Home » ეკონომიკა » „მაღალი სპრედი აფერხებს ბიზნეს დაკრედიტებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას“
„მაღალი სპრედი აფერხებს ბიზნეს დაკრედიტებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას“

„მაღალი სპრედი აფერხებს ბიზნეს დაკრედიტებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას“

 „მაღალი სპრედი აფერხებს ბიზნეს დაკრედიტებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას ზოგადად“

ეკონომიკაში და საბანკო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გთავაზობთ „ბანკები და ფინანსების“ ინტერვიუს  წამყვან საბანკო და საფინანსო ექსპერტთან პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.

– კვლევაში საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018 წლებში, თქვენს მიერ გარდა პოზიტიური ტენდენციებისა, აღნიშნულია ის ნეგატიური ტენდენციები და გამოწვევები რომლის წინაშეც დგას საბანკო სექტორი, ერთ-ერთ ასეთ გამოწვევად მაღალი საპროცენტო მარჟა და სპრედი არის მიჩნეული, რამდენად ზემოქმედებს ეკონომიკაზე ეს ფაქტორები ნეგატიურად?

საპროცენტო შემოსავლებში საინტერესო ტენდენცია იკვეთება ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული შემოსავლების დინამიკაში. ფიზიკური პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავლები 2012 წელს 709.5 მლნ ლარი იყო უკვე 2017 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა და 1.5 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალოგიურ პერიოდში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 657 მლნ ლარიდან მხოლოდ 869 მლნ ლარამდე  ანუ 32 %-ით არის გაზრდილი, ხოლო 2017 წელს 2016 წელთან შედარებით სულაც  62 მლნ ლარით არის შემცირებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საცალო დაკრედიტების ზრდის და იურიდიული პირების დაკრედიტების შენელების ტენდენციებზე და რაც ასევე არის ასახული შემოსავლების ზრდის დინამიკაზე ზოგადად.

წმინდა საპროცენტო მარჟა, ერთის მხრივ ასახავს წმინდა საპროცენტო მოგების საბანკო აქტივებთან თანაფარდობას ანუ მოგების აქტივებთან უკუგების მაჩვენებელს და მეორეს მხრივ, საპროცენტო შემოსავლების და ხარჯების რეალურ სპრედს.

შედარებისათვის 2016 წლისათვის მსოფლიოში მისი საშუალო მაჩვენებელი იყო 4%, მაშინ როდესაც ჩვენთან 5.6 %-ის ტოლფასი იყო, ხოლო მაქსიმალური მაჩვენებელი 173 ქვეყნის მიხედვით  12.5% შეადგენდა(ვენენსუელას მიხედვით). მართალია, 2017 წლის ბოლოსათვის წმინდა საპროცენტო მარჟის მაჩვენებელი შემცირდა 5.1 %-მდე, მაგრამ მაინც მაღალ მაჩვენებლად რჩება.

ასევე საინტერესოა საოპერაციო მოგების მარჟის მაჩვენებელიც, რაც ასახავს წმინდა მოგების საოპერაციო მოგებასთან პროცენტულ თანაფარდობას. თუ საოპერაციო მოგების მარჟა 2015 წელს 5.2%-ს შეადგენდა, 2016 წელს 5.8 %-მდე გაიზარდა, ხოლო 2017 წლის ბოლოს  7 %-ს მიუახლოვდა ანუ ზრდამ შეადგინა 1.2 პროცენტული პუნქტი, რაც წამყვანი ორი ბანკის აქტივების ზრდის შედეგია, მაგრამ ამავდროულად წმინდა საპროცენტო მარჟა შემცირდა მხოლოდ 0.4  პროცენტული პუნქტით.  ეს ფაქტორი კიდევ ერთხელ მიუთითებს 2015-2017 წლებში საბანკო ბაზრის მაღალი კონცენტრაციის არც თუ დადებით შედეგებს, პირველ რიგში ბაზრის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობის საბანკო სისტემების  წმინდა საპროცენტო მარჟის მედიანური მაჩვენებელი  2.5 %-ის ზონაში ფუნქციონირებს(პოლონეთი-2.52 %, ჩეხეთი-2.6 %, საბერძნეთი-2.36 %, სლოვენია-2.39%), ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ ბალტიის  სახელმწიფოებს(ლიტვაში-1.86 %, ლატვიაში-2, 03%, ესტონეთში-2.5 %), ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბუნებრივია აქვთ ისეთი წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს როგორებიცაა საფრანგეთი-0.93%, ლუქსემბურგი-0.82 %, გერმანია და დანია-1.10 და ა.შ.ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, რუსეთში წმინდა საპროცენტო მარჟა 2.56%-ია, სასომხეთში-4.6%, მოლდოვაში-4.57 %, აზერბაიჯანში-3.72%, თურქეთში-3.52%, უკრაინაში-3.42%, ყაზახეთში-3.32%.

