Home » ბიზნესი » „მარკეტინგი ხელოვნებაა, რაც შინაგან თავისუფლებას, სილაღეს, სითამამეს და კრეატიულობას მოითხოვს”
„მარკეტინგი ხელოვნებაა, რაც შინაგან თავისუფლებას, სილაღეს, სითამამეს და კრეატიულობას მოითხოვს”

„მარკეტინგი ხელოვნებაა, რაც შინაგან თავისუფლებას, სილაღეს, სითამამეს და კრეატიულობას მოითხოვს”

„საქართველოს მსოფლიო იცნობს როგორც ღვინის სამშობლოს და ერთგვარ სლოგანად არის ქცეული ფრაზა: ქართული ღვინის კულტურის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია”

ინტერვიუ სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრ, “მეღვინეობა ხარებას” მარკეტინგის დეპარტამენტის უფროს ლადო ციმაკურიძესთან

– მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ მოხვდით მარკეტინგის სფეროში და რა ფაქტორებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ამ პროფესიის არჩევისას?

– ჩემი თაობის მარკეტერები სფეროს ე.წ. პიონერებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ჩვენ მილენიანელ მარკეტერთა ერთ-ერთი პირველი თაობა ვართ საქართველოში, რომლებიც 2000-ანი წლების დასაწყისში შემოვედით მარკეტინგისა და Pღ-ის ინდუსტრიაში. მართალი გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში სწორედ 2000-ანი წლების დასაწყისი შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ საეტაპო პერიოდად, თანამედროვე მარკეტინგისა და Pღ-ის საქართველოში დანერგვისა და განვითარების კუთხით. სწორედ 2000 წელს ჩავაბარე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობაზე და ჩემი ლექტორები იყვნენ საერთაშორისო გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე Pღ-ის პროფესიონალები ქალბატონი მარიკა დარჩია და ბატონი ნიკა მახარაშვილი, რომელთაც ალბათ ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს Pღ-ის სპეციალობის დანერგვა საქართველოში.

2004 წელს Pღ-ის საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო კურსზე განვაგრძე სწავლა და მომენიჭა მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, სწავლის პერიოდში მარკეტინგის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად 1 წლით გავემგზავრე რუმინეთში და გავიარე მარკეტინგის საკვალიფიკაციო კურსი. მოგვიანებით ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის, კულტურის, მეცნიერებისა და კრეატივის პროგრამის ფარგლებში ავიღე მარკეტინგის კურსის სერტიფიკატი, ხოლო შემდეგ EBRD-ის დაფინანსებით გავემგზავრე ავსტრიაში მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსზე ჟოინტ Vienna Institute-ში მენეჯმენტის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

რატომ ავირჩიე მარკეტინგისა და PR-ის სფერო, ამაზე ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ ორივე ეს სპეციალობა თავის თავში აერთიანებს და მოიცავს ჩემთვის ძალიან მიმზიდველ და საინტერესო მიმართულებებს: ხელოვნებას მისი ძალიან ფართო გაგებით და მრავალმხრივი მიმართულებებით, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, და ბევრ სხვა სამეცნიერო მიმართულებებს.. შესაბამისად, ალბათ მარკეტინგი და PR ერთ-ერთი გამორჩეული, მრავლისმომცველი და განსაკუთრებული სპეციალობებია, რომლებიც თანაბრად მოიცავს ხელოვნებასაც და მეცნიერებასაც.

–ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, რა გამოწვევების წინაშე დგახართ, როგორც მარკეტინგის სამსახურის უფროსი?

