Home » საზოგადოება » მამუკა ბახტაძე – ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად
მამუკა ბახტაძე - ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად

მამუკა ბახტაძე – ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაცხადებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება,- ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ანაკლიის პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, ამიტომ ის უმნიშვნელოვანესია.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ არის ორი მთავარი საკითხი პირადად ჩემთვის. პირველი გახლავთ ის, რომ მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა აშენდეს და მეორე, ის უნდა აშენდეს, რაც შეიძლება დროულად. ამიტომ, ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დავიწყოთ, რაც შეიძლება დროულად პორტის მშენებლობის პროცესი. ძალიან დიდი დროის, ენერგიის და ამავე დროს ფულადი სახსრების ინვესტირება მოხდა ჩვენი მხრიდან ამ პროექტში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პროექტი გაიწელოს ძალიან დიდხანს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იყო. კარგია, რომ ეს დიალოგი შედგა. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ მისცა თანხმობა კრედიტორებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც არის პრინციპული მნიშვნელობის, მათ შორის, გადასახადების გადამხდელებისთვის“,- განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხრიდან კონსორციუმის მხარდაჭერა გაგრძელდება, მთავარია პროექტის მიმდინარეობაში მთავრობამ პროგრესი დაინახოს.

„როცა საუბარია კომერციული რისკის დაზღვევაზე, მაშინ კითხვა ჩნდება – კომერციული ინტერესი სად არის ამ პროექტში, მაშინ როგორ ექნება ამას კომერციული დატვირთვა კერძო ინვესტორის მხრიდან. ამიტომ, ყველა ის საკითხი, რომელშიც შეიძლება ჩვენ მხარი დავუჭიროთ კონსორციუმს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება. მთავარია, ვაჩვენოთ პროგრესი. მთავარია, კონსორციუმის მხრიდან ჰქონდეს განცდა საზოგადოებას და ყველას, რომ პროცესი მიდის დასრულებისკენ, იმისკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ამ ფინანსური რესურსი მობილიზაციას. შესაბამისად, ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით – პირველი, რომ პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და მეორე, პროექტი უნდა დავიწყოთ ყველამ ერთობლივად, რაც შეიძლება დროულად“,- განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ვადებს, პრემიერის თქმით, ვადა დინამიკაზეა დამოკიდებული და ზუსტი თარიღები არ არის განსაზღვრული.

„ვადა არის დამოკიდებული იმ დინამიკის ჩვენებაზე, რომელსაც კონსორციუმი შეძლებს. ეს არის მსხვილი პროექტი და მესმის რომ ერთ დღეში და ერთ კვირაში არ შეიძლება ასეთი მიდგომებით ვსაუბრობდეთ ამ საკითხზე, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩანდეს დინამიკა, მზადყოფნა, რომელიც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ კონსორციუმის მხრიდან ფინანსური ვალდებულებები იქნება შესრულებული“,- განაცხადა ბახტაძემ.

Share