ჩვენთან წმინდა საპროცენტო მარჟის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია მაღალი საპროცენტო სპრედით, რომელიც როგორც ვხედავთ საშუალო მსოფლიო დონესთან შედარებით მაღალია. თავის მხრივ, მაღალი საპროცენტო სპრედი პირდაპირ გენერირებს  ბანკების მომგებიანობაზე. წმინდა მოგების ზრდის მაჩვენებელი აქტივების ზრდასთან შედარებით 3 ჯერ მაღალია. მაგალითისათვის, თუ 2012 -2017 წლებში მოგება გაიზარდა 6.5 ჯერ, აქტივები იმავე პერიოდში მხოლოდ 2.5 ჯერ არის გაზრდილი.   

როგორც ვხედავთ, წმინდა საპროცენტო მარჟა ქვეყნების მიხედვით აჩვენებს, რომ  ქართული საბანკო სექტორი მაღალი მარჟის პირობებში ფუნქციონირებს. ჩვენ ვიმყოფებით საპროცენტო მარჟის სიდიდის მიხედვით, აფრიკის და ლათინური ამერიკის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების გვერდით. აღნიშნული ქვეყნები(განა, არუბა, ჰონდურასი, კენია, უგანდა, ნიკარაგუა და ა.შ.) ეკონომიკის განვითარების და ცხოვრების დონით ჩვენზე ჩამორჩენილი ქვეყნები არიან, მაგალითისათვის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით(PPP) თუ ჩვენს შემთხვევაში 10 000 აშშ დოლარია, იგივე კენიაში და ტანზანიაში 3000 აშშ დოლარის ფარგლებში, განაში და ზამბიაში 4000 აშშ დოლარზე ნაკლებია.

 საოპერაციო მოგების მაღალი მარჟა და მისი ზრდის ტენდენციები მიუთითებს საბანკო კონკურენციის შემცირებაზეც, რაც ბოლო სამ წელიწადში ორი მსხვილი ბანკის ხვედრითი წილის ზრდით მიმდინარეობს და ფაქტიურად ოლიგოპოლიური ტენდენციების მატარებელია.

ნიშანდობლივია, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, სისტემფორმირებადი ბანკებისბანკის(თი ბი სი ბანკი, საქართველოს ბანკი და „ლიბერთი ბანკი“)  ხვედრითი წილი მთლიან აქტივებში 59 % დან 77 %-მდე ანუ მთელი 20 %-ით არის გაზრდილი. ანალოგიურად არის გაზრდილი საკრედიტო დაბანდების მაჩვენებლიც, 55 % და 75 %-მდე. სისტემური ბანკების აქტივების ზრდა დიდწილად განპირობა სიდიდით პირველი ორი ბანკის აქტივების მნიშვნელოვანმა  ზრდამ.

ცნობილია, რომ ოლიგოპოლიურ ბაზარზე ახალი ინვესტიციების შეღწევა თუნდაც შედარებით მცირე საკრედიტო დაწესებულებებში საგრძნობლად გაძნელებულია მონოპოლიურ მდგომარეობაში მყოფი მსხვილი ფირმების მიერ გავლენის სფეროების განაწილების გამო. ბაზარზე რამდენიმე მსხვილი ფირმის მეტოქეობა განაპირობებს იმის შესაძლებლობასა და აუცილებლობას, რომ ფასისმიერ კონკურენციასთან ერთად გამოყენებული იქნეს არაფასისმიერი კონკურენცია. თითოელი ფირმის ქცევა სულ უფრო მჭიდროდ დამოკიდებული ხდება კონკურენტი ფირმების რეაქციასა და დაცვაზე. ზოგადად მონოპოლისტური კონკურენცია გვხვდება მაშინ, როდესაც კომპანიები მომხმარებელს მსგავს, მაგრამ არა იდენტურ პროდუქტებს სთავაზობენ.