–21-ე საუკუნე მართლაც განსაკუთრებული გამოწვევებითაა სავსე. დიგიტალიზაციის ეპოქაში საოცრად მრავალფეროვანია კომუნიკაციის ფორმები, საშუალებები და შესაძლებლობები. შესაბამისად, თანამედროვე მარკეტინგიც მთელი თავის სრულყოფილებით აჩვენებს მსოფლიოს, იმ განუზომელ შესაძლებლობებს, რომელიც პროდუქტის შექმნიდან, პარალელურად კი ბრენდის დაბადებიდან, მის ბაზარზე დამკვიდრებისა და შემდგომი განვითარების ციკლს მოიცავს. ამასთან ერთად უზომოდ გაზრდილია კონკურენტული გარემო, დაჩქარებულია კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების ტემპები და მომხმარებელთან კომუნიკაციაც იმდენად მრავალფეროვანი, პირდაპირი და მჭიდროა, რომ მუდმივად მათთან კომუნიკაციის პულსზე უნდა ედოს მარკეტერს ხელი, რათა ზედმიწევნით აკონტროლოს მათი დამოკიდებულებები, რეაქციები, უკუკავშირები, ქცევა და, ზოგადად ბაზრის ცვალებადობის ტენდენციები. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან დროის მოკლე მონაკვეთში, მრავალფეროვანი მარკეტინგული კომუნიკაციით, ეფექტურად შეიძლება გადაჭრა ამოცანები, სწრაფად შეიძლება მიაღწიო დასახულ მიზნებს. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთმა ტემპებმა სხვა გამოწვევებიც მოიტანა, რაც გულისხმობს მარკეტინგული და PR ღონისძიებების აქტიურ, მასიურ და უწყვეტ ციკლს, რაც იწვევს ფინანსური დანახარჯების საგრძნობ ზრდას, ასევე სხვადასხვა მარკეტინგული პროცესების მართვისას გაზრდილ რისკებს, პასუხისმგებლობებს, სამუშაოს დინამიკას, სწრაფი ქმედებებისა და რეაგირებებისთვის საჭირო ძალისხმევას. თავის მხრივ, მარკეტინგმა ბოლო 15 წლის განმავლობაში დაიმატა ახალი და ძალიან მძლავრი მიმართულება, როგორიცაა დიგიტალ მარკეტინგი, რაც ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა მომხმარებელთან პირდაპირი, ეფექტური კომუნიკაციისთვის და მათი ქცევის, ინტერესების და უკუკავშირების ანალიტიკისთვის. მომხმარებლებთან ყოველდღიური მაქსიმალური სიახლოვე და კომუნიკაცია, მათი რეაგირებების, ემოციების, უკუკავშირების, კმაყოფილების, ან პირიქით უკმაყოფილების გაათმაგებული კონტროლი და ანალიზი ბრენდის ზუსტი აუდიტირებისა და მისი მაღალი ხარისხით მართვის საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს 15-20 წლის წინ იყო შესაძლებელი.

შესაბამისად, თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სწორედ საკუთარი მომხმარებლის უკეთ შესწავლა, გაცნობა, მათთან სიახლოვე, მათი ქცევისა და მოლოდინების ანალიზი და რაც მთავარია მათთან უწყვეტი კომუნიკაციაა. მეორე მხრივ, თავად მარკეტერების უმთავრესი გამოწვევა ისაა, რომ თანამედროვე მარკეტინგი მცირე შეცდომასაც არ პატიობს მასში მოღვაწე პროფესიონალს, რასაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. შესაბამისად, მოითხოვს მათგან მაღალ კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს, დეტალებზე მაქსიმალურად გამახვილებულ ყურადღებას, კრეატიულობას და თანამედროვე ტენდენციებისა და ტრენდების მიმართ მუდმივ ფეხის აწყობას.

– რა შეიცვალა ბოლო 5 წლის განმავლობაში სფეროში, და რა ცვლილებებია მოსალოდნელი ახლა?

– მარკეტინგის სფერო მუდმივად ვითარდება და როგორც ზემოთ აღვნიშნე ახალ-ახალ ტრენდებს და ტენდენციებს გვთავაზობს. ბევრი დეტალი განსაზღვრავს მის განვითარებას და წინსვლას. ზოგადად, მარკეტინგმა ბოლო ასწლეულში უამრავი განვითარების და გარდასახვის ეტაპი გაიარა ტექნოლოგიური, თუ მომხმარებლის ქცევების ცვლილებისა და განვითარების ფონზე. გასულ საუკუნეში თუ დომინიონი იყო პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი თავად ეძებდა და პოულობდა, კონკურენციის შედარებით დაბალი მაჩვენებლის გამო, დღეს აბსოლუტურად შეიცვალა თანამედროვე მარკეტინგის მიდგომა, რადგან დღეს ბრენდი ეძებს საკუთარ ნიშას და მომხმარებელს, ასეთი თავისუფალი ნიშა კი არც თუ ისე ბევრია და, შესაბამისად, მარკეტინგს უწევს გამორჩეული, ინოვაციური, საინტერესო და მიმზიდველი ბრენდი შექმნას, შემდეგ კი მოძებნოს და შეინარჩუნოს მომხმარებელი, გადმოიბიროს კონკურენტების მიმართ ლოიალური სეგმენტი და, ასევე, დააინტერესოს ნეიტრალური, ახალი სამომხმარებლო ჯგუფები.

– თქვენი აზრით, რა მნიშვნელოვანი თვისებები უნდა ჰქონდეს მარკეტინგის მენეჯერს და რა არის ზოგადად მისი როლი ორგანიზაციაში?

