Home » ბიზნესი » “ლიბერთის” სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია – ვინ არის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი
"ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია - ვინ არის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი

“ლიბერთის” სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია – ვინ არის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის – „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, ბანკის სამეთვაყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი ირაკლი მანაგაძე გახდა.

„ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-ს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭო დატოვა გიორგი კალანდარიშვილმა; სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად კი ოთხი წლის ვადით აირჩიეს ირაკლი მანაგაძე, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტია. მანაგაძის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 3,750 აშშ დოლარის იქნება.

გიორგი კალანდარიშვილის სამეთველყურეო საბჭოდან გამოსვლის გადაწყვეტილება ბანკმა მას შემდეგ მიიღო, რაც ძალაში შევიდა „კომერციული ბანკების საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს 2018 წლის 01 ივნისიდან აღარ აქვს უფლება, ეწეოდეს აღმასრულებელ საქმიანობას.

„ასევე იმის გათვალისწინებით, რომ „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრმა, გიორგი კალანდარიშვილმა „ბანკის“ წესდებით გათვალისწინებული წესით მიმართა „სამეთვალყურეო საბჭოს“ თავმჯდომარეს, „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრობიდან გადადგომის შესახებ, დაკმაყოფილდეს გიორგი კალანდარიშვილის განცხადება და იგი სრულად გათავისუფლდეს „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობებისგან”,- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

რაც შეეხება მანაგაძის სამუშაო გამოცდილებას, 1998–2005 წლებში ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. მანამდე, 1991 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა; 1993 წელს საქმიანობა საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად გააგრძელა; 1993-1994 წლებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა

კაბინეტის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლისა და სამდივნოს უფროსის თანამდებობას იკავებდა; 1994 წელს მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სამდივნოში – ჯერ სახელმწიფო მრჩევლად, შემდეგ კი წამყვან სახელმწიფო მრჩევლად.

მანაგაძეს აქვს უცხოეთში მუშაობის გამოცდილებაც. კერძოდ, 1994 წლიდან 1996 წლამდე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზე, 1996-1998 წლებში კი – მსოფლიო ბანკის მეოთხე ევროპული დეპარტამენტის მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების ინსტიტუციონალური სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. გარდა ამისა, გარკვეული 2005 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემრის ჩათვლით ის იყო EBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსის მრჩეველიც პოლიტიკის საკითხებში. 2017 წლის იანვრიდან დღემდე კი მსოფლიო ბანკში კონსულტანტად მუშაობს.

Share