დიდწილად ამის შედეგია, რომ სისტემური ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელი 2015-2018 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება და  საშუალოდ სისტემის მთლიანი მოგების 85 %-ს შეადგენს. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორის კაპიტალზე მოგების უკუგების მაჩვენებელი(ROE), ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პოზიტიური ზრდის დინამიკას აჩვენებს და 2017 წლის ბოლოს 20% -ზე მეტი შეადგინა და ეს ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია, თუმცა მცირედით არის შემცირებული.

კრიზისებისას ბაზრის მაღალი კონცენტრაციის პირობებში, პრობლემები რომელიმე სისტემფორმირებად საკრედიტო დაწესებულებაში, ტოვებს არასაკმარის ბუფერს რისკების  სამართავად, მათ შორის კლიენტურის სხვა ბანკებში გადანაწილების და საბანკო ოპერაციების წარმოების თვალსაზრისით, პირველ რიგში ამ ბანკების შედარებით მცირე კაპიტალის გამო.

-მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს საბანკო სექტორში ასევე მაღალია საპროცენტო „სპრედიც“, რაც სერიოზულად ზემოქმედებს ფასწარმოქმნაზე და აბრკოლებს ბიზნესის განვითარებას?

საბანკო სექტორის მომგებიანობის შეფასების ერთ-ერთი მდგენელი ასევე არის საპროცენტო სპრედი.  შესაბამისად, თუ სხვაობა (სპრედი) სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის იზრდება ეს დადებით გავლენას ახდენს ბანკის მოგებაზე და პირიქით. ზოგადად, საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდასთან და ეკონომიკის განვითარებასთან ერთად საპროცენტო სპრედი მცირდება, რასაც თავის მხრივ, საბანკო სექტორის მომგებიანობაზე ნეგატიური ეფექტი აქვს ანუ ამცირებს მომგებიანობის მაჩვენებელს, როგორც აქტივებზე, ასევე კაპიტალზე.

მართალია, 2012 წელთან შედარებით შემცირდა საპროცენტო სპრედი,მაგრამ ამ ფაქტორმა საბანკო სექტორის მოგებაზე ნეგატიურ გავლენა ნაკლებად იქონია, მიუხედავად იმისა, რომ  ამ პერიოდის განმავლობაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 18.6%-დან 12.6%-მდე, ხოლო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 8.4%-დან 4.0%-მდე. შესაბამისად, საპროცენტო სპრედი 1.6 პროცენტული პუნქტით.

2017 წლის პირველი ნახევრის მიხედვით, ჩვენი საბანკო სექტორის საპროცენტო სპრედი საბაზო სესხებისა და დეპოზიტების განაკვეთების  მიხედვით(7.30), ევროპის და რეგიონის ქვეყნებს შორის მაღალია, როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე საშუალო მსოფლიო დონეზე(5.74%) კი. იგი ასევე მაღალია ვიდრე რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია, ჩვენზე მაღალი საპროცენტო სპრედით აზერბაიჯანის საბანკო სექტორი ფუნქციონირებს-8.11%. უკრაინაში ანალოგიური მაჩვენებელი-6.37 %, ხოლო სასომხეთში-5.39%-ს შეადგენდა. თურქეთში -4.66 %, რუსეთში-2.78 %, ლიტვაში-2.64% იყო.

რაც შეეხება არაბაზისურ საპროცენტო სპრედს, რომელიც იანგარიშება იპოთეკური სესხების და ვადიან დეპოზიტებს შორის საპროცენტო განაკვეთების სხვაობის შედეგად, 2017 წლის მიხედვით, ეროვნული ვალუტით საპროცენტო სპრედი ფიზიკურ პირებზე შეადგენდა ლარში 2.3%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში-4.9%-ს, იურიდიული პირებისათვის ლარში-2.6%, ხოლო უცხოურ ვალუტაში-5.6%-ს.