რამდენიმე მნიშვნელოვან თვისებაზე გავამახვილებ ყურადღებას და თან ვეცდები განვმარტო, რატომ ვფიქრობ ასე: თავისუფლება, სითამამე, სილაღე და შემოქმედებითობა – რადგან ჩარჩოებში, დოგმებსა და სტერეოტიპებში მოქცეული აზროვნება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ეფექტური და როგორც გითხარით მარკეტინგი დიდ წილად ხელოვნებაა, რაც სწორედ შინაგან თავისუფლებას, სილაღეს, სითამამეს და კრეატიულობას მოითხოვს. შესაბამისად, თვალშისაცემი, კრეატიული და რევოლუციური იდეების განხორციელებას, ამბიციური ბრენდისთვის, აუცილებლად სჭირდება ეს თვისებები.

მუდმივი ძიებისა და ახლის გაგების სურვილი – რადგან თავად მარკეტინგი იმდენად სწრაფი ტემპებით ვითარდება და ახალ-ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, ძნელია ამ თვისებების გარეშე ფეხი აუწყო მის განვითარებას. და რაც მთავარია პროფესიონალიზმი, ანალიტიკური აზროვნება, რისკიანობა და საკუთარი თავის რწმენა – ამ თვისებების გარეშე კი წარმოუდგენელია გამარჯვებების და შედეგების მიღწევა!

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ ორგანიზაცია არ ჩამორჩეს ახალ ტრენდებს და გამოიყენოს ინოვაციური მიდგომები მარკეტინგის სფეროში?

– ღვინო ისეთი პროდუქტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკუნეების განმავლობაში ადგენს და აყალიბებს მისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს, ნორმებს და სტანდარტებს, როგორც კომპანიების საქმიანობის კუთხით, ასევე მომხმარებლების ქცევების, მოლოდინების და დამოკიდებულებების კუთხით.

თუმცა, ამ სტანდარტებთან ერთად, რა თქმა უნდა, უამრავი სხვა ქმედებებისა და თანამედროვე მიდგომებისთვისაც დიდი ასპარეზი რჩება. პირველ რიგში, თუ განვიხილავთ ისეთ ფუნდამენტურ სტანდარტებს, რის ჩამოყალიბებასაც მრავალწლოვანი ისტორიული გამოცდილებები უდევს საფუძვლად, ესაა ბრენდის პლატფორმა, მაგალითად მწარმოებელი ქვეყანა, მისი ისტორიული გამოცდილება ღვინის წარმოების მხრივ და ამავე ქვეყნის ასოცირება მომხმარებელში, ანუ არის თუ არა იგი წამყვანი მეღვინეობის დარგის მქონე ქვეყანა. სხვათა შორის, ამ კუთხით ერთ-ერთი უძლიერესი და ძალიან ეფექტური პლატფორმა აქვს ქართულ ღვინოს, რაც ჩვენი ქვეყნიდან წარდგენილ ნებისმიერ ბრენდს აძლიერებს საერთაშორისო ბაზარზე, რადგან საქართველოს მსოფლიო იცნობს როგორც ღვინის სამშობლოს და ერთგვარ სლოგანადაცაა ქცეული ფრაზა: ქართული ღვინის კულტურის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია, რაც საქართველოში არქეოლოგიური გათხრებისას უძველესი კულტურული ვაზის წიპწების აღმოჩენამ დაადასტურა. მეორე და უმნიშვნელოვანესი ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ღვინის სახეობების ცნობადობა, მაგალითად შეგვიძლია ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინის სახეობები მოვიყვანოთ – საფერავი, ხვანჭკარა, რქაწითელი, ციცქა, ცოლიკოური და ა.შ. ღვინის ცნობადობა, მისი მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაციასთან ერთად, რა თქმა უნდა, უდიდეს როლს ასრულებს საერთაშორისო ბაზარზე, რათა მასზე მზარდი მოთხოვნა და ინტერესი იყოს უზრუნველყოფილი. მესამე გახლავთ საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული ჯილდოები და აღიარებები, პროდუქციის ხარისხი, ბრენდინგი და სხვა…

საერთაშორისო გამოფენები და მათში მონაწილეობა ყოველწლიური, აუცილებელი მარკეტინგული ღონისძიებაა, რასაც ემატება თითოეულ საექსპორტო ბაზარზე ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია, მრავალფეროვანი ATL და BTL აქტივობების ჩათვლით, შესაბამისად თუ წარმოვიდგენთ რა მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი ალბათ დამეთანხმებით, რომ მეღვინეობის სფეროში მარკეტინგის როლი საკმაოდ საპასუხისმგებლო და დიდია. მაგალითისათვის “მეღვინეობა ხარება” მსოფლიოს 20-ზე მეტ საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სადაც აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები ტარდება ღვინის პოპულარიზაციის კუთხით, რაც, რა თქმა უნდა, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს. ასევე აღსანიშნავია, რომ ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე, “მეღვინეობა ხარებას” სხვადასხვა სახეობის ღვინოს, ჯამში 200-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ფესტივალებსა და გამოფენებზე, საიდანაც 60%-ზე მეტი უმაღლესი სინჯისაა. ამასთან, დღეისათვის “მეღვინეობა ხარება” 45 სახეობის ღვინოს აწარმოებს და ესეთი მრავალფეროვანი ასორტიმენტიც ბრენდის სიძლიერეზე მეტყველებს, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს 1500 ჰექტრამდე სავენახე მეურნეობა და სანერგე საწარმო, სადაც ხდება იშვიათი და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, აღდგენა და წარმოების პროცესში დანერგვა.

