Home » საზოგადოება » მამუკა ბახტაძე – საქართველოში გაკოტრებისთვის განწირული სესხები აღარ გაიცემა
მამუკა ბახტაძე - საქართველოში გაკოტრებისთვის განწირული სესხები აღარ გაიცემა

მამუკა ბახტაძე – საქართველოში გაკოტრებისთვის განწირული სესხები აღარ გაიცემა

ანალიტიკოსები პირველი კვარტლის მონაცემებს ელოდებიან და შეიძლება, საზოგადოებამ იმსჯელოს, რომელიმე სექტორისთვის სხვა ტიპის თამაშის წესების შემოღება ხომ არ იქნება უმჯობესი, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, თუ აღმოჩნდება, რომ რეგულაციები, რომელიმე სექტორის განვითარებისთვის ბარიერი გახდა, ამ რეგულაციებზე პასუხისმგებელი ადამიანები ციფრებს ადეკვატურად შეაფასებენ.

„ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა განცხადება და ვიცი, რომ მათ ამ საკითხზე კომერციულ ბანკებთან ინტენსიური დიალოგი აქვთ, თუმცა მტკიცება, რომ რაც მოხდა იყო ცუდი, არის ტყუილი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადავდგით ეკონომიკაში, ძალიან ბევრი სისტემური რისკის დაზღვევის საშუალება მოგვცა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პასუხისმგებლიან დაკრედიტებასთან დაკავშირებით მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად პირველი ნაბიჯები, ჯერ კიდევ, გასული წლის მაისიდან გადადგა. რეფორმა კი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნა და ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაეზარდა.

„რბილად რომ შევაფასოთ, საქმე ყველაზე არაჯანსაღ მოვლენასთან გვქონდა. ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც განვითარებადია, საცალო სესხების მოცულობა ბიზნესის დაკრედიტებას რამდენჯერმე აღემატებოდა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის. უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ ბევრი მოქალაქე და კრედიტორი დააზარალა. საქართველოში აღარ მოხდება ის, რომ გაკოტრებისთვის განწირული სესხები გაიცეს, ამას ყველა უნდა შეეგუოს“, – განაცხადა პრემიერმა.

Share