მიმაჩნია, რომ საბანკო სექტორის უხლოესი მომავლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც სწორედ საპროცენტო სპრედის შემდგომი შემცირება იქნება.

-კომერციული ბანკების მაღალი მოგება სავალუტო ოპერაციებიდან ასევე უკავშირდება მაღალ სპრედს ანუ სხვაობას ვალუტის ყიდვა-გაყიდვას შორის, რომელიც 5 თეთრს და მეტსაც უტოლდება. თქვენ ადრე აღნიშნეთ, რომ ქართული კომერციული ბანკები სათანადოდ ვერ აფასებენ სოციალურ და პოლიტიკურ რისკებს, რამდენად არის იგი ბიზნესისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი?

– მიმაჩნია, რომ მაღალი სპრედი, როგორც საპროცენტო, ასევე სავალუტო სპრედის შემთხვევაში, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა  როგორც  სოციალური კუთხით, ასევე წმინდა ბიზნეს ურთიერთობის თვალსაზრისით. რადგან აღნიშნული არა მხოლოდ  მოსახლეობისათვის, არამედ  ბიზნესისათვისაც არის მაღალი ხარჯების ფაქტორი, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს ფასწარმოქმნაზე ფასების ზრდის მიმართულებით ერთის მხრივ, და ზოგადად  ბიზნესის საქართველოში წარმოების განვითარებაზე.  ჩვენ ვხედავთ, რომ პერიოდულად საგარეო შოკები როგორ ზემოქმედებს ეკონომიკაზე და სავალუტო კურსზე.

თავის მხრივ, რყევები სავალუტო ბაზარზე, რასაც ემატება ეკონომიკის მაღალი იმპორტ დამოკიდებულება და სესხების დოლარიზაცია, აიძულებს ბიზნესს მარჟა უფრო მაღალ ნიშნულზე ჰქონდეს, რომ ზარალი თავიდან  აიცილოს. სხვა შემთხვევაში, ბიზნესს, თუ კონკურენციის გამო მარჟას დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნებს, ეზრდება რა დანახარჯები, ავტომატურად  ეზრდება ზარალზე გასვლის რისკიც, რადგან ლარის  გაუფასურება, არაპროგნოზირებადს ხდის ფასწარმოქმნის პროცესს. სწორედ არაპროგნოზირებადობაა სამომხმარებლო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მთავარი მიზეზიც.

ეს ფაქტორი კომერციულ ბანკებს ეხებათ იმდენად, რამდენადაც კომერციული ბანკების მიერ დაწესებული მაღალი სავალუტო სპრედი, მნიშვნელოვნად ზრდის ბიზნეს კომპანიების სავალუტო ოპერაციების ხარჯს, რადგან  სავალუტო კონვერტაციები სწორედ კომერციული ბანკების მეშვეობით ხდება. ეს თანაბრად ეხება როგორც მცირე საწარმოებს, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნეს სუბიექტებს მთლიანად. თუმცა შედარებით მცირე საწარმოების შემთხვევაში გაცილებით მტკივნეულად მიმდინარებს, ტრადიციულად ამ სექტორებში ბაზარზე მაღალი კონკურენციის გამო.

ცალკე თემაა მისი ზემოქმედება ეკონომიკაზე, ბიზნესის დაკრედიტების პრობლემებზე სხვა დროსაც გვისაუბრია. საბოლოო ჯამში ბიზნესის პრობლემები აისახება როგორც მომხმარებელზე, იწვევს როგორც ხელფასების შემცირებას, ასევე ეკონომიკაზე ნეგატიურად, რადგან  ბიზნესის დახურვის შემთხვევაში ნეგატიურად ზემოქმედებს დასაქმებაზე, ზრდის  უმუშევრობას და შესაბამისად, სოციალური რისკების ზრდით ამცირებს მოხმარებას.

როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განუვითარებლობის მიზეზებზე, ერთ-ერთი მიზეზად, სწორედ, ეს ფაქტორი უნდა მივიჩნიოთ.

Share