– როგორია თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს მოდელი მარკეტინგის მხრივ, და რამდენად ორიენტირებულია იგი, მომხმარებელზე?

– დღესდღეობით თანამედროვე მარკეტინგისთვის მომხმარებელი, მათი კმაყოფილება, ლოიალურობა და რაოდენობის მუდმივი ზრდა არის უპირველესი საზრუნავი. მომხმარებელს მომენტალურად შეუძლია ბრენდი, მისი პოპულარობა, მასზე მოთხოვნა, მისადმი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება აღაზევოს, ან დაამხოს.

აქედან გამომდინარე, მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდის კომუნიკაცია, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს მისადმი მაღალ სანდოობას, სწორი და კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკის წარმოებას, პროდუქციის უმაღლეს ხარისხს და მის მუდმივ კონტროლს, გამორჩეულ და დახვეწილ ბრენდინგს და ვიზუალიზაციას, ბრენდის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და ბრენდთან ურთიერთობისას დაგროვილი გამოცდილებების ჰარმონიულობას. სწორედ ამ ორიენტირებზე არის დღეისათვის აგებული “მეღვინეობა ხარებას” მარკეტინგული სტრატეგია, რისი საბოლოო შედეგიც რა თქმა უნდა მაღალი მიზნებისა და შედეგების მიღწევას გულისხმობს.

– ერთი სიტყვა რომელიც აღწერს თქვენს სამუშაოს?

სიამოვნება – ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მუშაობის პროცესში და საყვარელი საქმიანობის შესრულებისას. სიამოვნების განცდა იმ კომპანიაში და სფეროში, რომელშიც მოღვაწეობ, იმ გარემოცვაში, რომელთან ერთადაც ყოველდღიურად ებრძვი გამოწვევებს, ბრენდთან საკუთარი თავის ასოცირებისას სიამაყის განცდა, რომლის წარმატებისთვისაც მუდმივად, ყოველდღიურად ფიქრობ და რომელიც შენვე შენს ძლიერ ბეგრაუნდად უნდა აქციო.

– ყველაზე სასარგებლო რჩევა რომელიც ცხოვრების განმავლობაში მიგიღიათ?

რამდენიმე მათგანი მახსენდება, თანაც ისეთი, რომლებმაც შემდგომში ჩემს თვისებებში გადმოინაცვლა, რაც დღემდე მომდევს და მეხმარება. მაგრამ, უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ მაინც, ღრმა ბავშვობისას ჩემი მშობლების რჩევა და მუდმივი მითითება იყო შემდეგი ფრაზით: შენ თვითონ…, ეს ფრაზა იყო, რამაც ალბათ დამოუკიდებლობის, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებისას საკუთარი თავის რწმენის და თავდაჯერებულობის განცდა ჩამომიყალიბა.

– დაასახელეთ ის პიროვნება რომელიც შთაგაგონებთ პროფესიული თვალსაზრისით.

მსოფლიოში მარკეტინგის გურუდ აღიარებული სეთ გოდინი, პროფესიული თვალსაზრისით ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითოა, ვინც თავის ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, საინტერესო წერისა და გადმოცემის სტილით, მუდმივად ორიგინალური და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. სეთ გოდინი, მის თანამოაზრეებს და იდეის მიმდევრებს მუდმივ შთაგონებას გვგვრის თავის ორიგინალურობით, რევოლუციური და ძალიან თანამედროვე აზროვნებით, საქმიანობაში შეუპოვრობით, ახალი ორიგინალური გზების ძიებით, მუდმივი განვითარების და მიზანსწრაფულობის ჩვენებით, ასევე განსხვავებული და შეუზღუდავი მარკეტინგული ინსპირაციებისა და კრეატიული იდეების ჩამოყალიბების კუთხით: “იარეთ თუნდაც ნელა, მაგრამ იარეთ მუდამ წინ და დაუღალავად, რადგან სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა მუდმივ მცდელობაზე, თავდაუზოგავ შრომაზე და შეუპოვრობაზე გადის”, – გვირჩევს სეთ გოდინი.

ესაუბრა ლიკა მაისურაძე

Share