Home » ბიზნესი » “მაგთიკომი” “მომხმარებელთა უფლებების დაცვის” რეგლამენტის დამრღვევად ცნეს
მაგთიკომი

“მაგთიკომი” “მომხმარებელთა უფლებების დაცვის” რეგლამენტის დამრღვევად ცნეს

2016 წლის 1-ელი იანვრიდან კომპანია “მაგთიკომი” აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე, ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს. ამას კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ავალდებულებს.

“შპს “მაგთიკომს” დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლებისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა”, – ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში.

როგორც აღმოჩნდა, შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ აბონენტებისთვის მომსახურების გაგრძელება აქამდე ავტომატურად და თან განსხვავებული ტარიფით ხდებოდა, რის შესახებაც თავად მომხმარებლები ინფორმირებულნი არ იყვნენ. კერძოდ, თუკი ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტის შეძენისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარს შეადგენდა, მისი ამოწურვის შემდეგ აბონენტებს იგივე მოცულობის ინტერნეტი 70-ჯერ მაღალი ტარიფით – 0,35 ლარად მიეწოდებოდა. აღნიშნულის შესაბამისად, ასეულობით მოქალაქეს ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.

უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში – აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტ-დავალიანება 48 ათასზე მეტ აბონენტს დაერიცხა, მისი საერთო მოცულობა კი 438,849 ლარს შეადგენს. ინფორმაციისთვის, არიან აბონენტები, რომლებსაც დავალიანების სახით დარიცხული აქვთ 4 ათასიდან 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხა.

აღსანიშნავია, რომ “მაგთიკომის” საქმეზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება შპს “კვირის პალიტრის” საჩივრის საფუძველზე მიიღო, რომლის დირექტორი დავით გიგუაშვილიც ერთ-ერთია იმ აბონენტებს შორის, რომლებსაც ინტერნეტ-მომსახურებაზე დავალიანება დაერიცხათ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა კომისიამ “მაგთიკომი” “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის დამრღვევად ცნო და მას შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ლიმიტის ამოწურვისა და მომხმარებლებისთვის მისი განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, აბონენტების წინასწარ ინფორმირება დაავალა, “კვირის პალიტრის” საჩივარი არ დაკმაყოფილდა. “გაუწეველ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის ფაქტის დაუდასტურებლობის” მიზეზით საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დავით გიგუაშვილს “მაგთიკომის” მიერ დარიცხული სადავო დავალიანების – 1813 ლარის ჩამოწერაზე უარი უთხრა.

წყარო : BPN

Share