Home » ბიზნესი » მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი პროექტი „ვაზისუბნის მამული“ გურჯაანში სექტემბერში დასრულდება
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი პროექტი „ვაზისუბნის მამული“ გურჯაანში სექტემბერში დასრულდება

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი პროექტი „ვაზისუბნის მამული“ გურჯაანში სექტემბერში დასრულდება

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე  გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას სექტემბერში დაასრულებენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად სამშენებლო პროცესი დასასრულისკენ მიდის.  

ხანდამაშვილის ინფორმაციით,  ბიზნესმენების კუთვნილ „ვაზისუბნის მამულში“ დაგეგმილია  სამეღვინეო-ტურისტული ცენტრის მშენებლობაც, რომლის დასრულებაც უახლოეს თვეებში იგეგმება.

„ის ტერიტორია, სადაც კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ტურისტულ კომპლექსს აშენებს,  იდეალური ადგილია ვიზიტორებისთვის. კომპლექსის ტერიტორიაზე გაშენებულია ვენახები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩენ ვართ მეღვინეობის მუნიციპალიტეტი და ამ სახელს აუცილებლად შევინარჩუნებთ. გურჯაანში ერთ-ერთი მაგნიტი და მიზიდულობის ცენტრი  გვიჩნდება ტურისტებისთვის,“—აღნიშნავს ხანდამაშვილი.

როგორც ცნობილია, ყურძნის გადამამუშავებელი  ქარხნის პროექტში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ დაახლოებით  2 500 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ, სოფელ ვაზისუბანში, 2018 წლის ივლისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო პირობებით, 84 000 ლარად იყიდა.მაშინ ითქვა,რომ საწარმო ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს.

კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს.

კომპანია „ვაზისუბნის მამული“ განახლებულ ძლიერი სამეღვინეო-ტურისტული ცენტრის შექმნას  ითვალისწინებს. შპს „ვაზისუბნის მამულის“ კომპანიად ჩამოყალიბება  სულხან ჭავჭავაძის სამეურნეო და კულტურული ტრადიციების აღდგენის პროცესს უკავშირდება. ეს პროცესი 2011 წელს დაიწყო.

 კომპანია ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს  2 ბრენდით „ვაზისუბნის მამული“ და Georgian Sun– აწარმოებს. აქვს საკუთარი ვენახები. ექსპორტზე ქართული ღვინო მსოფლიოს 5 ქვეყანაში გააქვს .

commersant.ge

Share