მაგრამ, დემოკრატიული დასავლეთის მიდგომა ეკლესიისადმი, ზოგადად, ასეთია: ერთი დომინანტი რელიგიის არსებობა ამა თუ იმ ქვეყნაში ხელს უშლის დასავლური დემოკრატიის განვითარებას ამა თუ იმ კონკრეტულ სახელმწიფოში. ჩვენთან ეკლესიის როლი კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკლესიის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის შიდა საქმეებში დაუშვებელია. არადა, ეს პრინციპი აშკარად დარღვეულია. ამიტომ, რაც არ უნდა ძნელი იყოს, ჩვენ, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს ზედმიწევნით უნდა მივსდიოთ და რეალობა შევცვალოთ. ასეთია დღეის მოთხოვნა.

აქ საუბარი მეუფე პეტრეზე და მეუფე იაკობზე ზედმეტია. ისინი და მათი ქმედებები ეკლესიამ უნდა განსაჯოს საეკლესიო კანონიკის შესაბამისად, ხოლო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ დომინანტი ეკლესიის, მაგალითად, ფინანსები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყოს. რა თქმა უნდა, ეს თავად ეკლესიის და საპატრიარქოს პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ მისთვის ყოველწლიურად კანონიერად მიცემული 25 მილიონი ლარი როგორ იხარჯება, ამას უცილობლად აკონტროლებდეს სახელმწიფო და აუდიტის სამსახური – ეს ხომ ხალხის ფულია.

ერთი მხრივ, ძლიერი, გავლენიანი ეკლესია და სუსტი ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საიმედო მომენტია, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ რეალობიდან ამოვალთ ის საქართველოსთვის შეიძლება რუსული ექსპანსიის დამოკლეს მახვილად იქცეს. ამას ვერც პროდასავლური სასულიერო პირების გამორჩევა და მათი ვიზიტების ორგანიზება შეერთებულ შტატებში ვერ გაანეიტრალებს და ვერც უწმინდესის და უნეტარესის შეუვალი ავტორიტეტი, რომელიც სულ ახლახანს ლამის გაანეიტრალა რომელიღაც სპეცსამსახურის კარგად დაგეგმილმა ტერაქტმა.

ახლა ქართული საზოგადოების საეკლესიო საქმეებში აქტიური ჩარევის დროა. განხეთქილება დედა ეკლესიაში რეალურია. ბევრ მართლმადიდებლურ ეკლესიად მისი დაშლა, როგორც ეს საბერძნეთში მოხდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის დიდი ხიფათის შემცველია. მით უმეტეს, დააკვირდით, რომ მეამბოხე მიტროპოლიტი სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს და ცდილობს დაფუძნებას – ესეც უაღრესად სახიფათოა.

რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია დიდი საეკლესიო კრების მოწვევის საკითხის დაყენება, მაგრამ მოცემულ რეალობაში ჩვენი ეკლესიის და მრევლის რეალური პრობლემების გათვალისწინებით იგი ვერ მოაგვარებს ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემებს. კრება შესაძლოა გადაიქცეს სეირად, ბალაგანად და ლექის ზედაპირზე ამოსვლის არენად, რომელიც ჩვენს მყიფე სახელმწიფოებრიობას სასიკვდილო საფრთხით შეიძლება დაემუქროს და ჩვენი ეკლესიის დაქუცმაცების წინაპირობა გახდეს, რომელიც, ვფიქრობ, არ წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

გამოსავალი ერთია – ღია და ფართო საზოგადოებრივი დიალოგი სეკულარიზმის პრინციპების უეჭველად აღიარებით და გათვალისწინებით.

ბექა ციხისელი

Share